თამთა ჩაჩანიძე
18.01.2024

გახარიასა და „ოცნებას" შორის დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება - ყოფილმა პრემიერმა ბოლო განცხადებაში „ოცნების" ლიდერებს „პატარა მშიშარა ბიჭები" უწოდა, რასაც მმართველი პარტიიდან მყისიერი პასუხი მოჰყვა, რომ გახარიას „ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს". ანალიტიკოსთა შეფასებითაც, მწვავე განცხადებები შესაძლოა საარჩევნო კამპანიის ნაწილიც იყო.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, დიდი ალბათობით გახარია წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურაღების მიპყრობას ცდილობს, თუმცა ეეჭვება, რომ მისმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

„2%-იან ზღვარზე მყოფი გიორგი გახარია და მისი ე.წ. პარტია საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, მოღალატე გახარია ტრადიციულად ტყუილებს და სიბრიყვეებს ამბობს და ჰგონია, რომ პოლიტიკურ ველზე ინტელექტუალად წარმოჩინდება. ამ დროს ყველაფერი პირიქითაა, გახარიას სხვა თანაგუნდელები კიდევ უფრო მეტ სისულელეზე წავიდნენ და აცხადებენ, რომ თურმე რამდენიმე საკრებულოში ენმ-სთან კოალიციის შექმნა ინტერპარტიულ კოალიციას არ ნიშნავს. თავიანთ მიმდევრებს ამ სისულელეებით კვებავენ.

„გახარიამ საარჩევნო კაპანია გინდ დაიწყოს და გინდ არა, არაფერს ნიშნავს, რადგან ის ნულოვანი პოლიტიკოსია, რაც არ უნდა ვითომ მწვავე განცხადებები გააკეთოს და სისულელეები ატირაჟიროს, მაინც ვერანაირ პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს. ის არჩევნებში პირწმინდად წააგებს, როგორც მანამდე წააგო. „ლელოს" გზას გაუყვება, რომელიც საარჩევნო კამპანიებში უამრავ ფინანსებს ხარჯავს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევს. მარგინალებად დარჩებიან და კვლავ „ნაცმოძრაობის" მავნებლურ გზავნილებს გაიმეორებენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ.

„რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დემოკრატიის ერთ-ერთი შემაფერხებელი მთავარი ძალაა და ეს პერსონაჟები რაც უფრო მარგინალურ სივრცეში გადაინაცვლებენ, ქართული საზოგადოებისთვის და სახელმწიფო შემდგომი განვითარებისთვის მით უკეთესია. მე პირადად გახარიასა და მისნაირების განცხადებას დიდი იუმორით ვუყურებ და მებრალებიან, რომ ასეთ ვითარებაში თავისი ნებით ჩაიგდეს თავი", - განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია, რომ გახარიას წინააღდეგ საქმე აღიძრას, აბაშიძემ გვითხრა: „ნებისმიერი პოლიტიკოსის, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ეს სამართალდამცავ სტრუქტურათა ექსკლუზიური კომპეტენციაა, ეს არანაირად არ შედის მმართველი პოლიტიკური ძალის არცერთი პოლიტიკოსის დღის წესრიგში. თუ სერიოზული ბრადებები და მტკიცებულებები არსებობს, გახარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამაზე გამომძიებლებმა და სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამ თემაზე სხვა დანარჩენი პოლიტიკური ინსინუაციები დაუშვებელია.

„ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ლეგიტიმური შეკითხვა დასვას, მაგრამ შეკითხვებზე პასუხის გამცემები მართლმსაჯულების წარმომადგენლები არიან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

„ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაციები აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს არ არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა," - ამბობს გახარია.

საპასუხოდ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები არის სპეკულაცია, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს.

„არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის გაკეთება იმაზე, გახარია რამდენჯერაც გამოვა და რაღაცას იტყვის. ალბათ მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია. რეალურად ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციაშია, მათთან თანამშრომლობს. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ის, რომ რეგიონებში კონკრეტული კოალიციები აქვს შექმნილი. ასე რომ, დღეს გახარია და „ნაციონალური მოძრაობა" ერთია და შეიძლება მათ შორის განსხვავება ვერ იპოვოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ მოლოდინი აქვთ, წინასაარჩევნოდ პარტიის თავმჯდომარისა და ექსპრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს მომხდარ გადაცდომებსა და შესაძლო დანაშაულზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები პერიოდულიად საუბრობენ ხოლმე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ორიოდე დღის წინ გახარიამ პოლიტიკაში ახლადდაბრუნებულ „ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს დებატები შესთავაზა, „ოცნების" მხრიდან გახარიასადმი ბრალდებები კიდევ უფრო გახშირდა.

მას მერე, რაც გახარიამ ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპასუხო პოსტი დაწერა. ის ახსენებს 20 ივნისის, კლუბ „ბასიანისა" და პანკისის მოვლენებს, ასევე საუბრობს იმ კოალიციაზე, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარიას პარტიამ ენმ-სთან შექმნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×