თამთა ჩაჩანიძე
15.01.2024

„ქართული ოცნების" საპარლამენტო დელეგაცია ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება, რაც, მმართველი პარტიის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება. ოპოზიცია კი „ოცნებას" აკრიტიკებს და მიჩნია, რომ ეს არის „რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე - ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა არასწორია და ჩინეთთან ურთიერთიბების გაღრმავება დასავლეთთან იტეგრაციის პროცესს არ შეაფერხებს, რადგან პეკინთან ურთიერთობების დალაგებას თავად დასავლეთი, განსაკუთრებით კი აშშ ცდილობს.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია 14 იანვარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.პარტიის ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, უონგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს. ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამტკიცებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული.

„რადიკალური ოპოზიციის ფრთიდან ამაზე ვინ ლაპარაკობს - პოლიტიკური ლუზერი „ლელო" და მოღალატე გახარიას პარტია. ესენი ქართულ ოპოზიციურ სიბრტყეში ის ტრაგიკომიკური პერსონაჟები არიან, რომლებსაც საზოგადოებასთან არაფერი სალაპარაკო არა აქვთ. ზოგადად პარტიების მხრიდან არჩევნების წინ ელექტორატთან ინტენსიური კომუნიკაციები მიმდინარეობს საჭირბოროტო საკითხებისა და პროექტების განხილვის თვალსაზრისით, რაც სამწუხაროდ „ნაცოპოზიციას" არასოდეს ახასიათებდა და არც წელს ჩანს.

„რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის მომხრეა, ერთ და მეორე მხარეს მეგობრობა არავის წინააღმდეგ არაა, ამის თქმა სისულელეა - ნაც-რადიკალები ან თვითონ არიან ბრიყვები, ან საზოგადოების გაბრიყვება სურთ, რადგან შევხედოთ თუ როგორი გაცილებით ღრმა ურთიერთობა აქვს ჩინეთსა და დასავლეთს განსაკუთრებით ბოლო წლებში და რა ვიზიტები იყო ამ ხნის განმავლობაი პეკინში.

„თითქმის არ დარჩა არცერთი დასავლელი ლიდერი, რომელიც პეკინში არ ჩასულიყო. ჩვენ ასევე ვნახეთ პრეზიდენტ სი ძინპინის აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენთან ვიზიტი, შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივით. ქართულ ოპოზიციას ერუდიციის ძალიან ვიწრო დიაპაზონი აქვს მიმდინარე მოვლენების აღქმის თვალსაზრისით, ანალიზზე ხომ საუბარი აღარაა. ცდილობს, რომ საქართველოს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ქართული საზოგადოება შეცდომაში რომ არ შედის, ამდენი წლის განმავლობაში ეს ე.წ. პარტიები 2%-ის ზღვარზე ამიტომაც არიან.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს პეკინში, ეს ძალიან დროულია, წელს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ფორსირებულად მოხდება. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფნის პერსპექტივების შემდგოიმი ფორსირებული ამოქმედება და კიდევ მრავალმხრივი სხვა ურთიერთობები.

„ჩინეთთან მეგობრობა დასავლეთის წინააღმდეგ, ესაა ძალიან სუსტი და ბრიყვული არგუმენტი, იმ შარახვეტია ე.წ. პოლიტიკოსებისგან, რომლებსაც საზოგადოებაში რენომე განულებული აქვთ", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

ამბობს, რომ ჩნეთთან ურთიერთობების გაღრმავება დასავლეთთან ურთიერთობებს არ გააფუჭებს. მისი თქმით, „დასავლეთს გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან".

რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - ამბობს „ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია. მისივე თქმით, ჩინეთს აქვს მთელი რიგი ისეთი ინტერესები, რომელიც არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში, შესაბამისად, უნდა აირჩიო ან ერთი, ან მეორე.

„სავაჭრო დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები კარგი და მისასალმებელია, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, გარდა რუსეთის ფედერაციისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ძალიან მარტივად - „ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს უთხრას რომ მას, „ქართულ ოცნებას" გააჩნია განსხვავებული ღირებულებითი ღერძი, რომელიც აღარ ემთხვევა ამერიკის და ევროპული კავშირის გეოპოლიტიკურ და საგარეო ინტერესებს," - განაცხადა გეგელიამ.

კობახიძის ვიზიტს პეკინში აკრიტიკებს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაც. როგორც „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ჩინეთთან ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა.

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გააფორმეს და ახალ ეტაპზე აიყვანეს ურთიერთობა, მე არ ვიცი, რაში მდგომარეობდა ამის საჭიროება. ჩვენ ჩინეთთან ფანტასტიური ეკონომიკური ურთოერთობები გვაქვს, ჩვენი, მათ შორის, გახარიას ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამის შემდეგ რა საჭირო იყო პარტნიორულ დონეზე ურთიერთობების აყვანა, მე არ ვიცი. როგორც ჩანს, კომუნისტური პარტიის გამოცდილება ჩვენი ისტორიული წარსულიდან კობახიძისთვის საკმარისი არ არის და რაღაც ახლის ძიებაშია ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი პარტიის პოზიციას, პარლამენტის თვამჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ჩინეთში ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებულია განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ და ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიებაა".

მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×