ელზა პაპოშვილი
20.11.2022

მთავარი ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილსა და ნიკა მელიას შორის გაიმართება. ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი ჩალაძის მიერ კანდიდატურის მოხსნას ანალიტიკოსები დავით კეზერაშვილის ფრთასა და სააკაშვილის ოჯახს შორის გარკვეული გარიგების შედეგად მიიჩნევენ. თუმცა, მათი შეფასებით, ხაბეიშვილი მელიას სრულფასოვან კონკურენციას ვერ გაუწევს.

საგანგებო ჯგუფმა, რომელიც ენმ-ში არჩევნების ახალი ფორმატის შესადგენად შეიქმნა, როგორც ჩანს, მუშაობა უკვე დაასრულა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბაჩო დოლიძემ კვირას განაცხადა, პოზიციები შეჯერებულია ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების თაობაზე. მისივე ცნობით, ენმ-მ ამისთვის უკვე შეარჩია რამდენიმე კომპანია.

„ერთ-ერთ ვერსიად ვიყენებთ „ბლოკჩეინის“ პლატფორმას. იმისათვის, რომ ხმის მიცემის პროცესი და მონიტორინგი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე დაცული ამ თვალსაზრისით. რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ ის აზრიც გამოთქვა, რომ ჩატარებულიყო წინა თავმჯდომარის არჩევის პრინციპით, „ფეისბუქით“. აღნიშნულმა აზრმაც გაიჟღერა. შესაბამისად ვაპირებთ, რომ პოლიტსაბჭოზე ორივე საკითხი გავიტანოთ", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ხელისუფლებაში კი ფიქრობენ, რომ არჩევნებში კეზერაშვილის ფული გაიმარჯვებს. მმართველი პარტია „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობის შეჯიბრად მიიჩნევს და აცხადებენ, რომ სიტუაცია პარტიის დასასრულს მოასწავებს.

„არის ორი ძირითადი დაჯგუფება - კეზერაშვილი-მერაბიშვილის დაჯგუფება და მელიას დაჯგუფება. მეტი ფული არის კეზერაშვილი-მერაბიშვილის მხარეს და აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ისინი გაიმარჯვებენ. შესაბამისად, მოსალოცი ამბავია - ხაბეიშვილი გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, რაც იქნება სრული ლუსტრაცია ამ პოლიტიკური პარტიის, საბოლოოდ აჩვენებენ საკუთარ სახეს. 

„ეს არის არა არჩევნები ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, არამედ ეს არის მელიას გადაყენების პროცესი, რომელსაც სათავეში უდგას ოლიგარქი კეზერაშვილი თავისი ოლიგარქიული გავლენებით“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ თუკი არჩევანი ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის დადგა, მაშინ ნათელია, რომ გამარჯვება მელიას მხარეს იქნება. მათი აზრით, ხაბეიშვილი ჩვეულებრივ ქუჩის აქტივისტია, რომელიც არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის და არც თავად პარტიის ბევრი წევრისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს. ასევე ყველამ კარგად იცის, რომ ქუჩის აქციებით სააკაშვილის გათავისუფლება წარმოუდგენელია, რადგან ხელისუფლება ამაზე არ წავა. თანაც ხალხი ქუჩაში არ გამოდის. 

რატომ ხაბეიშვილი 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გაუგებარია რატომ დავიდა დავით კეზერაშვილის გემოვნება ლევან ხაბეიშვილამდე. როგორც ის „რეზონანსთან“ აცხადებს, ხაბეიშვილი ჩვეულებრივი ქუჩის აქტივისტია, რომელსაც არანაირი პოლიტიკური წონა და პარტიის მართვისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს. თანაც გაუგებარია მისი ლოზუნგები, რომელიც პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხება.

„ძალიან გაუგებარი და პოლიტიკურად გაუთვლელი გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ცდილობენ ხაბეიშვილს ამოეფარონ, რადგან ის პოლიტიკურად და სამართლებრივად მათნაირი გასვრილი არ არის, მაგრამ ამით რას მოიგებენ, ბუნდოვანია. საქმე ისაა, რომ ხაბეიშვილის პერსონა არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც თავად ენმ-ის შიგნით ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მას არ აქვს არანაირი ქარიზმა, რომლითაც ასევე სააკაშვილის მომხრეების გადაბირებას შეძლებს. 

„ეს ახალგაზრდა იმპულსური, უინტელექტო და პოლიტიკურად ძალიან შეუმდგარია. მის გვერდითაც მასავით ქუჩის ხულიგნები დგანან. დანარჩენი, რასაც ვუყურებ, მელიას გევრდით ის ძირითადი ფრთა დგას, რომელიც ენმ-ის მამოძრავაბელი სახეა. ძველი ვეტერანი პოლიტიკოსები ნიკა მელიას მხარეს არიან. ამიტომაც ეჭვი მაქვს და ვვარაუდობ, რომ მელიას გამარჯვების მეტი შანსები აქვს. თანაც მიხეილ სააკაშვილის ნახვის შემდეგ კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ საააკშვილი ფაქტიურად მელიას მხარს უჭერს. კობა ნაყოფია თავისი ფულით და თუნდაც რუსული კავშირებით არ არის ხელწამოსაკრავი კაცი. ამიტომაც მელიას მხარესაც ბევრი ისეთი ადამიანი დგას, რომლებსაც პარტიაში სიტყვა ეთქმის“, - ამბობს საყვარელიძე.

რატომ თქვა უარი დეკანოიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბიარძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ლევან ხაბეიშვილის პერსონა რამდენიმე მიზეზის გამო შეირჩა. მისი თქმით, კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფრთას თავის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენა სურდა, მაგრამ მისგან უარი მიიღეს.

„ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ კანდიდატურაზე ხატია დეკანოიძის ხილვა, მაგრამ ეს ქალბატონი იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ვინმეს ჰგონია. საქმე ისაა, რომ დავით კეზერაშვილმა და მერაბიშვილმაც კარგად იციან სააკაშვილის - გარეშე ეს პარტია არაფერს წარმოადგენს. ამიტომაც მისი სახელი მაღლა დროშასავით აქვთ აღმართული და როგორც ოჯახს, ასევე მის მხარდამჭერებს ჰპირდებიან, რომ ახალი პარტიის თავმჯდომარის მთავარი საზრუნავი სწორედ ეს იქნება. არადა ძალიან დიდი ტყუილია და ამის გამო შესაძლოა ხაბეიშვილმა პოლიტიკური კრახიც კი განიცადოს. 

„სააკაშვილის დახსნა ქუჩის აქციებით, გამოსვლებით და ა.შ. არის შეუძლებელი. მას სანამ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს, ან არ შეეშინდება და დარწმუნდება, რომ ის მართლაც ცუდად არის, მისი გათავისუფლება შეუძლებელია.  

„სავარაუდოდ, ეს ქალბატონ დეკანოიძეს კარგად აქვს გაანალიზებული, ამიტომაც ამ თამაშში შესვლა არ სურს. მეორეც, პარტიაში არსებობენ ადამიანები, რომელბისთვისაც მერაბიშვილი და კეზერაშვილი დღემდე მიუღებელი არიან. ამიტომ ახლა მიდის ბრძოლა ორი არჩევანისთვის - სააკაშვილი ან კეზერაშვილის ფული. ვინ საითაც გადაიხრება, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ნაყოფიას განცხადება კი ბატონო, ერთგვარი გზავნილია, მაგრამ სანამ ბოლომდე თავად სააკაშვილი არ გააკეთებს ამაზე განცახდებას, დამაჯერებლობა არ ექნება. 

„მე ვფიქრობ ერთ რამეს - ჩალაძის მიერ კანდიდატურის მოსხნა იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა კეზერაშვილისგან მიიღო გარანტია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტი სააკაშვილის ციხიდან დახსნა იქნება“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×