ელზა პაპოშვილი
16.01.2024

ვინ გამოიყენა სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებული აჟიოტაჟი პოლიტიკური მიზნებისთვის და რომელი პოლიტიკური ჯგუფი დარჩა ამით მოგებული? ხელისუფლება ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს რელიგიით მანიპულირებას და ამან შესაძლოა ქვეყანაში დიდი მღელვარება გამოიწვიოს. ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ პრიქით, ხელსიუფლება ცდილობს ამ თემიდან ქულების დაწერას.  

ყოველივე ამის ფონზე, პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დარეგისტრირდება კანონი, რომლის მიხედვითაც რელიგიური ნაგებობისა და ნივთების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება. ეს ინიციატვა ხელისუფლებას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტშიც იოსებ სტალინი იყო გამოსახული, 9 იანვარს საღებავი სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ საღებავი შეასხა, რასაც პოლიტიკური მღელვარება და დაპირისპირება მოჰყვა. კანონმდებლების თქმით, ახალი ნორმის მიზანი რელიგიურ ნიადაგზე სავარაუდო კონფლიქტების პრევენციაა.  

გამკაცრებული კანონი და ოპოზიციის გამოხმაურება

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა და „რადიკალური ოპოზიცია“ პოლიტიკური სპეკულაციისთვის ამ თემის გამოყენებას ცდილობს. მათი აზრით, როდესაც ადამიანს შეუძლია რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა და ამაზე არ აგებს სერიოზულ პასუხს, ეს შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც სერიოზული იარაღი ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის. 

„ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად ყველა კონფესიისთვის შეურაცხმყოფელი ქცევა. ძალიან მძიმე პროვოკაციულ ნიშნებსა და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების რისკებს შეიცავდა ეს ნაბიჯი.

„ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობისა და ნივთის შეურაცხყოფის უფლება. უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ამ ცვლილებებს, რითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისე, როგორც ეს არის ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, ხელისუფლება ამ საკითხით მანიპულირებს, მისი პარტია კი ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„კერძო პირის ქმედებაზე კამპანიის დაწყება და საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად, ხელისუფლებას სურს გამოიყენოს ეს საკამპანიო თემად, სადაც დააპირისპირებს მოქალაქეებს. პოლიტიკური ქულების დაწერის და ადამიანების ემოციებით და რწმენით მანიპულირების მცდელობაა. შესაბამისად, ჩვენ ამ კამპანიაში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ვანდალიზმი მიუღებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან ხდება ეკლესიისა და რწმენის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის.

„ჯერ ვნახოთ, თვითონ რა კანონპროექტი იქნება და ამის მიხედვით გეტყვით ჩვენი მხარდაჭერა ექნება თუ არა ამ კანონპროექტს. რა თქმა უნდა, ზოგადად, ზოგადად ნებისმიერი ფორმის ვანდალიზმი და ვანდალიზმი ეკლესიის მიმართ, ცხადია, მიუღებელია და არასწორია და არ შეიძლება ვინმეს მხრიდან მისასალმებელი იყოს, თუმცა ჩვენთვის მთავარი თემა სხვა რამეა. ჩვენთვის მთავარია ის, რასაც ბოლო დღეებია ვუყურებთ - ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა მხარე ცდილობს, ეკლესია და რწმენა გამოიყენოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ვინ დარჩა მოგებული 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ სტალინის ხატის ირგვლივ დაწყებული დისკუსია და დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ოპოზიციის კრახით დასრულდა.

„დაუშვებელია, როდესაც ასეთ თემაზე აქცენტს ოპოზიცია აკეთებს - არა პოლიტიკაზე, არამედ რელიგიაზე. ამ ხატის ეკელესიაში მიტანა, შეწირვა და შემდეგ ამაზე დისკუსია სწორედაც რომ პოლიტიკური დატვირთვის იყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხატი იქ სწორედ ამის გამო მოხვდა. ანუ „პატრიოტთა ალიანსი“ რა ძალაც არის და რასაც წარმოადგენს, ყველამ ვიცით. ამიტომ ამ ხატის დანიშნულებაც სწორედ იმ მღელვარების გამოწვევა იყო, რაც გამოიწვია. 

„მერე მეორე დიდი შეცდომაა, როდესაც საიდანღაც რაღაცას აკოპირებენ და სწორედ ისე იქცევიან. ანუ სამების ეკლესიაში შევარდნა, მერე ვანდალიზმი და იქ საღებავების შესხმა იყო დაუშვებელი. ეს სადღაც ევროპაში თუ ამართლებს, ამით საქართველოში ქულებს ვერ დაიწერ. უნდა იცოდე, რომ ხელისუფლება ამას პირიქით, ოპოზიციას და მესამე სექტორს შემოუტრიალებს. 

„ოცნებამ“ ამით შესანიშნავი პროპაგანდა გამოაცხო. მუდმივად იძახის იმას, რომ ოპოზიციას ქვეყანაში სურს არეულობა, დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რელიგიური გრძნობების შელახვა და ა.შ. და აგერ, ბატონო, ხალხს ფაქტიც აჩვენა. 

„ამიტომ ოპოზიციას მინდა მოვუწოდო - როცა რაღაცა თემაზე განცხადებას აკეთებთ და გინდათ იქიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღება, ცოტა დაფიქრდით რა თემა და რა დგას ამ ყველაფრის უკან“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ თემიდან თუ ვინმემ „მოიგო“, ეს ალბათ სტალინია, რადგან ხალხს მისი არსებობა კიდევ ერთხელ გაახსენდა. მისი თქმით, ეს იყო სრულიად გაუგებარი და არაფრის მომტანი თემა, საიდანაც ოპოზიცია ქულების დაწერას შეეცადა, მაგრამ მარცხი იწვნია.

„რა თქმა უნდა, ეს თემა ხელისუფლებამ პირიქით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ რომ გამოიყენა, ამაში გასაკვირი რა არის?! სადაც შანსი მიეცემა მმართველ გუნდს, რომ ოპზიციას მოუგოს, რატომ არ გამოიყენებს?! ეს იყო სუფთა პოლიტიკური დაპირისპირება, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ჩავარდა. საქმე კი ისაა, რომ ამ ხატის ამბავი საბოლოოდ საპატრიარქოსთვისაც პრობლემური აღმოჩნდა და მიხვდნენ, რომ სტალინის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არც მორწმუნეებს შორის არ არის. 

„ოპოზიციას რა უნდოდა, ეს ვერ გავიგე - ანუ რა ქულების დაწერას ცდილობდა. აქედან მოგებული მგონი მარტო სტალინი გამოვიდა, რომელიც ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენეს. 

„მორწმუნეებისთვის ამ ხატზე მნიშვნელოვანია წმინდა მატრონა და არა სტალინი. ხოლო ვინც არ არის მორწმუნე, იმისთვის ან ერთი ან მეორე მნიშვნელოვანი რატომაა - მაგას ვერ მივხვდი. 

„სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის ქცევა ხომ საერთოდ არაფერში ჯდებოდა - როდესაც ის შევარდა ეკლესიაში, დააზიანა სხვისი ნივთი და შეურაცხყო იმ მორწმუნეების გრძნობები, რომელთათვისაც ეს ხატი მნიშვენლოვანია“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანასთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×