ელზა პაპოშვილი
15.01.2024

ოპოზიციაში დიდი გადაჯგუფებისთვის ემზადებიან?! პოლიტიკურ სპექტრში ერთმანეთთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ და შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პარტია და პოლიტიკური მოთამაშეები ვიხილოთ. სუბიექტებთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ ნიკა მელიას თანაგუნდელები. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კონსულტაციები გრძელდება ნიკა გვარამიასთან, თუმცა მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ არ აქვს პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა ნიკა გვარამია მელიას ახალი პარტიის ყრილობაზე. 

რაც შეეხება „ლელოს“, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავენ. თუმცა  თავად „ლელო“ ნიკა მელიასთან კონსულტაციებს არ ადასტურებს. „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

„ამ მომენტისთვის არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. ძნელია საუბარი თეორიულ სცენარებზე. ამ წუთას არ განიხილება, არ მიმდინარეობს არანაირი კონსულტაცია,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ნიკა მელიასა და გვარამიასთან მოლაპარაკებებს ასევე ადასტურებს ხატია დეკანოიძეც, რომელიც ვარაუდობს, რომ გაზაფხულამდე ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონტურები გამოიკვეთება.     

„მარტის დასაწყისამდე ალბათ, კონფიგურაცია უნდა გამოჩნდეს, კონსულტაციები და საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან - ორივე ადამიანს აქვს დიდი რესურსი, ივანიშვილის წინააღმდეგ მოიტანონ ის სინერგია, რომელიც უნდა ჰქონდეს ალიანსს,“ - ამბობს  დეპუტატი ხატია დეკანოიძე. 

კითხვაზე, აქვთ თუ არა კონსულტაციები გვარამიას და მელიას ერთმანეთში, დეკანოიძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს. რაც შეეხება „ლელოს“ და მელიას გუნდის შესაძლო გაერთიანებას, დეკანოიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს უფრო შეეხებოდა პოსტსაარჩევნო ალიანსს, ხოლო წინასაარჩევნო გაერთიანებაზე „ლელოსთან“ რაიმე სახის გაერთიანებაზე ინფორმაცია არ არის.   

„ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, როგორც უკვე ცნობილ პოლიტიკოსებს, ასევე ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები. ადრეც ვთქვით, რომ ყველაზე ნაკლები საუბარი გვქონდა პოლიტიკურ პარტიებთან, უფრო კონკრეტულ სუბიექტებთან გვქონდა საუბარი. 

„იმაზეც ბევრი ვისაუბრეთ, რომ ჩვენ და „ლელო“ აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ.

(კითხვა: ნიკა გვარამია იქნება თუ არა მელიას ახალი პარტიის ყრილობაზე?) რომ გითხრა, რომ მოლაპარაკებები არ მიდის, მიდის მასთანაც, მაგრამ დასრულებული მოლაპარაკება არ არის,“ - ამბობს ბაჩო დოლიძე.

ნიკა მელიას თანაგუნდელი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ახალი პარტია თებერვალში დაფუძნდება და ყრილობაც რამდენიმე კვირაში იქნება. 

„ყრილობა გაიმართება უახლოეს კვირებში, ვფიქრობთ, რომ თებერვალში პარტია დაფუძნდება, ვიხილავთ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, დარწმუნებული ვარ, რომ შეიქმნება ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ უიმედობას და ნიჰილიზმს, რაც ახლა საზოგადოებაში არის მნიშვნელოვნად გადატეხავს და გააჩენს რწმენას, რომ ყველას ერთად შეგვიძლია ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა,“ - განაცხადა კირთაძემ.  

„იმაზე საუბრის ნაცვლად, თუ ვისთან არ გაერთიანდებიან, მე ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მცირე ელექტორალური ზომის პარტიებმა იმაზე ისაუბრონ, ვისთან გაერთიანდებიან. ამას უფრო ელის საქართველოს მოქალაქე და ამომრჩეველი, რომელსაც სურს, გააკეთოს არჩევანი, რომელიც კი არ დაიკარგება, შემდეგ ასახული იქნება კოალიციურ, პროდასავლურ მთავრობაში და ამის უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანება,“ - - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.   

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ საბოლოოდ გადაჯგუფება რა სახეს მიიღებს. მისი აზრით, ეს უპირველეს ყოვლისა უკავშირდება მათ ზეამბიციებს და ჭარბ პოლიტიკურ ამპარტავნებას. 

„არ ვიცი, ეს ოპოზიცია რა სახის თანამშრომლობას შეძლებს მათი ამპარტავნებიდაან  და ამბიციებიდან გამომდინარე. ეს არჩევნები სხვადასხვა დონეზე გვაჩვენებს და ამას ბოლო კვლევებიც ადასტურებს, რომ ისინი პოლიტიკური აუტსაიდერები არიან. თუ ნაციონალურ მოძრაობას მათთან შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს, ეს ისევ და ისევ მისი დამფუძნებლის სააკაშვილის პოლიტიკური ბრენდის გამოა. დანარჩენები, რასაც ჰქვია, გახარიას, ხაზარაძის, მითუმეტეს ჯერ არ შექმნილი მელიას პარტია არაფერს არ წარმოადგენენ. 

„ხაზარაძემ ყველაზე მეტი დახარჯა ოპოზიციური ხმების მოსაზიდად 2020-2021 წლებში. მიუხედავად ამისა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიიღო. მისი ერთი ხმა ყველაზე ძვირია ოპოზიციურ სპექტრში. თუმცა შედეგები არასასურველია. ამიტომ ამ უაზრო და ჭარბი ამბიციების გამო, როდესაც თითოეულს სურს იყოს ლიდერი, პრეზიდენტი, პრემიერი და ა.შ. აქ რაღაც რაციონალურის პროგნოზირება შეუძლებელია. რა უნდა შესთავაზონ თუნდაც გაერთიანების შემთხვევაში ამ პარტიებმა ისეთი საზოგადოებას, რომ ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდონ?“ - კითხულობს აბაშიძე. 

მისივე თქმით, ისინი საზოგადოებას არ ელაპარაკებიან იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომელიც ხალხს აინტერესებს. საზოგადოებას სულაც არ აინტერესებს გახარია და ივანიშვილი დაჯდებიან თუ არა ერთად დებატებში, ასევე რამდენი დღე დარჩა, რომ თითქოს ივანიშვილი მოსკოვში გაიქცევა. ამიტომ, ოპოზიციურ ფლანგზე რა გადაჯგუფებაც არ უნდა მოხდეს, მათ „ოცნების“დამარცხების შანსი არა აქვთ.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×