ნაზი ბერიძე
15.01.2024

არჩევნები ახლოვდება, და უფრო და უფრო საინტერესო ხდება ოპოზიციური პარტიები როგორ გადაჯგუფდებიან. თუმცა ექსპერტები ჯერ ამაზე საუბარს მაინც ნაადრევს უწოდებენ. ყველაზე რეალურად „ლელოსა" და მელიას გუნდის ალიანსი მოიაზრებოდა, თუმცა ამ ვერსიას ცივი წყალი გადაასხა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ამბობს, რომ ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

როგორც „ლელოს" წევრმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ამ დროისთვის თეორიულ სცენარებზე საუბარი რთულია და არანაიარი კონსულტაცია არ მიმდინარეობს მელიასთან: „ძნელია საუბარი თეორიულ სცენარებზე. ამ წუთას არ განიხლება, არ მიმდინარეობს არანაირი კონსულტაცია", - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჯერ ადრეა საუბარი, ამა თუ იმ პარტიას როგორი ფორმატით აქვს განზრახული არჩევნებში მონაწილეობა.

„გვაქვს მკაფიო გეგმა. რაც შეეხება „ლელოს", უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ ჩვენი საზოგადოების ინფორმირებას იმ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადავდგამთ, როგორც კი შეიცვლება „ქართული ოცნება" და სათავეში მოვა პროევროპული, დემოკრატიული, კოალიციური მმართველობა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ჯერ ალბათ იფიქრებენ, რეიტინგებს შეხედავენ, თავსებადობას, რომელი რომელ პარტიასთან უფრო თავსებადია და რაღაცნაირად ალბათ ასე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, მოხდება თუ არა გადრთიანება, წინასწარ ამის თქმა რთულია და ალბათ ვერ ვიტყვით," - აცხადებს „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა იმდენად უარყოფითი იარლიყია, რომ ამის გამხელა არავის უნდა.

„მიკვირს, როცა სტრატეგიას ისე სახავენ, თითქოს ვიღაც თანამშრომლობას აპირებს მელიასთან, მაგრამ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან". გეგონება, მელია რომელიმე სხვა პარტიიდან ან დაჯგუფებიდან იყოს მოსული. შიდა განხეთქილების შედეგად ნანგრევების კონფიგურაციაა, რასაკვირველია, დღეს ისევ საუბარია „ნაცმოძრაობის" თანამშრომლობაზე," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისი აზრით დადასტურდა, რომ ვიდრე მელია „ნაცმოძრაობაში" პარტიის ხელმძღვანელი იყო, „ლელო" და „ნაცმოძრაობა" ურთიერთთავსებადი პარტიები ყოფილან.

„ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს არაფერი აქვს საერთო კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან. სინამდვილეში, ეს ნაკარნახებია მხოლოდ მერკანტილური მიზნებით, რომ საკუთარი ვიწროპარტიული გადმოსახედიდან ნახონ შესაძლებლობა, ბარიერი გადალახონ. ამ გაერთიანებებს სხვა ფუნქცია არა აქვთ. შეუძლებელია, ვინმემ ახსნას, რა არის იდეოლოგიური თანხვედრა „ლელოსა" და მელიას შორის. ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამოკვეთილი არ ყოფილა. ცალკეულ ლიდერებს პერსონალური თავსებადობა როგორი აქვთ, ეს არის ამ გაერთიანება-არგაერთიანების განმსაზღვრელი.

„ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა იმდენად უარყოფითი ფაქტორი და იარლიყია, ამის გამხელა არავის უნდა და ამითაა ნაკარნახევი ვითომ „ნაცმოძრაობასთან" ართანამშრომლობა. წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობიდან" გამოძევებულ ხალხთან თანამშრომლობა რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს იგივე „ლელოსთვის". ეს ის შეცდომებია, რაც შემოდგომაზე ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზი იქნება.

„რაც შეეხება „ლელოს", საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების პერსპექტივაც კი არა აქვთ, თუ არ ჩავთლით იმ შესაძლებლობებს, რაც ოპოზიციურ ფლანგზე „ნაცმოძრაობის" დიდი ფიასკოს შემდეგ გაჩნდა. შეიძლება, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი აღმოჩნდეს, ვისაც ეს ჯგუფი იზიდავდეს. როგორც ჩანს, მელიასთან დაწყებული კონსულტაციაც ამ მიზანს ემსახურება. „ლელოს" განახლების განა რა რესურსი აქვს, თავისი თავის გასჭირვებია. არ მგონია, მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, რომ განახლება შეძლონ", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 2023 წლის 28 დეკემბერს განაცხადა, რომ „ლელოს" ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×