ელზა პაპოშვილი
14.11.2022

მას შემდეგ რაც რუსები ხერსონიდან გავიდნენ, ახლა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე  ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკია. ამ რეგიონში ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა და მთელს ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას, რუსები მასშტაბური ზარალი აქვთ , მაგრამ, ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა.

მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების საუკეთესო დანაყოფები და საცეცხლე საშუალებები ახლა ბახმუტზეა კონცენტრირებული და ზოგადად, დონეცკის ოლქში. 

თუკი ადრე ამას ხერსონისკენ აკეთებდნენ, ახლა უკვე ამ მხარეს გადაჯგუფდნენ. დონეკცის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქიდან უკვე რუსებს შესაძლებლობა ექნებათ სლავიანსკისკენ და კრამატორსკისკენ გასვლა. ამ დროისთვის რუსეთს დონეცკის ოლქის დაახლოებით 57 პროცენტი აქვს აღებული.

კიდევ ერთი ოლქი, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად მიიერთა, ზაპოროჟიეა. ოკუპანტები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ და მიზანმიმართულად აზიანებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ენერგოსისტემას. 

რუსებს ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი აქვთ დაკავებული, თუმცა ადმინისტრაციულ ცენტრში შესავლას ვერ ახერხებენ. ამიტომ ქალაქი ზაპოროჟიე იბომბება. ეს ოლქი უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , ვინაიდან სწორედ აქ მდებარეობს ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური.

დღეს დილით ოდესის ოლქის ერთ-ერთი დასახლება დაიბომბა რასაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ჯამში უკრაინაზე ოთხი სარაკეტო და 16 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.  

ხოლო ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ არ არის გამორიცხული, ხერსონში გამოთავისუფლებული ძალები რუსეთმა ფრონტის სხვა მიმართულებით გადაისროლოს. 

უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო. ლუჰანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქები - ეს არის ახლა ის რეგიონები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ლუჰანსკის ოლქი რუსეთს მცირე ხნით სრულად ქონდა ოკუპირებული, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოახერხეს გარკვეული დასახლებების დაბრუნება - უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოლქის 11 დასახლებაზე . რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ფრონტის ხაზთან მდებარე ოკუპირებულ სოფლებში დამპყრობლებმა ადგილობრივი მოსახლეობა სახლებიდან გამოასახლეს და მათ სახლებში დასახლდნენ.   

ოკუპანტების მიერ ჩადენილ 400-ზე მეტ ომის დანაშაულზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის არმიამ დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლო. უკრაინის პრეზიდენტი ხერსონში ვითარებას კვლავ ძალიან საშიშად აფასებს.

„მადლობას ვუხდი ჩვენს მეთაურებს, დაზვერვას და ყველას, ვინც მონაწილეობს ჩვენი შემდეგი ნაბიჯების შემუშავებისთვის. ეს გათავისუფლების ნაბიჯებია. ხერსონის რაიონში 226 დასახლებაში წესრიგის სტაბილიზაცია და აღდგენა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები, ამ დროისთვის. 

„აღვადგენთ კომუნიკაციას, ინტერნეტს, ტელევიზიას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს ნორმალური ტექნიკური შესაძლებლობები ელექტროენერგიისა და წყალმომარაგებისთვის. ჩვენ დავაბრუნებთ ტრანსპორტსა და ფოსტას, სასწრაფო დახმარებასა და ნორმალურ მედიცინას. რა თქმა უნდა, ხელისუფლების, პოლიციისა და ზოგიერთი კერძო კომპანიის მუშაობის აღდგენა უკვე იწყება. მადლობას ვუხდი ბიზნესს, რომელიც ერთ-ერთი პირველია, ვინც მონაწილეობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში.

„არ დაგავიწყდეთ, რომ მდგომარეობა ხერსონის რეგიონში კვლავ ძალიან საშიშია. პირველ რიგში, ეს არის ნაღმები. სამწუხაროდ, ნაღმების გაწმენდისას ჩვენი ერთი გამნაღმველი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიაზე მიტოვებული რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულთა დაკავება და დივერსანტების განეიტრალება. გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული ომის დანაშაული, ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები.

„მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ჩვენ უზრუნველვყოფთ მტრის მომარაგების ჯაჭვების, საბრძოლო მასალის საცავებისა და მტრის შტაბის განადგურებას. ოკუპანტების პოტენციალი ყოველდღე უნდა შევამციროთ – უქმე დღეების გარეშე! ეს გადაარჩენს ჩვენი ხალხის სიცოცხლეს," - აცხადებს ზელენსკი.  

რაც შეეხება რუსეთის სავარაუდო ქმედებები ხერსონის დეოკუპაციის შემდეგ, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ეს ომი არ არის სწრაფ ცვლილებებზე და ეს არის ომი, სადაც ორივე მხარე ერთმანეთის გამოფიტვაზეა. 

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ რუსებმა ხერსონის დატოვებით ტაქტიკური მანევრირება განახორციელეს, რადგან ზამთარში მისი მომარაგება და შენარჩუნება გაუჭირდებოდათ. ამიტომ ახლა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადაჯგუფდნენ, სადაც უკრანიელებს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიან. ხერსონის დეოკუპაცია ერთის მხრივ კარგია, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინის შეიარაღებულ ჯარს ნაკლები მანევრირების საშუალებას დაუტოვებს. 

„გენერალმა სუროვიკინმა ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, ამისთვის მას პოლიტიკური ხელმძღვანელობის დარწმუნება დასჭირდა, რომ მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადმოსულიყვნენ. მდინარე დნიპრო სერიოზული ბუნებრივი დაბრკოლებაა. მისი ფორსირება თითქმის შეუძლებელია. 

„ამიტომ შავი ზღვიდან ქალაქ ზაპროჟიემდე სულ ორი გადასასვლელია, ეს არის ავტონოვსკის ხიდი და ე.წ. ნოვოკახოვკის ხიდი, რომელიც კაშხალი უფროა. დნიპროს მარცხენა მხარეს განლაგებულ რუსებს, გაცილებით ნაკლები ძალა დასჭირდებათ უკრაინელების შესაკავებლად, რათა ისინი მეორე ნაპირზე ვერ გადავიდნენ. 

„ანუ, ამ მიმართულებაზე დნიპრო რუსების მოკავშირე გახდება. რა თქმა უნდა, ამის გამო უკრაინელები უნდა გადაჯგუფდნენ ზაპროჟიეს, ლუგანსკის ან სხვა მიმართულებაზე. ალბათ ზაპროჟიიდან უკრაინელების მხრიდან 3 მიმართულებით განხორციელებულ შეტევას ვიხილავთ. ეს იქნება ზაპროჟიე - მელიტოპოლი, ზაპროჟიე - ვოლნოვახა, ზაპროჟიე- ენერხოდალი, ამას დრო დასჭირდება, რომ გადაჯგუფდნენ. ასევე, სხვა სახის ტექნიკაა საჭირო. 

„რუსები ცდილობენ თავდაცვითი ოპერაცია ასეთი მანევრებით დროში გაწელონ და ტერიტორიების რაღაცა ნაწილი მაინც შეინარჩუნონ. თუკი რუსები სამხრეთს ყირიმის ჩათვლით,  დროზე დატოვებენ და აღმოსავლეთში გადაეწყობიან, ლუგანსკის და დონეცკის შენარჩუნებას უფრო დიდი ხნით შეძლებენ. 

„თუკი ამას დიდხანს გაწელავენ, ადამიანური რესურსის  ნაკლებობა მალევე შეემჩნევათ. ყველაზე დიდი პრობლემა დღემდე რუსებს რაც აქვთ, ეს ადამიანური რესურსია. ამიტომ გაზაფხულამდე ალბათ რაიმე კონტრშეტევებისგან რუსები თავს შეიკავებენ. კარგი ისაა, რომ უკრაინა ზამთარს ხერსონის დაბრუნებით პოზიცივით ხვდება და ეს ჯარს წაახალისებს“, - ამბობს პოლკოვნიკი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×