თამთა ჩაჩანიძე
18.01.2024

საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?"

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე. ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე და საჯაროდ გადაუხადა მადლობა ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ღარიბაშვილთან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და თურქული ჰოლდინგის „საბანჯის" ხელმძღვანელი ჩენკ ალპერი მონაწილეობდნენ. ღარიბაშვილმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა პანელური დისკუსიის პრგანიზატორებს, ვუჩიჩს კი არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა ქვეყნის ეკონომიკა და „ამჟამად მივიჩნევით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ მსოფლიოში".

„ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპი 10.5% იყო. ასევე, 2022 წელს ზრდის მაჩვენებელი 10.4% იყო, გასულ წელს კი 7%. ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში 1%-ზე ნაკლებ ნიშნულზე იყო. წელს ველით, რომ 5%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ეს ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ამიტომ, ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა ქვეყანაში, პოლიტიკურადაც სტაბილურია საქართველო. თქვენ ვაჭრობა ახსენეთ, და ეს მიმართულებაც, ზოგადად ყველაფერი, ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ვაფართოებთ სავაჭრო ურთიერთობებსა და კავშირებს. ასევე მინდა ვახსენო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო გასულ წელს. ეს განსაკუთრებით ასეა მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ახლა უკვე, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ველით საქართველოში", - განაცხადა მან.

თქვა, რომ „საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს" და საქართველოს ხელისუფლება ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი „ბოლომდე ერთგულია, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა".

„ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებაზე და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.

„უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონას გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონულ ჰაბადაც ვიქცეთ.ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება. ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა და განაგრძობს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.

„რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანამდე, დავოსის ფორუმის ფარგლებში, ღარიბაშვილმა იუსაიდის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ".

დისკუსიაზე სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის თქმით კი პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას 75%-იანი კლება დაფიქსირდა.

ამის გარდა ღარიბაშვილი, დავოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებსა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის - პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის - ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა თურქულ კომპანია „ქოჩ ჰოლდინგის" აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა. შემდგომ ღარიბაშვილი კომპანია „მაერსკის" ხელმძღვანელ რობერტ მაერსკ უგლასაც შეხვდა. დავოსში გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში „ეიპიემ ტერმინალსის" საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო.

პრემიერი შეხვდა არაბთა გაერთიანებულ საამიროების ენერგეტიკული კომპანია „ტაქას" ხელძღვანელს იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×