თამთა ჩაჩანიძე
14.01.2024

მმართველი პარტია, რომელსაც ოპოზიციაში არ ჰყავს რეალური ალტერნატივა, მაგრამ თავად პარტიის შეიგნით ჰყავს რამდენიმე ავტორიტეტული ლიდერი, შესაძლოა გაიყოს და რეალურად ოპოზიციური ძალა ამ გაყოფის შედეგად წარმოშვას - ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ შესაძლოა ეს პროცესი დააჩქაროს.

„გარედან ახლა ვერ ვხედავ, რომ შესაძლოა პარტია გაიყოს. გარედან მხოლოდ ის ჩანს, რომ „ოცნებას“ ლიდერების რაღაც რაოდენობა ჰყავს (სიჭარბეც კი), რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ამ პარტიას რამოდენიმე ჯგუფად დაშლის პოტენიალი აქვს“ - ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ოპოზიციას არ შეუძლია, რომ ხელისუფლების ალტერნატივა შექმნას, უმჯობესი იქნება „ოცნება“ გაიყოს. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა საზოგადოება ცოტა ხანში იმ ფაქტის წინაშე დადგეს, რომ მმართველ პარტიაში გამოჩნდეს გარკვეული მიმართულების სხვადასხვა ჯგუფები თავიანთი ლიდერებით, რომლებიც „ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებულები იქნებიან“, თუმცა, მისი თქმით, ეს დაპირისპირება არ იქნება კავშირში პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეული ბიძინა ივანიშვილის ფიგურასთან. 

რის მიხედვით შეიძლება მოხდეს გაყოფა

„გაყოფის პროცესი რეალურად წავა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, სასურველია წავიდეს, რადგან ფაქტია, რომ ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატივას ვერ ქმნის, რომლის ფუნქციაც ესაა და არა მხოლოდ ტრიბუნასთან საუბარი. ჩვენს ოპოზიციას ისეთი იერი, სტილი და პოლიტიკური მსჯელობის დონე აქვს, რომ მისთვის ძალაუფლების მიცემის სურვილი მოქალაქეებს არ გაუჩნდებათ. ამ დროს ხელისუფლება თუ ოპოზიციის გარეშე დარჩა, ივანიშვილის თქმის არ იყოს, ხელისუფლება უკონტროლო და მიშვებული დარჩება თავის ნებაზე და რას იზამს, კაცმა არ იცის. 

„მაგალითად, შევარდნაძესთან იყო საყვედური, რომ კორუფციააო. მიაჩნდათ, რომ სააკაშვილი კორუფციისკენ არ გაიხედებდა, რადგან ამ კრიტიკის ავტორი თავად იყო. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა ოპოზიციამ თავის თავი უნდა შესთავაზოს იმაში, რაშიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, მაგრამ ასეთი რამ ახლა ჩვენთან არაა. ამიტომაც მგონია, ყველაზე ნორმალური ვარიანტი იქნება, რომ დიდი პარტია ორ ნაწილად გაიყოს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის ყველა ოპოზიცია ხელისუფლების პარტიის წიაღში წარმოიშვა და თუ „ოცნების“ შემთხვევაშიც ასე მოხდა, სიახლე არ იქნება. 

„გაყოფა ბევრი ნიშნით შეიძლება, თუნდაც ასაკობრივით. „ოცნება“ აერთიანებს, როგორც ახალგაზრდებს, ისე ასაკოვან პოლიტიკოსებს. ასაკი თავისას შვრება - ახალგაზრდები უფრო თამამები, ფიცხები არიან, მეორენი - უფრო ფრთხილები, თავშეკავებულები. 

„კიდევ ერთი პარამეტრია „ნაცების“ მიმართ დამოკიდებულება. შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ენმ-ის მიმართ უფრო ტოლერანტულები არიან და მათ არ უპირისპირდებიან. ასევე შესაძლოა აღმოჩნდნენ უფრო დაპირისპირებულებიც. ძალიან ბევრ სტრუქტურაში ვხედავთ, რომ თანამდებობის მქონეები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერები არიან. ჩემი აზრით, ივანიშვილისთვის ეს პარამეტრი იყო საყურადღებო. 

„რთულია, რომ ამხელა პარტია ადგე და გაიყო და ამიტომაც ვთვლიდი, რომ ეს რთული პროცესები არჩევნების მერე დაიწყებოდა. მაგრამ ივანიშვილის სცენაზე გამოსვლამ მაფიქრებინა, რომ შეიძლება ეს ახლაც, არჩევნებამდეც მოხდეს, რადგან ასეთი რთული მანიპულაციები სწორედ ივანიშვილს შეუძლია.

„მე გარედან ახლა ვერ ვხედავ, რომ შესაძლოა პარტია გაიყოს, გარედან მხოლოდ იმას ვხედავ, რომ „ოცნებას“ ლიდერების რაღაც რაოდენობა ჰყავს (სიჭარბეც კი), რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ამ პარტიას რამოდენიმე ჯგუფად დაშლის პოტენიალი აქვს, რადგან თითოეულ ასეთ ჯგუფს ლიდერი სჭირდება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“. 

შესაძლო შიდა ჯგუფები და მათი ლიდერები

საყვარელიძე ფიქრობს, რომ „ოცნება“ დიდი პარტიაა და მასში თავისთავად იქნება გარკვეული ჯგუფები იქნება თავიანთი ლიდერებით. 

„ოცნებაში“ შიდა ჯგუფები არ შეიძლება რომ არ იყოს. ამ წუთას თუ არაა, ცოტა ხანში საზოგადოება მაგ ფაქტის წინაშე დადგება. ამხელა პარტია არ შეიძლება ერთგვაროვანი იყოს. გამოჩნდებიან შიგნით ჯგუფები თავიანთი ლიდერებით, რომლებიც ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული იქნებიან. თუმცა, დაპირისპირების თემასაც გააჩნია. აღმოჩნდება, რომ დაპირისპირებულები შეიძლება არ იყვნენ მთავარ ფიგურაში - ივანიშვილში, მაგრამ შესაძლოა იყვნენ იმაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ - ოპოზიციიის, ეკლესიის, რუსეთის, ევროპის, აზიის საკითხში - საკითხების მეტი რა არის...

„ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ჯერჯერობით ყველას ძალიან ჩრდილში გადაჰყავს, ესაა აზია - ჩინეთთან ურთიერთობა. ჩრდილში გადაჰყავთ არა იმიტომ, რომ ურთიერთობას არ ამყარებენ, ამყარებენ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არაა და თუ ეს მიმართულება გააქტიურდა, „ოცნების“ შიგნით ერთ-ერთი თემა შესაძლოა იყოს იმაზე, თუ საით უფრო უნდა გადაიხაროს საქართველო - აზიისკენ თუ ევროპისკენ. ჩვენ ყოველთვის ამ გზაჯვარედინზე ვიყავით. გამორიცხული არაა, რომ ამ დილემამ ახალი სახე შეიძინოს და ამ ხაზზეც რაღაც ჯგუფები გადალაგდდნენ. 

„აზიურ ჯგუფებად წარმომიდგენია უფრო ღარიბაშილი და მის გარშემო მყოფები, რადგან ამ მიმართულებით რამდენჯერმე სწორედ მან იაქტიურა. ფაქტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ მიმართულებით პასიურია, ისინი აქტიურები უფრო ევროპის მიმართულებით არიან, თუმც ევროპისკენ აქტიურობას არც ღარიბაშვილი აკლებს. 

„თუკი გეოპილიტიკურ ნიშას ავიღებთ, რა თქმა უნდა, კალაძე უფრო ევროპისკენ ორიენტირებული ადამიანია, მაგრამ შიდა პოლიტიკურ სიტუაციებში - „ნაციონალების“ მიმართ დამოკიდებულება იქნება თუ სხვა - მეჩვენება, რომ კალაძე უფრო მკაცრი სტილის პოლიტიკოსია და მისთვის შეიძლება სანახევროდ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელი აღმოჩნდეს, რაც „ოცნებას“ ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით ხშირად ახასიათებს ხოლმე. ფაქტია, რომ კალაძემ, როგორც მერმა, ძალიან ენერგიული და უკომპრომისო ნაბიჯები გადადგა, რასაც ადრინდელი მერები თავს არიდებდნენ. ის უფრო ჯიქური პოლიტიკოსების სიაშია. 

„კობახიძეც, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურია, წმინდა პოლიტიკურ ბრძოლაში უკომპრომისოა, განცხადებებში ძალიან კომპეტენტური და მძაფრია და მისი ეს სიმძაფრე გარკვეულ როლს ითამაშებს იგივე „ნაცებთან“ დამოკიდებულებაში. შესაძლოა ამ სიმძაფრის ერთ-ერთი მიზეზი ასაკიც იყოს, ახალგაზრდა კაცია და ყველა დაპირისპირებაში ემოციურად ერთვება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სად შეიძლება ვიხილოთ „ხალხის ძალა“

საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ თუ „ოცნება“ გაიყო, მისგან უკვე გამოყოფილი „ხალხის ძალა“ არცერთ ჯგუფს არ შეუერთდეს და შესაძლოა დარჩეს დასავლეთის კრიტიკის „ნაღმად“, რომელიც შესაძლოა ყოველ წუთს „აფეთქდეს“.

„ხალხის ძალას“ აშკარად გარკვეული ფუნქცია ჰქონდა - დასავლეთის პოლიტიკური წრეების კრიტიკის და სწორედ „ხალხის ძალამ“, ასე ვთქვათ, თავი გადადო და ამერიკული თუ ევროპული მხარეების კრიტიკით სწორედ ის გამოდიოდა. ახლა ეს თემები ჩაქრა. პირიქით, აქცენტი უფრო მეტად ევროინტეგრაციაზე კეთდება, თან ივანიშვილმაც ევროკავშირში პოზიციების გამყარება დასახა მიზნად. ამ კონტექსტში შეიძლება „ხალხის ძალის“ ეს პროფილი - დასავლეთის კრიტიკ - ახლა საჭირო არ იყოს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ ასეთი საჭიროება კიდევ გაჩნდეს.

„მეეჭვება „ხალხის ძალა“ დაიშალოს, მაგრამ მგონია, რომ შეიძლება დარჩეს როგორც რეზერვი და „ნაღმი“, რომელიც შეიძლება „აფეთქდეს“, თუ ხელისუფლებამ გააბრაზა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×