თეონა ვეშაგური
03.11.2022

ქვეყანას ნამდვილად სჭირედება დეოლიგარქიზაცია და ის განხორციელდება იმ ხალხის მიმართ ვინც „ხალხის ხარჯზე მიიღო სისხლიანი ფული, მილიონები და მილიარდები", მინიშვნელოვანია, რომ მათ არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება, აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„გამოჩნდა, რომ სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგი, მათი პირდაპირი სუბიექტური ინტერესია, რომ ძალაუფლება ოლიგარქებმა დაიბრუნონ. ხომ იცით, ვინ არიან ესენი? - სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე, არ დაუჭირეს მათ მხარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ ამ კანონპროექტის განხილვას და მიღებას გავაგრძელებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ იმ ოლიგარქებმა, რომელმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები და მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მოლდოველებიც უკრაინული კანონის კოპირებას გეგმავენ.

„რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, უმაღლეს დონეზე მიღებული პირადი კომუნიკაციის საფუძველზე. ვიცით, რომ ისინი ასევე, გეგმავენ უკრაინული კანონის მოლდოვაში გადატანას. გამომდინარე იქიდან, რომ ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური, ოლიგარქი ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში, ოლიგარქი არის ოლიგარქი. შესაბამისად, დეფინიცია არის უნივერსალური. აქედან ამომდინარე, ის დეფინიცია, რომელიც უკრაინაში არის მიღებული, საქართველოსთვისაც რელევანტური იქნება. სწორედ ამ ლოგიკით, ჩვენც გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი და ასევე, მოლდოველები გეგმავენ უკრაინული კანონის კოპირებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვართ დეოლიგარქიზაციის და იმის მომხრე, რომ ოლიგარქებმა ძალაუფლება არ დაიბრუნონ. ოპოზიციას, პირიქით, აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ სწორედ ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამას ჩვენ პირველ რიგში, პოლიტიკურად არ დავუშვებთ," - განაცხადა კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას, რომელიც ხუთშაბათს პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.

კობახიძე სამი პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის", „ლელოსა" და „დროას" შესაძლო გაერთიანების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მითუმეტეს, როდესაც საუბარია „ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზე".

„ეს არის რამდენიმე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან - საუბარია ვაშაძეზე, ზურა ჯაფარიძეზე, ხოშტარიაზე. თუ ქართულ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, სწორედ ეს ადამიანები არიან, ეს გვარები გვახსენდება. მათი შეკრებით ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრაიმერისის გამართვის იდეას, კობახიძე ამბობს, რომ „ფანჩატური და პრაიმერიზი ერთმანეთთან შეუთავსებელია".

„პრაიმერიზი არის მაღალი მატერია. ფანჩატური და პრაიმერიზი ერთმანეთთან შეუთავსებელია. უნდათ, რომ ფანჩატურში ჩაატარონ პრაიმერიზი, რაც წარმოუდგენელია, შესაბამისად, ამას სერიოზულად ვერ შევაფასებთ", - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი ნათელია და წესით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, რა შეფასებასაც გავაკეთებ როგორც იურისტი ამ საქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხდება რა - გვარამიამ იცოდა, რომ უნდა გადაეცა საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე კანონიერი მფლობელისთვის, იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. წინასწარ იცოდა იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს „რუსთავი 2". ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს მისი ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს, ეს დაადგინა სასამართლომ. ყველაფერი არის ხელის გულზე და ყველაფერი არის ნათელი. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გვარამიას შეწყალების საკითხს, კობახიძის შეფასებით, თუ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

„მე აქაც ვერ ჩავერევი. მე უბრალოდ გაგახსენებთ, რა სიტყვებით მოიხსენიებდა ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს. სამი სიტყვა გამოიყენა, პირველს გაგახსენებთ - ეს იყო რეზიდენტი, მეორეს და მესამეს არ გავიხსენებ ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე. როდესაც ამის შემდეგ ჩვენ თეორიულად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს ნიკა გვარამია, მაშინ გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ, ოდნავადაც არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე მგონი, ეს ასე არ იქნება, მინიმალური პატივისცემა მაინც იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოირიცხება შეწყალება", - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი, პირიქით, ოპოზიციაზე ზეწოლისთვისაა გამიზნული და მას მთავრობა რეპრესიებისთვის გამოიყენებს.

„ეს კანონპროექტი არ პასუხობს გამოწვევებს, რაც საქართველოს აქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ქართულ ოცნებას" არ უნდა 12 პუნქტის შესრულება და ამ კანონს პირიქით, რეპრესიისთვის გამოიყენებს, რაც მათ არაერთხელ უთქვამთ. ყველა საერთაშორისო შეფასებასა და ანგარიშში ივანიშვილის, როგორც დიდი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანის კავშირები და შერწყმა სახელმწიფო ინსტიტუტებთან არის ნიშანდობლივი, შესაბამისად, მათი კანონპროექტი იქნება მხოლოდ ფასადური და ოპოზიციის დასჯის ბერკეტი. ჩვენი ფრაქცია მუშაობს კანონპროექტზე, სტარდარტებზე შეთანხმების პროცესი გაგრძელდა. ჩვენ გვინდა, რომ იყოს შეთანხმება და წარდგენილი ეს კანონპროექტი ყველასთან, არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ვფიქრობთ დიდი პრეზანტაციის გაკეთებას მედიისთვის, ასე რომ, ჩვენ დავარეგისტრირებთ იმ კანონს, პრეზენტაციის და სტანდარტების შეთანხმების შემდეგ, რომელიც იქნება რეალურად დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო ისტორიული რეზოლუცია, რომელიც რეალურად აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში და „ქართულმა ოცნებამ" ამას ხმა არ მისცა," - თქვა მან.

„ამ ფაქტს ვერსად წაიღებთ, რადგან 2008 წელს, დიახ, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და ჩვენ გვახსოვს ყველას პუტინის, ამ ტერორისტული რეჟიმის მმართველის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. ეს დადასტურებული აქვს არა მხოლოდ ოპოზიციას ან მიხეილ სააკაშვილს, ეს დადასტურებული აქვს, მათ შორის კონდოლიზა რაისს თავის მოხსენებაში და მემუარებში", - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს მიმართა, „როგორ აპირებს, აუხსნას ყირიმის პლატფორმის მონაწილეებს, რატომ არ დაუჭრა მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას".

„ბატონი შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, მიდის ყირიმის პლატფორმაზე, საპარლამენტო ასამბლეაზე. ბატონო შალვა, მე ვიცი, რომ თქვენ იქ გექნებათ მოხსენება და მართლა მაინტერესებს, თქვენს კოლეგებს რას ეტყვით, რატომ არ დაუჭირეთ მხარი რეზოლუციას", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

 

 

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×