ნაზი ბერიძე
05.02.2024

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ქართულ ოცნებას" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. საქართველოს ხელისუფლება კი უკრაინის მთავრობას ბრალს სდებს სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოგზავნაში.

პოდოლიაკმა ტვ „ფორმულასთან" საუბარში აღნიშნა, რომ სააკაშვილის თემა უკრაინისთვის პრიორიტეტულია. „ბატონ სააკაშვილის ბედი ჩვენთვის პრიორიტეტულია. საგარეო საქმეთა სამინისტრო პერიოდულობით, ალბათ კვირაში ერთხელ უკავშირდება საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას ამა თუ იმ მოთხოვნით და უკრაინის პრეზიდენტი მრავალჯერ აცხადებდა იმას, რომ ის ითხოვს, გაშვებული იყოს სააკაშვილი არა უკრაინაში, არამედ ევროპულ ქვეყანაში, რათა [შესაბამისი] მკურნალობა ჩაუტარდეს", - აღნიშნა მან.

ამასთან, პოდოლიაკი მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას" სააკაშვილთან დაკავშირებით არასწორი მიდგომა აქვს არჩეული. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის გათავისუფლება ძალიან სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

„ეს ფენომენი ამოუცნობია ჩემთვის, მესმის, რომ „ქართულ ოცნებას" ეროვნული გზავნილები აქვს, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით ისტორიულად არასწორი სტრატეგია აქვთ. ისტორია უნდა წერდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში და ის შეიძლება გაშვებული იყოს ნებისმიერ ქვეყანაში, რათა შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს.

„მე ყოველთვის ხაზს გავუსვამ და ვიტყვი იმას, რომ უკრაინა ძალიან დაინტერესებულია იმაში, რომ სააკაშვილი სრულიად იყოს გათავისუფლებული და შეეძლოს თავისუფლად ყოფნა და არა პატიმრობაში. ისტორიული სამართლიანობისთვის, იმისთვის, რომ ისტორია გამოიყურებოდეს ეფექტურად და სწორად, ეს იქნებოდა ძალიან კარგი მოქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ძალიან სწორი იქნებოდა მათი მხრიდან ჰუმანური ნაბიჯის გადადგმა სააკაშვილთან დაკავშირებით", - თქვა პოდოლიაკმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას „ინტერპრესნიუსს" განუცხადა: „ბატონ პოდოლიაკს მოვახსენებ, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი - ჯერ მათ გასცენ პასუხი სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოგზავნასთან დაკავშირებით უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვას".

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის და მკურნალობის კუთხით სრულყოფილად არის უზრუნველყოფილი.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულყოფილი უზრუნველყოფა ჯანდაცვის და მკურნალობის კუთხით და ეს ყველაფერი მრავალჯერ სხვადასხვა ყველაზე კომპეტენტური სამედიცინო დასკვნებით და მისი ფაქტობრივი ჯანმრთელობის მდგომარეობით დადასტურებულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც ზოგადად, ჩვენი კანონის და ჩვენი ქვეყნის ჰუმანური მიდგომებით არის განპირობებული," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება საქართველოში.

„პერიოდულად ააქტიურებენ ხოლმე სააკაშვილის შეწყალების თემას. უკრაინის ხელისუფლებას, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ - წარმოდგენა არა აქვთ აქ რა ხდება. ეს ცუდია ძალიან, ამას ვამბობ ძალიან დიდი მწუხარებით. ეს არ უწყობს რეალურად ხელს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ნორმალიზებას. სააკაშვილს არ გაათავისუფლებს ეს ხელისუფლება, ეს ყველამ იცის და მე არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის ამ სიტუაციაში საქართველოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა, იმის მიუხედავად ჩვენ როგორი შეხედულება გვაქვს საქართველოს ხელისუფლებაზე, იყოს კარგი. მე მგონია რომ ეს არც უკრაინის ინტერესებში არ არის და არც საქართველოს ინტერესებში",-განაცხადა „რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ სააკაშვილმა დაკარგა გათავისუფლების იმედი.

„რატომ გააქტიურდა შეწყალების თემა? ჩემი აზრით, სააკაშვილმა დაკარგა ყოველგვარი იმედი, რომ ის გათავისუფლებული იქნება. ამიტომ იქაურ „მამებს" სააკაშვილის პატრონებს ეშინიათ პოდოლიაკმა პირი არ მოაღოს და არ ილაპარაკოს ის რაც აშინებთ მაგათ. სააკაშვილის საქართველოში შემომშვებ მამებს, ვინაიდან ეშინიათ, რომ სიმართლე გამჟღავნდება. და სიმართლე ერთია - სააკაშვილის აქ შემოშვება იყო დაგეგმილი ამოცანა.

„სააკაშვილი საქართველოში შემოშვებულია სააკაშვილის და პოდოლიაკის მამების მიერ, რომელსაც ისინი ემორჩილებიან. ანუ, მსოფლიოში არსებული გლობალური ომის პარტიის მიერ არის შემოშვებული სააკაშვილი აქ.

„პოდოლიაკის განცხადებას შევაფასებდი, როგორც ერთი ხელმოცარული პოლიტიკოსის განცხადებას, რომელსაც ძალიან გართულებული აქვს ვითარება უკრაინაში და ახლა ცდილობს ყურადღების გადმოტანას აქეთ. ვინაიდან დარწმუნებული არის, სიტუაცია ისე მიდის, რომ მას იმაზე უარესი ბედი ელის, ვიდრე სააკაშვილს ",-განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×