ნაზი ბერიძე
14.01.2024

შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნებას და რომელ პარტიებს აქვთ საკმარისი რესურსი, რომ ამ თვალსაზრისით ენმ-ის ჩანაცვლება შეძლონ? ანალიტიკოსები ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ამის თეორიული შანსი ხმოლოდ სამ პარტიას აქვს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ერთის მხრივ რამდენად სწორად წარმართავენ თავად ეს პარტიები საარჩევნო კამპანიას და რა გაგრძელება ექნება კრიზისს ენმ-ში.

ენმ-ის პარტნიორი პარტიის, „კანონისა და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილს სწორედ იმაში ადანაშაულებს, რომ მათი მთავარი მიზანი არჩევნებზე არა „ქართული ოცნების" დამარცხება, არამედ ენმ-სათვის ხმების წართმევა და მეორე ადგილზე გასვლაა. მისი თქმით, ამას ცდილობენ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსათვის", მამაკა ხაზარაძის „ლელო" და ასევე ენმ-დან წასული ნიკა მელიაც, რომელიც თავისი ახალი პარტიის პრეზენტაციას თებერვალში გეგმავს.

„ვერ დაძრეს ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის" სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი, არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია...

„ახლა ბრძოლა იმაზე კი არ მიდის, ვინ გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებასთან", ბრძოლა მიდის, რომ მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა" არ იყოს და იყოს რომელიმე მათგანი - „ლელო" ან გახარიას პარტია. მეორე ადგილისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა. ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი სხვა დანარჩენი. საზოგადოებას კი არ სჭირდება ახალი მინი ოლიგარქი. ხაზარაძის საოჯახო ფონდიღა აკლდა საქართველოს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ენმ-ის ჩანაცვლების ყველაზე მეტი შანსი ამ ეტაპისთვის გახარიას პარტიას „საქართველოსთვის"აქვს. თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა „ლელო" სხვა წვრილ პარტიებთან გაერთიანებას. ასევე რას იზამს ნიკა მელია.

„თეორიული შანსი სამივეს აქვს, ოღონდ თეორიული შანსი. ჯერჯერობით ისიც არ ვიცით, ნიკა მელიას რა პარტია ექნება, რა სტუქტურა და როგორი იქნება მისი, ასე ვთქვათ, ლიდერთა შემადგენლობა. ამიტომ აქედან რამეს პროგნოზირება საკმაოდ რთულია. ასევე არ ვიცით ვინ როგორ გადაჯგუფდება. ერთი რამ, რაც ვიცით, თითქოს ლაპარაკია იმაზე, რომ გახარია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

„ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მელიას დამოკიდებულება, ასევე „ლელო" რას იზამს. კი, დღეს წვრილ პარტიებს შორის გახარია ყველაზე მეტად არის დაწინაურებული, თუმცა, თუ, ვთქვათ, „ლელომ" კარგად იმუშავა, შესაძლოა გახარიას ამომრჩეველი მთლიანად „ლელომ" წაიყვანოს.

„ამიტომ, დღეს ოპოზიციურ ფლანგზე, წვრილ პარტიებს შორის მელიას არ ვგულისხმობ, გახარიასა და „ლელოს" შორის არის კონკურენცია - ვინ გადაქაჩავს აი, იმ შუა ხმებს. ამიტომ ვამბობ, რომ თუ გახარია დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო „ლელომ" შეძლო რაღაც გაერთიანების შექმნა და სწორი ტაქტიკური ხაზის არჩევა, მაშინ შესაძლოა გახარიას ამომრჩეველიც მთლიანად „ლელომ" წაიყვანოს. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ასევე დიდი შანსი აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც" მოუგოს. ისევე, როგორც საკმაოდ დიდი შანსი აქვს მელიას, თუ რაღაც ნაბიჯებს გადადგამს გაერთიანებისკენ, ვთქვათ, ხოშტარია-ჯაფარიძესთან ერთად", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბრაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ დღეს არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა", როგოც მთავარი ოპოზიციური ძალა.

„მემგონი ჯერჯერობით ამის პერსპექტივა არ იკვეთება. არცერთი სოციოლოგიური გამოკითხვა ჯერჯერობით არ უჩვენებს იმას, რომ ამ პარტიებს აქვთ ამის შესაძლებლობა, თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში „აირაის" და „ენდიაის" მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულსს გამოკითხვებს. მათი სანდოობა ეჭვის ქვეშ კი არის, მაგრამ რაღაც ტენდენციას მაინც აჩვენებს.

„რა თქმა უნდა, თვითონ რეალური პოლიტიკური მოვლენებიც კი არ გვიჩვენებს, რომ ამ პარტიებს ამ ეტაპზე გააჩნიათ ამის რესურსი. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ კი, იქნება მათი მცდელობა, რომ ენმ-ის ელექტორატი საკუთარ მხარეს გადმოქაჩონ იქედან გამომდინარე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" გარკვეული კრიზისული მოვლენები დაიწყო და შესაძლოა მათ აქვთ იმედი, რომ „ნაციონალებით" იმედგაცრუებულ ამომრჩევლებს თავისკენ წაიყვანენ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება იმ რაოდენობის ამომრჩეველი, მათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაზეც თქვენ საუბრობთ - რომ ჩაანაცვლონ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×