თამთა ჩაჩანიძე
12.02.2024

მმართველი პარტია აცხადებს, რომ კორუფციასთან მასშტაბურ ბრძოლას იწყებს „ოღონდ არა „ნაცმოძრაობის" მეთოდებით" - ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა უმრავლესობაში, ორშაბათს განახლებული მთავრობის პირველი სხდომის მთავარი გზავნილიც ეს იყო პრემიერ ირაკლი კობახიძისგან და 30 დეკემბერს პოლიტიკაში დაბრუნებულმა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ„ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება".

ოპოზიცია კი მმართველ პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი საკუთარ გადაწყვეტილებებს „ასაიდუმლოებს, ეს არის უკვე ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება".

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება იყოს „ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიაც და პრობლემის რეალური აღმოფხვრის სურვილიც. თუმცაღა. საზოგადოებაში კორუფციის თემის მომწიფება „თავისთავად ასე ადვილი არაა".

შეფასებები ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

როცა კორუფციის წინააღმდეგ ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით დაწინაურებული ვართ, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებად წარმოჩენით არ უნდა მოხდეს, - აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, ძალიან მკაფიო გზავნილები, რომელიც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველ სხდომაზე წარმოთქვა, ძალიან მარტივად გასაგები იყო.კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დაკავებები, მდინარაძემ განაცხადა, რომ დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის, ხოლო თუ ადამიანი დასაკავებელია, იმას დააკავებენ.

„პრემიერის გზავნილი იყო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

„როცა ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებული, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის" მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებით არ უნდა იყოს.

„დინამიურად სწორი მოქმედებით შეიძლება კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ქვეყნების ათეულში აღმოვჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილი შემთხვევითი არ იყო", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

ამბობს, რომ საქართველოს, „ისევე როგორც ყველა ქვეყნის", ერთ-ერთი გამოწვევაა ბიუროკრატიული საკითხები, მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ რიგი საკითხები უფრო მარტივად გადაწყდეს, საჯარო მოხელე თუ ხელშეკრულებით აყვანილი პირი ბოლო ვადას არ უნდა დაელოდოს.

„არაერთი ამბავი მსმენია, რომ მაგალითად საჯარო მოსამსახურეს რაღაც ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადა აქვს და დღემდე შემორჩენილია ბიუროკრატიული ხარვეზი, როცა ვიღაც პასუხს ბოლო მეათე დღეს აგზავნის. ამით ბუნებრივია, მოქალაქეები ღიზიანდებიან და ამას გამოხატავენ. სწორედ ეს იყო პრემიერის გზავნილი, რომ სერვისები უნდა გაუმჯობესდეს - თუ შესაძლებელია, რომ მოქალაქეს მეორე, მესამე დღეს გასცენ პასუხი, ამას ათი დღე არ სჭირდება. სამწუხაროდ, ვხვდებით შემთხვევებს როდესაც ეს თვეობით გრძელდება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

12 თებერვლის სხდომაზე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ძალიან კარგი შედეგები აქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. მთავარია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ.

„ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები, დიდი მადლობა, შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ კობახიძის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც შეიძლება გასაჯაროვდეს მთავრობის განკარგულებები.

„სამთავრობო გადაწყვეტილებების გასაიდუმლოება უკვე სამი წელია იყო გამოწვეული იმ მიზეზით, რომ მათ არ სურდათ თავიანთი კორუფციული გარიგებები, გადაწყვეტილებები არ გამხდარიყო საზოგადოებისთვის საჯარო, სწორედ აქედან გამომდინარე არაერთხელ, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში ეს ფაქტი მკაფიოდ აღინიშნა. საქართველომ დაიწყო უკუსვლა საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც საქართველოს კორუფციულ მდგომარეობას ასახავს.

„ბოლოს სამი საფეხურით გვაქვს დაქვეითება კორუფციის აღქმის ინდექსში, კორუფციის ბიზნეს მატრიცაში ჩვენ 2014 წელს მე-11 პოზიციაზე ვიყავით და ახლა ვართ უკვე 33-ე ადგილზე, ანუ სამჯერ გაუარესდა მდგომარეობა. ეს გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის კორუფციულმა პირამიდამ, რომელშიც ჩართულია როგორც პრემიერ - მინისტრები, ასევე მინისტრებიც და მათი შემსრულებლებიც.

„ამ ხელშეკრულებების გასაჯაროება თუ არის რეალური გადაწყვეტილება იმისკენ, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ელიტური კორუფციის აღმოფხვრას, მნიშვნელოვანია ეს სამი წლის პერიოდი, რომელ პერიოდშიც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა გუნდა დაიტაცა სახელმწიფო ქონებები, დაიტაცა სახელმწიფო ბიუჯეტი, გასაჯაროვდეს და ყველა მაღალი თანამდებობის პირმა აგოს პასუხი კანონის წინაშე.

„ნაცვლად იმისა, რომ მათ გამოეყენებინათ სახელმწიფო რესურსი, სახელმწიფო მიწები, სახელმწიფო ქონება იმისთვის, რომ ქვეყანაში განვითარებულიყო ეკონომიკა, შექმნილიყო დამატებითი სამუშაო ადგილები, ადამიანებს რომ მიეღოთ ღირსეული შემოსავალი, მათ სახელმწიფო რესურსები და სახელმწიფო ქონება გამოიყენეს მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის, საკუთარი კორუფციული ინტერესებისთვის, რაც რეალურად დადასტურდა იმით, რომ ეს საკითხი არაერთხელ მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში.

„როცა ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი საკუთარ გადაწყვეტილებებს ასაიდუმლოებს, ეს არის უკვე ელიტური კორუფციის მთავარი მტკიცებულება, რომელიც როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე მთლიანად ბიძინა ივანიშვილის „კლანის" წინააღმდეგ იქნება გამოყენებული." - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

კორუფციასთან ბრძოლა როგორც „ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება იყოს „ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიაც და პრობლემის რეალური აღმოფხვრის სურვილიც.

„ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. დემოკრატიულ სისტემებს არჩევნები იმიტომაც აქვთ შემოტანილი, რომ არჩევნების და გადარჩევის გზით, ყველა პოლიტიკური ძალა აიძულონ ისე მოიქცენენ, როგორც ხალხს უნდა. გულში ვინ რას ფიქრობს, ეს დემოკრატიას არ აინტერესებს - მას აინტერესებსხალხს თავისი სურვილის და გემოვნების შესაბამისი ცხოვრება ჰქონდეს.

„ამდენად, ეს თუ არჩევნებისთის უნდათ, კარგია, ესე იგი ნაკლებად კორუფციულ ცხოვრებას მივიღებთ. თუკი ეს თავიანთი თავებისთვისაც უნდათ - ეს კიდევ უფრო უკეთესი. ასე, რომ სიკეთის სურვილი და არჩევნებზე კარგი სახით წარმოჩენა, ერთმანეთს დიდად არ უპირისპირდება.

„კორუფციის თემის მომწიფება თავისთავად ასე ადვილი არაა, ამ თემამ ძალიან კარგად იმუშავა 2003 წელს, როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა - შევარდნაძის ხელისუფლებაში კორუფციის საკითხი იდგა, ოღონდ იქამდე 2000 წლიდან, დაახლოებით სამი წელი ისეთი ძლიერი ტელევიზია, როგორიც მაშინ „რუსთავი 2" და მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო, ამ თემას პედალირებდა, რომ კორუფციაა. თავისი სახეებით, სახელებით და ა.შ.

„შემდეგ უკვე 2003 წლისთვის კორუფციის პრობლემის მიმართ ხალხი უკვე ძალიან მგრძნობიარე იყო, ყველაფერს მომწიფება უნდა. არის ქვეყნები (აზიურ ქვეყნებს ვგულისხმობ), სადაც კორუფციის გარეშე არაფერი კეთდება, მათთვის კორუფცია ცხოვრების წესია და არა კანონდარღვევა. ჩვენთან ხალხმა რომ რეაქცია მისცეს, უნდა გაუხადო ცხადი, რომ ეს მრუდე წესია და კანონით ცხოვრება უკეთესია. ასეთი ფონის გარეშე, მარტო იმის დაძახება, რომ კორუფციას ვებრძვითო, შეიძლება ხალხის მხარდაჭერის მხრივ იმდენად ქმედითი არ იყოს",- განაცხადა მან.

ანალიტიკოსმა მამუკა მდინარაძის განცხადება და პოზიციაც შეაფასა.

„მდინარაძის პოზიცია „ნაცმოძრაობის" ბრძოლის მიმართ შემთხვევითი არაა, რადგან ფაქტია, რომ ენმ-ს ფინანსური შესაძლებლობები, დღესაც კი, როცა ის უკვე 11 წელია ხელისუფლებაში არაა, საკმაოდ შთამბეჭდავია. შეიძლება ეს ფინანსური რესურსი „ნაცნმოძრაობას" კორუფციის გარეშე ჰქონოდა?! მითუმეტეს, რომ წასული ხალხის კონკრეტული სახელებიც ითქმება.

„ესე იგი, ენმ-ს კორუფცია ჰქონდა, ამავე დროს კორუფციას ებრძოდა, ამიტომაც შემოვიდა ასეთი ტერმინი - ელიტარული კორუფცია. გამოდის, რომ შერჩევითი ბრძოლა იყო - კორუფციასთან ბრძოლა მეტოქiს მიმართ დაუნდობელი იყო და მომხრის მიმართ ბრძოლის საკითხი საერთოდაც არ დგებოდა.

„მეტოქის, ან ვის მიმართაც რა ინტერესი ჰქონდათ, ძალიან დაუნდობელი იყო ბრძოლა თავის გადავსებული ციხეებით, წართმეული ქონებით და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკური პოლიტიკა კორუფციის ჩათვლით, ანალიზს მოითხოვს და კარგი იქნება თუ გააკეთებენ. მე ჩემს შთაბეჭდილებებს ვამბობ, თორემ ისე ეკონომისტები უნდა დასხდნენ და ეს სურათი შექმნან რა სისტემა იყო ენმ-ს დროს, რა იყო მასში მისაღები და მიუღებელი.

„როგორც ჩანს, ახლა მდინარაძემ ეს იგულისხმა, რომ ენმ-ში რაღაც მიუღებელი იყო, რასაც ესენი არ გაიმეორებენ, რას გულისხმობენ, ალბათ უნდა გაიშიფროს",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ კორუფციასთან გაცხადებულ ბრძოლას შესაძლოა ერთადერთი მიზანი ჰქონდეს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ რელსებზე სრულად გადაეწყოს.

„ამას შეიძლება ერთადერთი მიზანი ჰქონდეს, ესაა ის, რომ ქვეყანა დემოკრატიული, განვითარებული უნდა იყოს და იმ რელსებზე დამდგარი, რომელზეც პროგრესული კაცობრიობაა. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, კორუფციასთან ბრძოლა აუცილებელია. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან კორუფცია ქვეყანას ხრავს.

„კორუფციის მცირედი გამოვლინებაც კი, ამა თუ იმ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, მით უმეტეს ჩვენ დემოკრატიის გზაზე ახალფეხადგმული ქვეყანა ვართ და ეს ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია. კორუფციასთან ბრძოლა რა თქმა უნდა აქამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ, ალბათ პრემიერმა ამაზე განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ეს ბრძოლა გაუმჯობესდეს.

„ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყოს მიმართული. არა, ქვეყნის ხელისუფლება ამ ბრძოლას ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა და ახლა აგრძელებს. არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც კორუფცია არაა, მაგრამ ყველგან მეტ-ნაკლები პროცესებია.

„მასთან ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით არ შეიძლება, ის ერთხელ და სამუდამოდ უკუვაგდეთ, როცა ღამით, ტელევიზიების წინ, შიველ-ტიტველ ცოლ-ქმარს უვარდებოდნენ, სურათებს უღებდნენ და შემდეგ გამოძალვისთვის ათასგვარ წამებას და აღმკvეთავ უბედურებებს, ცოცხებს და რას აღარ იყენებდნენ. ეს იმ დემოკრატიული მეთოდებით უნდა განხორციელდეს, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებშია მიღებული",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×