თამთა ჩაჩანიძე
19.01.2024

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ „ოცნება" არჩევნებზე 60%-ს აიღებს, ოპოზიციამ გაიგო, როგორც „არჩევნების ჯიბეში ჩადება", და მიაჩნიათ, რომ ერთადერთი საშუალება ქუჩის პროტესტია და შესაძლოა ეს მოხდეს არჩევნებამდე.

როგორც დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო პარტია ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის და ამავე დროს „არჩევნები ჯიბეში აქვს ჩადებული", ხელისუფლების შეცვლისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება და ეს არის პროტესტი სხვაგვარად.

„ისმის კითხვა: რა გიზით დავასრულოთ ქვეყანაში ეს ანომალია? კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა გზაც რჩება და ნურავის ნუ ეშინია ამ სიტყვის თქმის. ხალხს აქვს უფლება, როდესაც მას წაართმევენ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას, გამოხატოს თავისი პროტესტი სხვაგვარად. ვაღიარებ იმას, რომ დღეს ოპოზიცია ვერ დგას სათანადო მოწოდების სიმაღლეზე. ახლა ოპოზიციის მხრიდან არის ახსნა-განმარტების დრო და ამავე დროს, არის მოქმედების დრო და ამავე დროს ეს მოქმედება გვიანდება. პარტიული ინტერესების დაბალანსება არ შეგვიძლია და ამ დროს ივანიშვილ-კობახიძეს გაწერილი აქვთ საქმე თუ როგორ მიიტაცონ ამ ჯერზეც ძალაუფლება. ოპოზიციაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე გვაქვს არასტანდარტულ შემთხვევასთან", - განაცხადა ახვლედიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პროტესტი როდის უნდა მოხდეს, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ახვლედიანი პასუხობს, „რა თქმა უნდა, არჩევნებამდე".

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რას ნიშნავს ამ მოცემულობით არჩევნებისკენ წასვლა. ეს არის წყლის ნაყვა. ამ პროტესტში, მხოლოდ, ქუჩის პროტესტი არ მიგულისხმია, თუმცა ეს არის შესანიშნავი ფორმა. ასე რომ, ოპოზიციის ნაწილში გამოსავალი ის არის, რომ ოპოზიცია გადაეწყოს ახალ რელსებზე", - განაცხადა ახვლედიანმა „პალიტრანიუსთან".

ის პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების პირობებში „ოცნება" ქართველი ხალხი დაამარცხებს".

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ „დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება" სულ მცირე 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ოცნება" ნამდვილად მოიგებს, თუმცა იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციური პარტიები ენმ-ს გარდა, საარჩევნო ბარიერს ვარ გადალახავს, „ოცნება" კი 30-35%-ს აიღებს. მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო აქციების დაწყება არჩევნებამდე არასწორი იქნება.

„ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება" ამ არჩევნებს ნამდვილად მოიგებს, მაგრამ არა 60, არამედ 30-35%-ს აიღებს და მოიგებს იმის ხარჯზე, რომ პარტიების უმრავლესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ბარიერს ორი პარტია გადალახავს, ეს იქნება „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" - ჯამურად ისინი 60%-ს მიიღებენ მეტს ვერა, მაგრამ რადგან მანდატების 40% გადასანაწილებელი დარჩება, აქედან გამომდინარე გაიმარჯვებს „ოცნება" და არა იქიდან, რომ 60%-ს აიღებს. ამ პროცენტს ვერცერთ ვარიანტში ვერ აიღებს.

„რაც შეეხება იმას, რომ თავიდანვე დავიწყოთ პროტესტი, არა მგონია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. „ოცნება" მოსახლეობაზე ძალიან კარგად მუშაობს, რადგან სტაბილურობა და მშვიდობა შეინარჩუნა და დღეს რომ პროტესტს იწყებ, რაზე იწყებ, რომ მომავალ არჩევნებს გააყალბებს? მაშინ ფაქტები უნდა დადო.

„ამიტომ, ჩემი აზრით, კატეგორიულად მიუღებელია ამ თემაზე საპროტესტო აქციების გამართვა. თუ აქციები საჭირო გახდება, უნდა გაიმართოს არა საპროტესტო, არამედ იმაზე თუ რას ჰპირდება ხალხს ოპოზიცია და რას იზამენ, როცა ხელისუფლებაში მოვლენ. ანუ პოზიტიური აქციები უნდა იყოს და არა ნეგატიური. ფაქტიურად ამ აქციებით საარჩევნო კამანია უნდა დაიწყონ და არა საპროტესტო.

„თუ მოსახლეობამ ვერ ნახა, რომ არჩევნები რეალურად გაყალბდა, ის კი არა რომ ტელევიზიიდან რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და ამიტომ გამოვდივართო. თუ ეს მოსახლეობამ რეალურად ვერ ნახა, მას მხარდაჭერა არ ექნება არც არჩევნებამდე და არც მის მერე. მეც დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული გაყალბებები მშვენივრად იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ზღვარგადასული, 1995 წლიდან მოყოლებული საქართველოში აბსოლუტურად ყველა არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ზოგი რაღაც ფარგლებში ჯდებოდა და ზოგი ფარგლებს გარეთ გადიოდა.

„როცა არჩევნების გაყალბება ფარგლებს სცდებოდა, მაშინ მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა და აპროტესტებდა, თუ ახლა მოსახლეობა ამას ვერ ნახავს და რომელიმე ოპოზიციონერი იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, ამით საპროტესტო მუხტი არც აიწევა და არც არაფერი არ მოხდება. ამიტომ ოპოზიციის ამოცანა საპროტესტო აქციებისთვის მზადება კი არ უნდა იყოს, არამდე საარჩევნო აქციებისთვის უნდა მოემზადონ. თუ ოპოზიციას შეუძლია, რომ მოსახლეობას რამე შესთავაზოს, ეს მხოლოდ ტელევიზიიდან კი არ უნდა უთხრას, არამედ გამოვიდნენ მიტინგზე და იქ განაცხადონ თუ რას აპირებენ და თუ შენ იმის თავიც არ გაქვს, რომ მშვიდობიანი ხალხმრავალი აქცია გამართო, საპროტესტოს მით უმეტეს ვერ გამართავ. ამ ყველაფერს დაფიქრება და ისე გადაწყვეტა უნდა", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×