ნაზი ბერიძე
27.12.2023

ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება საპროტესტო აქციების ფონზე მოახდინა, - ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია", გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო" უწოდეს.

როგორ მოხდა რატიფიცირება

ასლან ბჟანიას ხელმოწერით ე.წ. კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ" ძალაში შევიდა.

"კანონი" ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ობიექტების, მიწის ნაკვეთებისა და საზღვაო ტერიტორიების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს. ასევე, დოკუმენტში მითითებული იმ შენობებისა და ნაგებობის გადაცემას, რომლებიც მომავალში აშენდება. მესამე პირებზე ობიექტების გადაცემის აკრძალვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც მოქმედებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული "კანონის" თანახმად, რომელიმე მხარის ან მხარეების მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების შეწყვეტას, დენონსაციასა და ობიექტების აფხაზეთის საკუთრებაში დაბრუნებას გულისხმობს - ნათქვამია „ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის რეაქცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას უკანონო ქმედებას უწოდებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს რუსეთის ეს ნაბიჯი სათანადოდ შეაფასოს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია.

„აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგი უკანონო ნაბიჯი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება",- ნათქვამია განცხადებაში.

ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირების უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ ამ უკანონო ქმედებას მკაცრად ვგმობთ და ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას ბათილად ვაცხადებთ. ეს მას შემდეგ გამოსწორდება, როცა საქართველო აფხაზეთზე თავის იურისდიქციას აღადგენს", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე.

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების გამო, რომლის თანახმად, აგარაკი რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

„აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

აფხაზეთზე, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, როგორც ეს განსაზღვრულია „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში.

საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ზემოაღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი გამოვლენაა იმ არაერთი და მასშტაბური, ეროვნული კანონმდებლობის, და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება და რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მუდმივად დღის წესრიგში მდგარი მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პრაქტიკის ფონზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო საკუთრების მითვისების კიდევ ერთი მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა",-აღნიშნავს სახალხო დამცველი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოებას „ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ" მოუწოდებს. პრეზიდენტი „რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას" გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ",- აცხადებს პრეზიდენტი.

საპროტესტო მუხტი არსებობს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ აფხაზურ საზოგადოებაში საკმაო საპროტესტო მუხტია, ოღონდ როდის იფეთქებს დანამდვილებით ამის თქმა რთულია.

„ახლა ახალი წლის დღეებია, აშკარად ჩანს, ცდილობდნენ, რომ საზოგადოებრივი ტემპერატურა რაც შეიძლება დაეწიათ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამით სიტუაცია მთავრდება - გაუცხოება რუსეთის და დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გაგრძელდება, ფაქტია, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის. ძნელი სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები - აშკარად ჩანს, რომ ასეთ ვერაგობას არ ელოდა აფხაზი საზოგადოება. მათ ეგონათ წესით დადგენილ ფორმებში იქნებოდა ამ რატიფიკაციის საკითხის განხილვა და ასე არ მოხდა. დილის 6 საათზე მოხდა რატიფიკაცია.

„ამით პარლამენტმა გამოავლინა, რომ ეშინია საზოგადოების, საზოგადოება მიხვდა რომ მისი ეშინია ხელისუფლებას და ალბათ დაიწყება საპროტესტო აქციები. საზოგადოების უნდობლობა იზრდება, შეიძლება ახლავე დაიწყოს გამოსვლები, შეიძლება მოგვიანებით, ან გაზაფხულზე. აფხაზეთისთვის მიუღებელია არა მარტო ბიჭვინთის თემა, არამედ საერთოდ, რუსული პოლიტიკა და ეს გადაიზრდება სხვადასხვა ქმედებებში",-განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოება ბრალს სდებს აფხაზეთის მთავრობას რატიფიცირებასთან დაკავშირებით,

„პროგნოზირება არის საკმაოდ რთული. საქმე იმაშია, რომ რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში ამ მუხტის დემონსტრირება ისე რომ ხელისუფლება დაამხონ, ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სვლას, აქედან გამომდინარე, შეიძლება ლაპარაკი ბევრი იყოს, მაგრამ აქტიურ ქმედებებს არ ველი - საპროტესტო აქციები, პარლამენტში შევარდნა, პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა - ცოტა ეჭვი მეპარება მსგავსი მოვლენები განვითარდეს.

„სხვათაშორის უნდა ითქვას რომ ოპოზიციამ აირჩია ასეთი გზა: ოპოზიციის მოაზროვნე ნაწილმა, რომელიც უფრო საზოგადოებრივი ოპოზიციაა, მათ აირჩიეს ასეთი გზა, რომ ისინი არ ამტყუნებენ რუსეთს და ამბობენ, რომ მათი ხელისუფლებაა ამ კონტექსტში დამნაშავე. ხელისუფლებას ამ პროექტის რეალიზაცია მისი „ჩაჯიბვისთვის" უნდა და იმიტომ კი არა, რომ მოსკოვი აყენებს ასეთ კატეგორიულ მოთხოვნას, არამედ ხელისუფლებას ფულის შოვნა უნდა სწრაფად.

„თუ ამ იდეამ მოიცვა საზოგადოებრივი აზრი და დომინანტური თუ გახდა, მაშინ კიდევ შეიძლება მოხდეს დიდი საპროტესტო აქციები, რომელიც გადაიზრდება ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.

„მიმაჩნია, რომ ბევრი იქნება ლაპარაკი, მაგრამ, შედეგი ამას მაინც არ მოჰყვება. რადგან ხელშეკრულებას ხელი მოწერილი აქვს წელიწადნახევრის წინ, ეს იყო რატიფიცირება, ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობენ და შედეგი ვერ მიიღეს",-განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×