ელზა პაპოშვილი
24.01.2023

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებამდე 3 დღით ადრე, კანდიდატები ერთმანეთს ახალ ბრალდებებს უყენებენ. ფარული გავლენები, ჩრდილოვანი მმართველობა პარტიაში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედება, მდიდრული საჩუქრები პარტიის ლიდერებისთვის - ეს არის საკითხები, რომელიც  პარტიაში დავის ახალი საგანი ხდება. ასევე გაირკვა, რომ პარტიის გენმდივანი და მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერი კობა ნაყოფია ბოლო დღეებში საზღვარგარეთ რამდენჯერმე შეხვდა მელიას მთავარი ოპონენტის, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ დავით კეზერაშვილს. საგულისხმოა, რომ თავად მელიას ინფორმაციით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ნაყოფია გენმდივანი აღარ იქნება და ამ თანამდებობას ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე დაიკავებს.

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავად ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ამბობს, რაზე ისაუბრეს კეზერაშვილმა და ნაყოფიამ. მანამდე კი ნიკა მელია აცხადებდა, რომ კეზერაშვილი პარტიიდან ნაყოფიას გაშვებას ითხოვდა.

დაპირისპირების მიზეზია ასევე  დავით კეზერაშვილის მიერ  ნიკა მელიასთვის ნაჩუქარი ავტომანქანა. მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი ამ მანქანის ჩუქების ფაქტზე სამშაბათს მოკვლევა დაიწყო.

ყოველივე ამის ფონზე ენმ-ის საარჩევნო კომისია ახლა ბოლო დეტალებს ათანხმებს. 30 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა კიდევ ერთ კანდიდატს, ნონა მამულაშვილს აქვს ინიციატივა, თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, უნდა დარჩეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. 

ხაბეიშვილის ბრალდებები, მელიას პასუხი და აუდიტის მოკვლევა

„რამდენიმე კვირის წინ, კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდა, მოუყვეს საზოგადოებას რაზე იყო საუბარი“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

იგი მელიასგან ასევე ითხოვს, რომ საზოგადოებას მოუყვეს, რატომ იყო წინააღმდეგი 2020 წლის არჩევნებზე პარტიიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.

„როცა ლაპარაკობს, კეზერაშვილმა რომ მოსთხოვა კობა ნაყოფიას გადადგომა, მაშინ კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ აგერ რამდენიმე კვირის წინ შეხვდა დავით კეზერაშვილს ორჯერ, რაზე ისაუბრეს, ეს მოუყვეს საზოგადოებას და მეორე, რატომ იყო წინააღმდეგი მიშა სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან ყოფილიყო პრემიერმინისტრის კანდიდატი და რატომ იმუქრებოდა პარტიიდან წასვლით. 

„მე, ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს, გვქონდა კონკრეტული პრეტენზიები პარტიის ჯერ კიდევ  მოქმედ თავმჯდომარესთან. პირველი - რატომ ასეირნებდა ასიათასობით ადამიანს რუსთაველზე და რატომ არ მოქმედებდა 2022 წელს. ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიშა სააკაშვილის და მის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ ამ სკამს... რატომ იყავი წინააღმდეგი მიშა სააკაშვილის პრემიერობის?! რაც შეეხება მანქანის ჩუქებას, ფუფუნების საგნებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, ეს მას აწუხებს. ვინ აჩუქა, ვინ უთხრა - ეს არაა ჩემი საქმე, არც მაინტერესებს“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.   

„საჭიროება არ გვქონდა, თავისი სურვილით გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა... „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია", - ასე ეხმაურება მელია გავრცელებულ ინფორმაციას ძვირადღირებულ საჩუქრებთან დაკავშირებით.  

„დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

ბოლოს ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში. აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები.

ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“, - წერს მელია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი უკვე დაიწყო მოკვლევა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ავტომობილი აჩუქა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებენ უწყებაში.

რაზე შეიძლება ესაუბრათ კეზერაშვილსა და ნაყოფიას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რთული სათქმელია კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს რა თემებზე სასაუბროდ შეხვდა, მოხდა თუ არა ნაყოფიას გადაბირება და მელიას წინააღმდეგ თუ რამე კოალიცია იქმნება, ეს არჩევნების მერე უფრო  გამოჩნდება, როცა შედეგები გახდება ცნობილი. 

„დავუშვათ ნაყოფია და კეზერაშვილი რაღაცაზე შეთანხმდნენ და მელიას წინააღმდეგ რაღაც დამანგრეველი კომპრომატი კიდევ არსებობს, ცხადია, ის  ამ არჩევნებს წააგებს. მე მაინც მგონია, რომ მსგავსი კომპრომატები მის წინააღმდეგ თუ კიდევ არსებობს, აქამდე გამოაჩენდნენ. ან არჩევნების დღესაც შეიძლება ელოდოს. ალბათ ნაყოფია თავის მხრივ კეზერაშვილთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. არ გამოვრიცხავ პარტია  სამ ნაწილადაც კი გაიყოს - ხაბეიშვილის, მელიას და სააკაშვილის მომხრეებად. თუმცა, მაინც მგონია, რომ ორ ნაწილად გაყოფა გარდაუვალი იქნება.

„რაც შეეხება ძალთა თანაფარდობას პარტიაში, თუ ნაყოფიაც ხაბეიშვილის მხარეს გდაიხარა, მაშინ მელიას გამარჯვების რა შანსი აქვს, არ ვიცი. იმ გინების აუდიო ჩანაწერის შემდეგ მის მხარეს წესით „მიშისტები“ არ უნდა იყვნენ. ამიტომ ხაბეიშვილის შანსი რომ უფრო გაიზრდება, ამის ალბათობა დიდია. 

„ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება გამარჯვებული მხარის ლეგიტიმაციასაც. დამარცხებულმა წაგება უნდა აღიაროს. არ უნდა გაჩნდეს ეჭვი, რომ რაღაც გაყალბებულია. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ უფრო დიდი ორომტრიალი იქნება და ვინ ვის მხარეს დარჩება, ეს მერე უფრო გამოჩნდება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ნაყოფია-კეზერაშვილის შეხვედრის მიზანი შესაძლოა გამოსავლის ძიებაა, რომ პარტიის ერთიანობა შეინარჩუნონ. შესაძლოა  ორივე მხარე ურთიერთშეხების წერტილებს ეძებს. 

„ახლა პარტიაში იმდენად მძიმე სიტუაციაა, არ გამოვრიცხავ ნაყოფიასა და კეზერაშვილის შეხვედრის მიზანი პარტიის გადარჩენაც კი იყოს. შესაძლოა ცდილობენ, რომ ენმ ნაწილებად არ დაიშალოს და საერთო ენა გამონახოს. 

„კეზერაშვილი არც პარტიის წევრია და არც ოფიცილური ფიგურა. ის არის პარტიის მდიდარი გულშემატკივარი. მასთან პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის შეხვედრა  იმას ემსახურება, რომ ამ ორ ბანაკად დაყოფილ ჯგუფს შორის დაძაბულობა განიმუხტოს. შესაძლოა სხვა საკითხების განხილვაც მოხდა. ჩვენ ხომ ამის შესახებ ზუსტად ვერ ვისაუბრებთ. 

„რაც შეეხება ამ ჯგუფებს შორის არსებულ ძალთა თანაფარდობას, რთულია წინასწარ საუბარი შანსებზე. მომხრეები ორივე მხარეს ჰყავს. აქ ალბათ გარკვეულ როლს ის ითამაშებს, თუ ვის უფრო მეტი ფინანსური და ორგანიზაციური რესურსი უმაგრებს ზურგს. 

„ხაბეიშვილის მხარეს 50 რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მათ, რა თქმა უნდა, ადგილზე თავის აქტივისტები ჰყავთ. თუმცა ხაბეიშვილის  მხარეს კეზერაშვილის  ფული და მერაბიშვილის გავლენებია. თუმცა ბოლო პერიოდში მელიამ თავისი კავშირებიც გააქტიურა და საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა გამართა. ვფიქრობ შანსები 50/50-ზეა“,-ამბობს ანჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×