თამთა ჩაჩანიძე
16.01.2024

პარტიის „საქართველოსთვის" წევრებს მოლოდინი აქვთ, რომ შესაძლოა წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს მომხდარ გადაცდომებსა და შესაძლო დანაშაულზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები პერიოდულიად საუბრობენ ხოლმე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ გახარიამ პოლიტიკაში ახლადდაბრუნებულ „ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს დებატები შესთავაზა, „ოცნების" მხრიდან გახარიასადმი ბრალდებები კიდევ უფრო გახშირდა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ გახარიას გუნდის წევრების წინასწარი საუბარი საქმის აღძვრაზე მათი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს, რადგან ეს გახარიას წამებულის როლში წარმოაჩენს, რაც ამომრჩეველში დადებით სენტიმენტებს აღძრავს ხოლმე. თუმცა ფიქრობს, რომ თუ სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო დეტალურად ჩაუსხდებიან თუნდაც „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ჩამოთვლილ საქმეებს, „შესაძლოა იქ დანაშაული შემადგენელიც აღმოაჩნონ".

ამის მიუხედავად ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ, წმინდა პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური კუთხით, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს, გახარიას წამებული გმირის იმიჯი შეუქმნან.

პოტენციური გადაცდომები - რაზე შეიძლება აღიძრას საქმე

მას მერე, რაც გახარიამ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპასუხო პოსტი დაწერა. ის ახსენებს 20 ივნისის, კლუბ „ბასიანისა" და პანკისის მოვლენებს, ასევე საუბრობს იმ კოალიციაზე, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტიამ ენმ-სთან შექმნა.

„საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი ამ ხუთსიტყვიან ანეკდოტს - გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია - 2-პროცენტიანი გახარია ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები" გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით.

გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი:

- ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად „ბასიანში" და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ „ბასიანში" შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა და ენჯეოშნიკმა ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;

- ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;

- ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით - რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

- ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ ჰპირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;

- ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან" და რატომ ჩაჰყვა „ნაციონალებს" პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას ჰპირდებოდა.

არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან", - წერს ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნოდ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრება.

„რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არსებობს, რადგან ამ ხალხის ძალაუფლების შენარჩუნების კონტექსტში თრთოლვა რა შედეგამდე მიიყვანს პოლიტიკურ პროცესს, პროგნოზირება რთულია. ამიტომ ამის მოლოდინი არსებობს და ჩვენ მზად ვართ.

„კობახიძის განცხადებაში ჩამოთვლილი ყველა საკითხი არის სისულელე. თუ კობახიძეს რამე კითხვები აქვს იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც გახარიას ბევრჯერ უსაუბრია, თითოეულ იმ ხუთივე თემაზე სიამოვნებით დაველაპარაკები", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, თუ რეალური პერსპექტივა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა გახარიას თანაგუდელების მიერ გაჟღერებული მოლოდინი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კობახიძის მიერ ჩამოთვლილ საქმეებში დანაშაულის ნიშნებიც იკვეთებოდეს.

„დღეს რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მუხლით უნდა აღიძრას გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს - უნდათ გახარია წამებული გმირის როლში გამოიყვანონ და წამებული გმირის მანტია მოასხან, რომ ხელისუფლება მას დევნის, ან ავიწროვებს, რომ ამით ამომრჩეველში რაღაც დადებითი სენტიმენტები გააჩინონ გახარიას მიმართ.

„ის, რაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა და გახარიას მიმართ წაყენებულ პრეტენზიებზე ისაუბრა, რიგითმა დამკვირვებლებმა არ ვიცით იქ რა და როგორ ხდებოდა. მაგრამ თუ ამ საქმეებს სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო დეტალურად ჩაუსხდებიან, შესაძლოა იქ დანაშაული შემადგენელიც აღმოაჩნონ. მაგრამ ამის ასე ცალსახად მტკიცება ამ ეტაპზე რთულია.

„თუმცაღა, აქვე დავამატებ, რომ წმინდა პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური კუთხით, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს, რომ გახარიას ასეთი წამებული გმირის იმიჯი შეუქმნან - ჩვენ ვიცით რა ჩვენი საზოგადოების განწყობები, ისინი ყოველთვის დაჩაგრული, ან შევიწროვებული ადამიანის უკან დგებიან და მის მიმართ რაღაც სიმპატიები უჩნდებათ ხოლმე და რატომ უნდა გაუკეთონ გახარიას ასეთი საჩუქარი, არ მესმის, თუ მართლა რაღაც უმძიმეს დანაშაულზე არაა საუბარი.

„ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ საქმეზე შეიძლება იყოს აქცენტი, რადგან ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი იყო და კონკრეტულად რომელ საქმეში იკვეთება დანაშაულის შემადგენელი, ამაზე ექსპერტებს საუბარი გაგვიჭირდება, რადგან საქმის დეტალებს ასე სიღრმისეულად არ ვიცნობთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×