ნაზი ბერიძე
17.01.2024

ევროპარლამენტარებმა პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერეს,რომელსაც ტვიტერზე ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აქვეყნებს. მათი განცხადებით, აკვირდებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყველაფერს აკეთებენ მის გასაუმჯობესებლად.

„დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ევროპარლამენტში ყოველთვის ვართ თქვენი მდგომარეობის საქმის კურსში და ყველაფერს ვაკეთებთ მის გასაუმჯობესებლად. გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროპული მომავლისკენ და შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მძიმე შრომის გარეშე, კონკრეტულად, ევროპული რეფორმების კუთხით თანამდებობაზე თქვენი ყოფნისას" - წერია ევროპარლამენტარების წერილში. წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, ტის როიტენი, მაიკლ გალერი, ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი.

პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით, ევროპარლამენტარების მოსაზრებები სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობის შესახებ არ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ხოლო, სააკაშვილი სად იქნება, დამოკიდებულია უპირველესად სამედიცინო დასკვნაზე, რასაც მორიგი სამედიცინო კონსილიუმი დადებს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა-არ გადაყვანა, ან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ევროპარლამენტარების რეაქციებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რა აძლევს ხელს „ქართული ოცნებას".

„ევროპარლამენტარებმა რაც არ უნდა ითხოვონ და მოითხოვონ, გამორიცხულია რომ სააკაშვილი გაუშვან ან დატოვონ ევროპარლამენტარების განცხადებებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას რეაქცია არც ჰქონდა არასდროს მთელი წლის განმავლობაში რაც სააკაშვილი ციხეში ზის და არა აქვს არც ახლა.

„ანუ, ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს ციხეში გადაიყვანონ თუ საზღვარგარეთ გაუშვებენ სამკურნალოდ დამოკიდებულია იმაზე რა აძლევს ხელს „ქართულ ოცნებას". თუ „ქართული ოცნება" ჩათვლის, რომ მისთვის მომგებიანი იქნება ციხეში გადაიყვანონ - გადაიყვანენ ციხეში. თუ ჩათვლის, რომ მისთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იქნება სამედიცინო დაწესებულება „ვივამედში" ყოფნა, დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებაში. თუ „ქართულ ოცნებას" ხელს აძლევს, რომ გაუშვას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, გაუშვებენ, და არა ისე როგორც ამას ევროპარლამენტარები მოითხოვენ",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილის გადაყვანა-არ გადაყვანა ციხეში თუ საზღვარგარეთ დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მორიგ დასკვნაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„ამ ეტაპზე მე არა მგონია რომ ხელისუფლების გეგმებში და ინტერესებში შედიოდეს სააკაშვილის გაშვება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც შეეხება ციხეში მის დაბრუნებას, ალბათ უნდა დაველოდოთ მორიგ სამედიცინო დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„თუ ეს დასკვნა იქნება ისეთი, რომ მისცემს საფუძველს ხელისუფლებას, კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროს გადაიყვანოს, მე ვფიქრობ, ვერანაირი ევროპარლამენტარების წერილები მასზე გავლენას ვერ მოახდენს. მითუმეტეს ასეთი წერილები არაერთხელ დაწერილა.

„რატომ არ შედის „ქართული ოცნების" ინტერესებში სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? პასუხი ხელის გულზე დევს, საარჩევნო წელია - როგორ ფიქრობთ „ქართული ოცნების" ამომრჩეველს მოეწონება ხელისუფლების მხრიდან - მე მგონი, რომ არ მოეწონება" -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×