ნაზი ბერიძე
18.01.2024

ოთხშაბათს ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით (565 ხმით 26-ის წინააღმდეგ) მიიღო რეზოლუცია, რომელიც კომუნისტური ჩინეთის გავლენისგან გათავისუფლების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს რთულ სიტუაციში აგდებს საქართველოს, რომელიც ორივე ამ გლობალურ ძალასთან თანამშრომლობს და თანაც წარმატებულად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. როგორც პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, ძალიან მოქნილი დიპლომატია უნდა აწარმოოს, რათა არც ერთ მხარესთან არ გაიფუჭოს ურთიერთობა.

ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპარლამენტმა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური ექსპანსიისა და გავლენის შემცირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა ჩინური კომპანიების სისტემატიური სკრინინგი უნდა განახორციელონ და, საჭიროების შემთხვევაში, გაწყვიტონ კიდეც ურთიერთობა პოტენციურად სახიფათო პარტნიორებთან. ევროპარლამენტის შემდეგ რეზოლუციაზე მუშაობა ევროკომისიამ უნდა დაიწყოს, რომლისგანაც დეპუტატები შედეგს ელოდებიან.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ გეოპოლიტიკური აუცილებლობლობიდან გამომდინარე საქართველო ვერ აირჩევს ერთ ვექტორულ პოლიტიკას, მისი პოლიტიკა მრავალწახნაგოვანია და დაცულია ოქროს შუალედი. ევროკავშირის რეზოლუცია კი განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატების გავლენით.

„ეს ისეთი საკითხია, რომელიც ძალიან მრავალწახნაგოვანი თემაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან, ჩემი აზრით, საქართველო, მისი გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგადად იმ კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელშიც ის აღმოჩნდა მიმდინარე მოვლენების შედეგად, ვერ გამოიკეტება რაღაცა ერთ ნაჭუჭში და ვერ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ ერთ მიმართულებაზე - ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. ამიტომაც, ის მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ამჟამინდელი ხელისუფლება გამოწვეულია სწორედ იმ გეოპოლიტიკური აუცილებლობით, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და იმ გამოწვევებით, რაც ამ გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარეობს.

„რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას, ასე ვიტყოდი, ეს არის რეზოლუცია რეზოლუციისთვის - ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის წამყვანი კომპანიები აქტიურად მუშაობენ ჩინეთში. შესაბამისად, ძალიან მაღალი დონის ვიზიტები განახორციელეს ამას წინათ ჩინეთში ევროკავშირის ლიდერებმა: გერმანიის, საფრანგეთის ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და სხვებმა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს რეზოლუცია, მათ შორის, რაღაცნაიარად ამერიკის შეერთებული შტატების ზეგავლენა ხომ არ არის. სწორედ მას აქვს პრობლემები ჩინეთთან და შესაბამისად ევროკავშირიც მისი პოლიტიკის ფორვარტერში მიდის.

„შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ, მე მგონი, ამ შემთხვევაში უნდა დაიცვას ოქროს შუალედი, ანუ მან უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკა, რაც არის ჩაწერილი ქვეყნის კონსტიტუციაში და განაგრძოს გზა ევროკავშირთან წევრობის მოლაპარაკებაზე. (რამდენადაც მე ვიცი, ეს პროცესი დაწყებულია.) მაგრამ, პარალელურად განავითაროს ისეთი ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც არ დააზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჯერჯერობით, რასაც მე ვუყურებ როგორც ანალიტიკოსი, ოქროს შუალედი მეტ-ნაკლებად დაცულია," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველომ უნდა გაატაროს ძალიან ფრთხილი, მოზომილი პოლიტიკა და არცერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის იგნორირება არ მოახდინოს, ამასთან არ უნდა დაივიწყოს საკუთარი პრიორიტეტებიც.

„ეს არის ერთერთი სერიოზული საკითხი, რომელზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ და არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამაც. ჩვენს ინტერესებშია, რომ გვქონდეს კარგი ურთიერთობა ყველასთან, მათ შორის ჩინეთთან, განსაკუთრებით შუა დერეფნის პროექტისა და იგივე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გამო. მაგრამ, ასევე იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ჩინეთთან ზედმეტად დაახლოებამ პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეზე, არ გამოიწვიოს და არ შეუქმნას საქართველოს ისეთი იმიჯი, რომ საქართველო აღარ არის დაინტერესებული ევროინტეგრაციით დემოკრატიის აშენებით და სხვა, ასე ვთქვათ, გეგმები აქვს.

„ამასთან, ამას სჭირდება კარგად დაფიქრებული და მოზომილი პოლიტიკა, რომ არცერთ მხარეს არ ჰქონდეს რაღაცა ისეთი განწყობა, რომ ჩვენ რაღაცნაირად იგნორირებას ვუკეთებთ. ეს მოითხოვს ძალიან რაფინირებულ დიპლომატიას. საკითხავია, რამდენად შევძლებთ ამას. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან პატარა ქვეყანა ვართ და არა გვაქვს იმის კომფორტი, რომ ჩინეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარი ვთქვათ. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პრიორიტეტები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია და მათ შორის ჩინეთთან განხორციელებული პროექტები შეთანხმებული უნდა იყოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს", - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×