ნაზი ბერიძე
18.01.2024

მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული ბიზნესების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. პოლიტიკის ანალიტიკოსების აზრი იმაზე, რამდენად პრობლემურია ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსხვავებულია.

გასულ წელს საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა ბიზნესი დააფუძნეს - ამ ინფორმაციას „ფორბსის" რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს. კერძოდ, 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 13 ათასი იურიდიული პირი დაარეგისტრირეს. მანამდე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის თებერვლამდე რუსებმა დაარეგისტრირეს 16 ათასი ინდმეწარმე. შედარებისთვის, 1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე რუსების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 8 ათასს არ აღემატებოდა.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. „აქ მე საფრთხეზე არ ვილაპარაკებდი, რადგან ლაპარაკია საწარმოო ობიექტების დაფუძნებაზე. თუ ის საწარმო წესიერად ასრულებს თავის ფუნქციას, გადასახადს იხდის ა.შ. ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა," - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა

უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი საეჭვო სიტუაციაზე მიუთითებს წმინდა ეკონომიკური და გეოეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში

„საფრთხე არსებობს, რადგან შეიძლება საქმე გვქონდეს ორმაგი ტექნოლოგიების შემოტანის ტენდენციასთან, შეიძლება გააძლიეროს რბილი ძალის გამოყენების ფაქტორი, ასე რომ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია.

„სამწუხაროდ, ჩვენ რუსეთთან გვაქვს საომარი მდგომარეობა დე იურე. მტრულად განწყობილი სახელმწიფოა და ამდენი ეკონომიკური თუ ფინანსური აქტიურობა ძალიან ბევრ საეჭვო სიტუაციას ბადებს წმინდა ეკონომიკური უსაფრთხოების და გეოეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში. შესაბამისად, ამ კუთხით გარკვეული საფრთხეები არსებობს.

„ჩვენ არ გვყავს ისეთი სპეციალისტი საქართველოში, მაგალითად საფინანსო კონტრდაზვერვით კუთხით, რომ ეს ძალის სენსისტიური საკითხი გააკონტროლოს", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×