თამთა ჩაჩანიძე
13.02.2024

რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის დე ფაქო ძალოვანის სტრუქტურების ლოიალურობის იმედი აღარ აქვს და ცდილობს სამართლებრივი საფუძველი შექმნას იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინტერესების დასაცავად, აფხაზეთში რუსი სამართალდამცავების შეყვანა შეეძლოს. ასე აფასებს კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ე.წ. შეთანხმებას დე ფაქტო შსს-ს და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურს („როსგვარდია") შორის, რომლის გაფორმებაც ბოლო წამს ჩაიშალა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები თანხმდებოდნენ თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ურთიერთ დახმარებაზე. ეს აფხაზურმა საზოგადოებამ ისე აღიქვა, რომ რუსეთს უფლება ეძლეოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამა თუ იმ ობიექტის უსაფრთხოების დასაცავად, ან თუნდაც იმ შემთხვევაში, თუკი აფხაზეთში „კონსტიტუციურ მართლწესრიგს" საფრთხე დაემუქრებოდა, იქ „როსგვარდიის" ნაწილები შეეყვანა. აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ორშაბათს დე ფაქტო შს მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა შეთანხმების ჩაშლის შესახებ.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, ეს შესაძლოა შეთანხმების მხოლოდ გადადებას ნიშნავდეს. მისი თქმით, ახლო მომავალში აფხაზეთში რამდენიმე ისეთი ე.წ. კანონის მიღება იგეგმება, რომელიც წინასწარ იწვევს უკმაყოფილებას და ამ ეტაპზე კრემლისთვის წორედ ესაა პრიორიტეტული.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია „უცხოური აგენტებისა" და „აპარტ ოტელების" ე.წ. კანონებზე.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ წარადგინა კანონპროექტი, სადაც პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულს სხვა ქვეყნებიდან იღებენ, "უცხო ქვეყნების აგენტებად" არიან განსაზღვრული, მათ საქმიანობაზე კი შეზღუდვები წესდება. ამით კი ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთს სურს აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი დასავლური, თუ ევროპული გავლენები „ამოშანთოს".

ამასთან, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა რუსეთი როსგვარდიის თემას კვლავ მიუბრუნდეს, ამის მიზანი კი ისაა, რომ აფხაზური საზოგადოებისგან დიდ საპროტესტო ტალღას ელოდებიან, როგორც აპარტ ოტელების, ისე ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე.

ცნობისთვის, ასლან ბჟანიას აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ ოტელები ჯამში 30 ათასი აპარტამენტით. კანონპროექტზე, ე.წ. ხელისუფლებასა და აფხაზური საზოგადოებას შორის დიდი დაპირისპირებაა. ბჟანიას ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი უნდა დაიბლოკოს, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, აფხაზეთში მასიურად ჩასახლდებიან უცხოელები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები და აფხაზები კვლავ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

„როსგვარდიასა" და დე ფაქტო შსს-ს შორის შეთანხმებაც სწორედ ამას უკავშირდება. რუსებმა შესაძლოა სურთ, რომ თავისი ძალოვნები აფხაზეთში, ერთის მხრივ, სწორედ ბიჭვინთის აგარაკების და აპარტ ოტელების მშენებლობების დასაცავად შეიყვანონ; მეორე მხრივ კი, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემთხვევაში, „როსგვარდიის" ნაწილები შესაძლოა მომიტინგეების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა ორშაბათს ოფიციალურად თქვა უარი „როსგვარდიასთან" შეთანხმების გაფორმებაზე. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ „ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, რომ უცხო სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტიურებმა სახელმწიფოში უსაფრთხოება უზრუნველჰყონ".

„ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების მღელვარებას და შეშფოთებას. ამავდროულად, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს დეპარტამენტში, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ხელმძღვანელობაში, არ არიან ადამიანები, რომლებიც თანახმა იქნებიან თავისი პროფესიული საქმიანობა წარმართონ აფხაზური სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისათვის საზიანოდ", - განაცხადა კიუტმა.

მისივე თქმით, დე ფაქტო ხელისუფლებას „ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი პერსონალი ჰყავს". ამასთან, დასძინა, რომ „როსგვარდია" და ადგილობრივი შსს ითანამშრომლებენ „აფხაზი პოლიციელების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით".

რატომ დაიხია უკან დე ფაქტო ხელისუფლებამ

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი აპარტამენტების საკითხია და ასევე „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გატანა და ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ როცა აღნიშნულ საკითხებზე დაძაბლობა მეტ-ნაკლებად გადაივლის, შესაძლოა „როსგვარდიის" თემას კვლავ დაურუნდნენ.

„რუსეთი აშკარად ახორციელებდა ანექსიურ პოლიტიკას ბიჭვინთის მიმართულებით, რომ თითქოს დაცული უნდა იყოს ეს ობიექტი. ბიჭვინთა კი ვითომ გაიფორმეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერი კარგად იქნება, საპროტესტო გამოსვლები არაა გამორიცხული.

„რუსეთისთვის ყველაზე სერიოზული პროექტი აპარტამენტების საკითხია - კორპუსები უნდა ააშენონ და რუსები შეასახლონ. ამას კი აფხაზური საზოგადოებიდან საპროტესტო აქციები მოყვება. ამიტომ მემგონი რუსეთს თავის დაზღვევა უნდოდა - მთლად არ ენდობა აფხაზეთის მილიციას და „როსგვარდიის" შეყვანა სურდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო ინტერესები მას დაეცვა. მაგრამ აშკარად პროტესტი იგრძნეს.

„ეს შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს და მგონია, რომ რუსეთი ამ თემას მაინც უკან დაუბრუნდება. ახლა მათ გასავლელი აქვთ კანონი „უცხო ქვეყნის აგენტებზე" და ამიტომაც ვითარება არ დაამძიმეს. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია „უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტი ბოლომდე გაიტანონ. თუ ამას შეძლებენ და შემდეგ აპარტამენტის კანონსაც გაიტანენ, არ გამოვრივცავ, რომ „როსგვარდიის" თემას ისევ დაუბრუნდნენ და ვითომ სახეცვლილი ხელახლა მიაღებინონ.

„მგონია, რომ რუსეთი ამას კიდევ ეცდება, თუმცა ახლა „როსგვარდიაზე" მეტად „უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტი ურჩევნია. რუსეთს სურს აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი დასავლური, ევროპული გავლენები ამოშანთოს. კარგად იციან, რომ დე ფაქტო ხელისუფლება პრორუსულია და აფხაზეთის მილიცია მათ ინტერესებს ასე თუ ისე მაინც დაიცავს, ამიტომაც ახლა „უცხო ქვეყნის აგენტების" თემა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×