ელზა პაპოშვილი
29.12.2023

მმართველი გუნდი ექიმებისგან მიხეილ სააკაშვილის ჯამრთელობაზე ახსნა-განმარტებებს ითხოვს. თუკი ექიმები იტყვიან, რომ ციხეში დაბრუნება შესაძლებელია, ის რუსთავის სასჯელაღსრულების საკანში უნდა გადაიყვანონ. „ხალხის ძალის“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტი კარგადაა და ციხეში უნდა დაბრუნდეს.  როგორც დეპუტატები მიანიშნებენ, ექიმებმა იცრუეს, როდესაც ამბობდნენ რომ „ვივამედის“ პაციენტი პატიმრის მდგომარეობა მძიმე იყო.   

ასევე ცნობილი ხდება, რომ მიხელ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმი შევა. მედიკოსები  კლინიკაში  იანვარში შევლენ. ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და საჭიროა დამატებითი შემოწმება.  სწორედ ამიტომ ოპოზიციას  გაუჩნდა კითხვა, მზადდება თუ არა ნიადაგი მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დასაბრუნებლად? „ვივამედის“ პოზიცია კი უცვლელია, კლინიკა ჯერჯერობით არ გასცემს ნებართვას, რომ მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანონ.    

„ხაალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭავარიანი მიიჩნევს, ვიზუალურად სააკაშვილს ეტყობა, რომ აღარ არის საჭირო, ის სამკურნალო დაწესებულებაში იყოს.

„ამბობდით,კვდებაო, აქ ვერ გადარჩებაო და ახლა მაქვს კითხვა - როგორ გადარჩა? ეხლა გვითხრან იმ ექიმებმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ საქართველოში ვერ გადარჩებოდა სააკაშვილი, როგორ გადარჩა? აგვიხსნან,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.   

„ეს არის კონკრეტული ექიმების საქმე - ექიმები როცა იტყვიან, რომ კატეგორიულად გამორიცხულია საჭიროება, ეს ადამიანი [სააკაშვილი] იყოს კლინიკაში, იმ დღესვე იქნება გადაყვანილი, ასეთი წარმოდგენა მაქვს მე,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

მამუკა მდინარაძის თქმით, ამ თემის წამოწევით პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ ხელისუფლება გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენონ, რადგან გახარიას პარტია სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" - პირიქით.

„ამ ადამიანთან დაკავშირებით როგორც კი რამე მინიმალური, რაღაც სამედიცინო თემები, რისკები აბსოლუტურად გამორიცხული იქნება, მაშინვე [გადაიყვანენ]. კლინიკის ხელმძღვანელის ინტერვიუ ვნახე, მასთან კონტაქტი არ მქონია და არც მაქვს ამის უფლება, რაც ვნახე ტელევიზიით ვნახე, ის ადამიანი ამბობს, რომ მდგომარეობა გაცილებით და რადიკალურად შეცვლილია პოზიტივისკენ, მაგრამ რაღაც რჩება. რას გეგმავენ ახლა - გამოთქმა რომაა, წინ წყალი და უკან მეწყერიო - მეწყერს გვიქმნის გახარია თითქოს და წინ წყალს - ნაცმოძრაობა. გადაიყვან და კლავენო, ატყდება ამბავი, არ გადაიყვან და - აქედან ესენი დაგვხვდებიან. ახლა ბუფერული ზონა შეგვექმნეს, რომ თუ არ გადაგვყავს გახარია გვაწვება და თუ გადაგყავს - ნაცმოძრაობა გაწვება და ყველა ვარიანტში, წაგებულ თამაშს გვათამაშებენ თითქოს.

„სინამდვილეში, ის იხდის სასჯელს, აქვს მშვენიერი მოპყრობა და სამედიცინო დაწესებულებაში არის თავისი დიაგნოსტიკური რაღაცეების გამო. როგორც კი აბსოლუტურად განიკურნება და ის პატარ-პატარა რაღაცებიც არ ექნება სამკურნალო, ალბათ, მოხდება მისი გადაყვანა, მე ასე ვფიქრობ,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.    

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა ხელისუფლებას უკვე უბიძგებს იმისკენ, რომ ისევ ციხეში გადაიყვანონ, თუმცა აქ არსებობს დაბრკოლება დასავლეთის სახით, სადაც შესაძლოა  სააკაშვილის თემა ვიღაცეებისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ბერკეტი გახდეს. ამიტომ სჯობს ხელისუფლებამ ჯერჯერობით ეს თემა ისე დატოვოს, როგორც არის, და იპოვოს ისეთი სიტუაცია, როცა ამას უმტკივნეულოდ გააკეთებს. 

„რა თქმა უნდა, არსებობს ხელისუფლების ამომრჩეველი, რომელსაც უჩნდება კითხვები, თუკი სააკაშვილის ჯამრთელობა არ არის ისეთი მძიმე, როგორზეც საუბრობდნენ, რატომღა იმყოფება ის საავადმყოფოში. მითუმეტეს სასამარლოს წინა საარჩევნო აქტიურობისთვის იყენებს და პოლიტიკურ განაცხადებებს აკეთებს. მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი საავადმყოფოში ყოფნის მიზანს საზოგადოების დიდი  ნაწილი ვეღარ იგებს. თუმცა არსებობს  მეორე სიტუაცია, სადაც უკვე წინა პლანზე დასავლეთი და ის არსებული პოლიტიკური ძალები მოდიან, რომლებიც სააკაშვილის საკითხს ასე მარტივად არ უყურებენ. 

„ვიცი, რომ ენმ-ს უცხოური მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც სააკაშვილის თემას, როცა და როგორც დასჭირდებათ, „ოცნების“ წინააღმდეგ ისე გამოიყენებენ. მათთვის სულ ერთია, იყო თუ არა სააკაშვილის შესახებ დაწყებული კამპანია მომაკვდავობის შესახებ თაღლითობა. მისი საქმე აქვთ როგორც ბერკეტი, რომლითაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას რაღაცაში გამოიჭერენ. ამიტომ ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას, ან დატოვოს სააკაშვილი კლინიკაში და ამით უკმაყოფილო ამომრჩევლის ყურადღება არ მიაქციოს ან გადაიყვანონ ციხეში და დასავლეთში ვიღაცეებს ისევ საბაბი მისცენ სააკაშვილის თემის გააქტიურებით“, - ამბობს საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×