ბაჩანა ტყემალაძე
06.02.2023

უკრაინაში პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, რომ თავდაცვის მინისტრო ოლექსი რეზნიკოვი უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს. ამის პარალელურად სულ უფრო აქტიურად მიდის საუბარი რუსული არმიის ახალ მასშტაბურ შეტევაზე, რომელიც, ერთი ვერსიით, დაახლოებით 10 დღეში დაიწყება.

უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" საპარლამენტი ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები ამ კვირაში არ იქნება. თუმცა, მანამდე ფრაქციაში აცხადებდნენ, რომ ისინი კენჭს უყრიდნენ რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებასა და მის მრეწველობის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელად მის გადაყვანას. გარდა ამისა, დავით არახამიას ცნობით, რეზნიკოვს კირილ ბუდანოვი შეცვლის.

თავად რეზნიკოვი ამბობს, რომ აღნიშნული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ეს საკადრო ცვლილება, სავარაუდოდ, უკრაინაში მომხდარი კორუფციული სკანდალის გაგრძელებაა. ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნდა ცნობები, რომ დასავლეთის ფინანსური და სხვა სახის დახმარების მნიშნელოვანი ნაწილი დანიშნულებისამებრ არ იხარჯება. მეტიც, გამოქვეყნდა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები, თუ რა ფასად ხდება ჯარისთვის კვების პროდუქტების შესყიდვა. კონკრეტულად, გაირკვა, რომ თავდაცვის სამინისტრო, მაგალითად, კვერცხსა და კარტოფილში იმაზე 2-3-ჯერ მეტ თანხას იხდის ჯარისკაცების პროდუქტში, ვიდრე ეს პროდუქტები კიევის ნებისმიერ სუპერმარკეტში ღირს.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ამ დიდი კორუფციული სქემის გაშიფრა აშშ-ის დახმარებით მოხდა.

„მრავალი სქემა გაშიფრა აშშ-მა. გაათავისუფლეს თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილე, არახამიას მოადგილეც კი გააძევეს. თავდაცვის მინისტრი შიძლება იუსტიციის მინისტრად გადაიყვანონ, ახლანდელი სახმედრო დაზვერვის უფროსი, გენერალი ბუდანოვი კი წესით მის ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რაც შეეხება ამ ყველაფრის გავლენას ომის მსვლელობაზე, მაისაია მიიჩნევს, რომ ბუდანოვი უფრო ეფექტური ხელმძღვანელი იქნება და შესაბამისად, საკადრო ცვლილება უკრაინის არმიის მოქმედებაზე ნეგატიურად არ აისახება.

რას ამზადებენ რუსები

5 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგანსკის ოლქის დასავლეთი ნაწილი კრემენნაიასა და ლიმანის მიდამოებში, რომლებიც უკრაინელმა სამხედროებმა გასული წლის შემოდგომაზე კონტრშეტევის დროს აიღეს, შეიძლება რუსების ახალი დიდი შეტების ადგილი გახდეს. „ფაინენშალ თაიმსი" კი ორშაბათს თავის უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნულ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციას ახდენე და დიდი შეტევა, სავარაუდოდ, 10 დღეში დაიწყება.

ასევე 5 თებერვალს ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსების შესაძლო შეტევისთვის მზად არის, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებს გასული წლის თებერვალში განცდილი მარცხის ანაზღაურება სურთ, მაგრამ უკრაინულმა არმიამ მათ ზეწოლას უნდა გაუძლოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მსგავსსი მასშტაბური შეტევის წინასწარ პროგნოზირება.

„ნოსტრადამუსიც ვერ გეტყვით მაგას. ეს ომი არის არის მოულოდნელობებით აღსავსე. ვიცი უკრაინელებისა და რუსების ძალთა თანაფარდობა, მაგრამ სხვა ინდიკაციები სჭირდება. იქაურ შტაბში უნდა იყო, გარე ინდიკაციებიდან მაგას ფიზიკურად ვერ გათვლი.

„რუსები პრინციპში ავითარებენ თავის სამხედრო პოტენციალს, ბელარუსიაში მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაერთის დაკომპლექტება დაასრულეს და როდის ჩართავენ ამ ძალებს უკრაინაში, არავინ იცის. როგორც ჩანს, რუსები გამოტიფტვის სტრატეგიით მუშაობენ, უკრაინელთან ბრძოლისუნარიან შენაერთებს ღლიან, მათ „გადამუშავებას" ახდენენ, რათა მერე თავის სტრატეგიულ ძალებს მისცენ საშუალება, რომ ერთ ნებისმიერ წერტილში მოახერხონ დარტყმა. ეს ზაპორეჟიე იქნება, ხერსონი, დონეცკი თუ ლუგანსკი -რთული სათქმელია. რუსები ამისთვის ემზადებიან, მთავარია უკრაინამ გამოთვალოს მთავარი დარტყმის მიმართულება, გათვალოს ძალების კონცენტრაცია და ჩაუშალოს რუსებს შეტევა", - განაცხადა მაისაიამ.

ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები

ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილი კი კვლავ ქალაქი ბახმუტია. ბრძოლა უკვე ქალაქის ცენტრში მიდის, თუმცა, როგორც ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ბრძოლები სერიოზულია, მაგრამ წარმატებას ჯერჯერობით ვერცერთი მხარე ვერ აღწევს.

„ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ გამოირჩევა განსაკუთრებული წარმატებით. ბრძოლები ინტენსიური და სერიოზულია, უკრაინელები კი ცდილობენ ბახმუტი „ვაგნერის" ძალებიდან დაიცვან.

„ბახმუტის გარდა ბრძოლები მიმდინარეობს სევერსკში, ავდეევკასა და მარიინკაში, სადაც რუსების მხარეს აფხაზი დაქირავებული ჯარისკაცებიც იბრძვიან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსები ბახმუტს ერთდროულად სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევენ, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინელები ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას.

„სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ბახმუტში რუსებმა წინ წაიწიეს. ისინი სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევენე. არის ასევე ინფორმაცია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ტოვებენ ქალაქს, მაგრამ, მათივე განცხადები, ეს უბრალოდ როტაციის ნაწილია.

„ბახმუტის გარდა მძიმე სიტუაციაა უგლედარში, სადაც რუსები ცდილობენ, რომ უკრაინელებს ბახმუტთან კომუნიკაციების გზები გაუნადგურონ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×