ია აბულაშვილი
02.12.2022

როდის და რა ფორმით ჩატარდება შიდაპარტიული არჩევნები ბანაკებად დაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში," შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა იმედი აქვთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესის შეფასებისას არ გამორიცხა, რომ არჩევნები შეიძლება საერთოდ არ ჩატარდეს და თუ ჩატარდება, მოგების შანსი აქვს ნიკა მელიას, ხაბეიშვილის გამარჯვება კი პარტიის დაშლას და დაქუცმაცებას გამოიწვევს.

იგორ კვესელავა: „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რაც ხდება, კანოზომიერია. პარტიის იდეოლოგია არ შეცვლილა, ორივე მხარე ინარჩუნებს ერთიან იდეოლოგიას, მაგრამ ტაქტიკური ხაზი შეიცვალა. მოვლენების ამგვარად განვითარება გამოიწვია იმან, რომ პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, პატრონი და ჭკუის დამრიგებელი ციხეში ზის. პარტიაში დაპირისპირება კი დიდი ხანია დაიწყო, მაშინ, როცა საკითხი დადგა, ვინ გახდებოდა თავმჯდომარე - მელია თუ ვარშალომიძე. ვარშალომიძის მოსვლა ნიშნავდა მიშას მოსვლას, მაგრამ „ნაცმოძრაობის" უმრავლესობამ მელიას თავმჯდომარეობა არჩია.

მიშას აღარ ჰქონდა სრული მხარდაჭერა პარტიაში. მართალია, ამის გამო საპროტესტო მიტინგები არ გაუმართავს, მაგრამ პირველი დიდი ბზარი მაშინ გაჩნდა. მელიამ შექმნა თავისი გუნდი, ჰყავს მხარდამჭერები შინ თუ გარეთ, მიიღო პოლიტიკური გამოცდილება და ა.შ. ახლა კი მას გაუჩნდა კონკურენტი ხაბეიშვილის სახით. ხაბეიშვილი არის მებრძოლი, პრაქტიკოსი ადამიანი, მაგრამ გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, რადგან არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. ამ ფონზე, გამარჯვების მეტი შანსი აქვს მელიას. ხაბეიშვილის მოგების შემთხვევაში შეიძლება პარტია დაიშალოს და დაქუცმაცდეს, რადგან მელიას ჯგუფი გამოეყოფა და შეიძლება ახალი პარტია შექმნან.

„რეზონანსი": ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პარტიაში შიდა არჩევნების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ, არჩევნებამდე კი მელია და ხაბეიშვილი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით ერთმანეთს აქციების გამართვაში ეჯიბრებიან. 3 დეკემბერს ხაბეიშვილი „ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს, მელია კი სასამართლოს ვერდიქტს ელოდება და უარის შემთხვევაში გადამწყვეტ ბროლას იწყებს. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას?

ი.კ: „ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს იმის რესურსი, რომ ფართომასშტაბიანი აქციები მოაწყოს. აქციები არაფერს არ შეცვლის და თანაც გახლეჩილები არიან. მიშამ ეს ძალიან კარგად იცის და ციხიდან მესიჯებს აგზავნის, პოლიტიკასთან არ დამაკავშიროთო. მიშას გაშვება-არგაშვება მთლიანად ბიძინას ნებაზეა დამოკიდებული. უნდა, გაუშვებს საზღვარგარეთ, უნდა - არა. დღეს რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, სულ ბიძინას სცენარია. ერთი დიდი პოლიტიკური ქვაბი დგას და ამ ქვაბში იხარშება ოპოზიციაც და პოზიციაც, ხოლო ბოლომდე ვინ მოიხარშება, ძვლებამდე, ჯერ უცნობია.

კარგად მახსოვს ბიძინას სიტყვები, ახალი ძალა ისევ „ქართული ოცნების" წიაღში შეიქმნებაო, ხელისუფლებაში მოსვლამდე კი ამბობდა, როგორ გაცხოვროთ, ამის პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი მაქვსო. მინიმუმი იყო „ნაცმოძრაობის" დაშლა, რომელსაც ასრულებს, სად არის პროგრამა მაქსიმუმი, ამაზე ბიძინას არავინ არაფერს ეკითხება. რაც შეეხება დღეს ყველაზე აქტუალურ თემას, „ნაცმოძრაობის" შიდაპარტიულ არჩევნებს, მოვლენები ისე ვითარდება, რომ მრჩება განცდა, დიდი ალბათობით, ეს არჩევნები შეიძლება საერთოდ არ ჩატარდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×