ნაზი ბერიძე
13.02.2024

„ნაციონალურ მოძრაობას" სურს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრობის თავის კანდიდატად დაასახელოს. რამდენად შეესაბამება ეს საქართველოს კანონმდებლობას და რა მიზნის მიღწევა სურს ამით ენმ-ს?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ სააკაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვერ გახდება ენმ-დან გამოყოფილი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ისევ „ნაცმოძრაობის" გარშემო შემოკრების მიზეზი. უშუალოდ ელექტორატზე კი ამას ორმხრივი ზემოქმედენა ექნება - ეს გამოიწვევს ენმ-ის მომხრე ამომრჩევლის მობილიზებას და პარალელურად იმ ამომრჩეველსაც უბიძგებს აქტიურობისაკენ, რომელიც, მართალია, „ქართული ოცნებისადმი" სიმპატიით არ არის განმსჭვალული, თუმცა კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ხელისუფლებაში სააკაშვილისა და „ნაცმოძღაობის" დაბრუნებას.

განცხადება პარტიის ამ გეგმის შესახებ სამშაბათს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.

„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა. გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილი მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს", - განუცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას არალეგიტიმურს უწოდებს.

„მემგონი პეტრე ცისკარიშვილმა უნდა ჩახედოს, კანონმდებლობას ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მით უმეტეს არჩევნებში მონაწილეობის არავითარი უფლება არ აქვს და რას ეფუძნება მისი ეს განცხადება, უბრალოდ გაუგებარია.

„ვფიქრობ, ეს არის უბრალოდ ამომრჩეველზე გათვლილი განცხადება, რათა როგორმე სააკაშვილის სახელის გამოყენებით მოახერხონ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პირას მყოფი ელექტორატის ერთგვარი მობილიზება", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

მისივე შეფასებით, ენმ-ის ეს ინიციატივა არც იმას შეუწყობს ხელს, რომ მოხდეს „ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილი ჯგუფების გაერთიანება სააკაშვილის, როგორც პრემიერობის საერთო კანდიდატის გარშემო. მეორეს მხრივ კი ამან შეიძლება იმ ამომრჩევლის მობილიზება გამოიწვიოს, რომელისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლებაში ენმ-ის დაბრუნება.

„ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ ალიანსში შესვლას. პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც ცოტა ადრე შორს დაიჭირა თავი მიხეილ სააკაშვილთან ალიანსისგან. ნიკა მელიას პოზიციაც დაახლოებით ასეთივეა - ის ლაპარაკობს ერთობაზე, მაგრამ ასე პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსზე მას არ უსაუბრია. შესაბამისად, თუ ის შექმნის ცალკე პოლიტიკურ პარტიას და დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდება, მაშინ ის უნდა იყოს ლიდერი და არა სააკაშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს მის პოლიტიკურ ლიდერობას? ან იგივე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ლიდერობას, თუ ისინი ისევ სააკაშვილის ფრთების ქვეშ იქნებიან შეყუჟული რიგით პოლიტიკურ მოთამაშეებად? ჩემი აზრით, ისინი იმიტომ ქმნიან ამ პოლიტიკურ პარტიებს. რომ თვითონ წარმოჩდნენ ლიდერებად. ხოლო თუ ეს ყველაფერი ფარსია და ისევ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანდნენ, ამას ამომრჩეველი აღიქვამს და რეაქციაც შესაბამისი ექნება.

„სააკაშვილის პრემიერობა იმ ამომრჩევლის მობილიზებას შეუწყობს ხელს, ვისაც არ უნდა, რომ „ნაციონალები" ხელისუფლებაში დაბრუნდნენ მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება არც „ქართული ოცნება" მოსწონდეს. მათ მობილიზებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. შეიძლება არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს ზოგიერთი ამომრჩეველი, მაგრამ თუ დაინახეს ამის რეალური საფრთხე, ისინი ისევ „ქართულ ოცნებას" დაუჭერენ მხარს და არ დაუშვებენ „ნაციონალების" მობრუნებას.

„რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მობილიზებას, დღეს მას „ნაციონალური მოძრაობის" გარდა აქვს სხვა არჩევანიც. ეს არის იგივე გახარიას პარტია, იგივე „ლელო", იგივე სხვა პარტიები და იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ქარიზმა მნიშვნელოვნად გაფერმკრთალდა, რისი იმედი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას", მე ვერ გეტყვით. შეიძლება მათ რიგებში ვერ გამოიძებნა სხვა გავლენიანი ლიდერი და ამიტომ გადაწყვიტეს სააკაშვილზე დადონ ფსონი. ამას ვხედავ მე მათ განცხადებებში, რომ სააკაშვილი წამოაყენონ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად, რასაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ასევე ფიქრობს, რომ სააკაშვილის დასახელება პრემიერობის კანდიდატად სხვა ოპოზიციურ პარტიებს ენმ-სკენ არ მიიზადავს. გარდა ამისა, მისივე აზრით, ეს გამოიწვევს როგორც „ნაცმოძრაობის" მომხრე, ისე მოწინააღმდეგე ამომრჩევლების მობილიზებას.

„სააკაშვილის პრემიერად დაყენება იმათ რატომ მიიზიდავს? იმათ თავიანთი პრემიერობის კანდიდატები ეყოლებათ. მაგრამ მოსახლეობის იმ ნაწილში, ვისთვისაც მიუღებელია სააკაშვილი, გაჩნდება იმპულსი იმისა, რომ მისცენ ხმა იმ პარტიას, რომელიც არ დაუშვებს სააკაშვილის პრემიერობას.

„ასე რომ, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობა გამოიწვევს როგორც „ნაცების" მომხრე, ასევე „ნაცების" მოწინააღმდეგე ამომრჩევლების მობილიზებას", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×