თამთა ჩაჩანიძე
07.11.2022

დასავლეთი ცალსახად მიიჩნევს, რომ მიმდინარე საომარ კონფლიქტში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რადგან რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ეს მხოლოდ კიევის კატასტროფა არ იქნება და საფრთხე სხვა ქვეყნებსაც დაემუქრება. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საბოლოო მიზანი არის ის, რომ უკრაინამ ტერიტორიის 100% მთლიანად დაიბრუნოს. სხვა შედეგით საომარი მოქმედებები ვერ დასრულდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, საბოლოო შედეგი რუსეთ-უკრაინის შეთანხმებით უნდა დადგეს, თუმცა, ამას საფუძვლად უნდა დაედოს, რომ რუსეთი იძულებული იყოს დათმოს ის, რაც მანამდე სამუდამოდ მოგებულად მიაჩნდა.

„არაერთხელ ითქვა, რომ საბოლოო შედეგი რუსეთისა და უკრაინის შეთანხმების საფუძველზე უნდა დადგეს, მაგრამ, ამ შეთანხმებას საფუძვლად ის უნდა ედოს, რომ რუსეთი იძულებული იყოს კომპრომისებზე წავიდეს და დათმოს ის, რაც მანამდე სამუდამოდ მოგებულად მიაჩნდა. დაახლოებით ამგვარია ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დასრულდება.

„(თუ პოზიციები 24 თებერვლამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა), ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ჯარი პრაქტიკულად ყველა იმ ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს, რომელიც დაკავებული აქვს, ეს კი ნიშნავს, რომ კონლიქტი უნდა დასრულდეს და დასრულდეს უკრაინის გამარჯვებით.

„კონფლიქტი გაყინული მაშინ იქნებოდა, ამ სიტუაციაში, რა მდგომარეობაც ახლა ფრონტზეა, ცეცხლის შეწყვეტის და ომის აღარ გაგრძელების თაობაზე შეთანხმება რომ დამდგარიყო. ისევე, როგორც ეს საქართველოს აფხაზეთის და თავის დროზე ყარაბაღის შემთხვევებში მოხდა. ასეთი გადაწყვეტა არავის არ აწყობს, უკრაინა ამაზე არასოდეს არ წავა და ბუნებრივია, რომ ასეთი შედეგით ეს საომარი მოქმედებები ვერ დასრულდება", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთის საბოლოო მიზანია, უკრაინის ტერიტორიის 100% აღდგეს და დაუბრუნდეს 1991 წლის მდგომარეობას, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

„დასავლეთის საბოლოო მიზანია, რომ უკრაინის ტერიტორიის 100% მთლიანად აღდგეს და შესაბამისად, სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებობდეს, რომელიც უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიიღო. მიმდინარე ომი არის არა მხოლოდ უკრაინას და რუსეთს, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„დასავლეთი იძულებული გახდა ამ ომში მონაწილეობა ირიბად მიეღო, რადგან რუსეთთან დიალოგი რთულია. რუსეთი იმის მაგალითია, თუ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები როგორ ირღვევა და სუვერენული ქვეყნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რა ანტიჰუმანურ პოლიტიკას ახორციელებს. ეს პრეცედენტი დასავლეთის მხრიდან აღმოფხვრილი უნდა იქნას, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

„რუსეთი ანტიდასავლური ძალაა, ანტიდასავლურ რეჟიმებთან თანამშრომლობს და ის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს მსოფლიოს უქმნის საფრთხეს.

„დასავლეთი აცნობიერებს იმას, რომ რუსეთის მიერ შექმნილი ტერიტორიული პრობლემა ყველა ქვეყანაში უნდა მოგვარდეს და სახელმწიფოებს ტერიტორიები დაუბრუნდეს. დღეს მსოფლიო განვითარების მთავარ დამამუხრუჭელ ფაქტორს რუსეთი წარმოადგენს", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა არასათანადოდ შეაფასა და დიდი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. მანვე აღნიშნა, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს.

„თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უკრაინის კატასტროფა არ იქნება. თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა",- განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა გაგრძელდება.

ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ: „უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ნატოს დამარცხებას ნიშნავს და ეს არ მოხდება".

უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე, საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცის მტერი რისთვის ემზადება, რასაც უკრაინა უპასუხებს და მიწის გათავისუფლებას გააგრძელებს.

„ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ესაა ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები. ცალკე განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა - უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×