თამთა ჩაჩანიძე
13.02.2024

საქართველო 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრაქტიკულად ორი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და მიუნხენში სამი დღით ადრე უკვე გაემგზავრა. ამას გარდა, კონფერენციაზე მიემგზავრება საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთში ეს დადებითად არ იქნება აღქმული, თუმცა ამას არც ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

მმართველი პარტია კი პრეზიდენტს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუკი ადრე სალომე ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად ახორციელებდა „უნებართვო" ვიზიტებს, ამჯერად პრეზიდენტს მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციისათვის არც მიუმართავს. ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე დასასწრებად ოფიციალური მიწვევა მიიღო.

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ორი დელეგაციით ვიზიტი დასავლეთის თვალში ცალსახად უარყოფითად აღიქმება, თუმცა დასძენენ, რომ ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს ხელს არ შეუშლის, რადგან მსგავსი შემთხვევა წინა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დროსაც იყო და ამას ცალსახად უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია.

წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს, ის ყოველწლიურად ტარდება, სადაც მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებსა თუ გამოწვევებზე დისკუსიებს მართავენ. შარშან მიუნხენში საქართველოს სამთავრობო დელეგაციას მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაარღვია კონსტიტუცია. როგორც „ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის განხორციელებაზე მთავრობის მხრიდან თანხმობა არ ექნება, გასაკვირი არ არის, რადგან პრეზიდენტი სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და მისი განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს.

„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არაკონსტიტუციური ქმედებები მე უკვე აღარ მიკვირს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებითაც კი მან უკვე ჩაიდინა არაკონსტიტუციური ქმედებები და ამას აგრძელებს. ის, რომ მას არ ექნება თანხმობა მთავრობის მხრიდან, არც ეს არის გასაკვირი იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური გზავნილები სრულიად წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში და სრულიად თანხვედრაშია რადიკალური კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლების ხედვასთან.

„როდესაც ქალბატონი სალომე სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ტრიბუნიდან საუბრობდა, მე წარმოდგენა მქონა, რომ ოპოზიციის რომელიღაც წარმომადგენელი საუბრობდა იმიტომ, რომ სრულიად დაცლილია სახელმწიფოებრივი ხედვისაგან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. მე არ მიკვირს მისი ასეთი ქმედებები, სავარაუდოდ, ასე გააგრძელებს პრეზიდენტობის განმავლობაში", - განაცხადა კახიანმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანასთან" აცხადებს, რომ რადგან პრეზიდენტს ამ საერთაშორისო ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, ეს კონსტიტუციის დარღვევა გამოდის, თუმცა, მისი თქმით, გააჩნია რა სტატუსით მიიღო მიწვევა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მას საერთაშორისო ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, მიუნხენის კონფენრენციაზე დასწრება ალბათ კონსტიტუციის დარღვევა გამოდის. თუმცაღა, რადგანაც მან მოწვევა მიიღო, ძნელი სათმელია რა ტიპის იყო ეს - მოწვევა იყო პრეზიდენტის რანგში, თუ როგორც კერძო პირის სტატუსით.

„თუ ზურაბიშვილმა მიიღო მოწვევა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, მთავრობამ ნება არ მისცა და ისე მიდის, მაშინ დიახ - მას კონსტიტუციის დარღვევა გამოსდის", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ეს არ იქნება კონსტიტუციის დარღვევა, რადგანაც პრეზიდენტის ზურაბიშვილი მიუნხენში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით არ არის წასული.

„კონსტიტუციაში დღემდე არაა გაწერილი, თუ სად ვრცელდება მთავრობის ეს უფლება - რაღაცის ნებართვა მისცეს. ჩემი აზრით, როცა პრეზიდენტი ჩათვლის, რომ მთავრობა და სახელმწიფო უნდა წარმოადგინოს, მაშინ ნებართვა უნდა აიღოს. თუ ნებართვა არ მისცა მთავრობამ და ამ შინაარსით პრეზიდენტი ვიზიტზე მაინც წავიდა, მაშინ დარღვევა იქნება.

„ის თავის სახელით მიდის. ეს უკვე გაირკვა, რომ „ოცნება" მას არ ენდობა რიგ საკითხებში, ამიტომ ის ამბობს, რომ მე ნებართვა არ ამიღია და სახელწიფო სახელით არ წავსულვარ, პრეზიდენტის სახელით წავედი და მემგონი, რომ კონსტიტუციას არ არღვევს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორ აღიქვამენ დასავლეთში ორ დელეგაციას საქართველოდან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, ზოგადად, საქართველოდან ორი დელეგაციის ჩასვლა დადებითად არ აღიქმება, მით უმეტეს, თუ სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის განცხადებები სხვადასხვა ტონალობაში იქნება.

„არ მგონია, რომ ამას დადებითი აღქმები მოჰყვეს, რადგან გამოდის, რომ თუ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემა, შეიძლება მისი და საქართველოს დელეგაციის მოსაზრებები განსხვავდებიდეს. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დისონანსს ალბათ შექმნის. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ის საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყოს, იგივე ტონალობაში და იგივე პათოსში გამოვიდეს, როგორც ახლახანს პარლამენტში გამოვიდა და საქართველოს პროევროპული კურსი ეჭვის ქვეშ დააყენა, ეს რა თქმა უნდა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულობას შექმნის.

„ასეთ სიტუაციაში დასავლეთში უფრო უარყოფითი შთაბეჭდილება დარჩებათ, ვიდრე დადებითი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებაა. როდესაც ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციაზე აცხადებს, როცა მას 9 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი და იქ პოლარიზაციის შემცირებაზეა საუბარი, თუ პრეზიდენტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ხოლო ხელისუფლების გამოსვლა კი სხვა ტონალობაში იქნება, რა თქმა უნდა, ეს ევროპელებზე კარგ შთაბეჭდილებას არ მოახდენს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილი კი იხსენებს, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე იყო გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში.

„ორი დელეგაციით წასვლა პირველად არ ხდება. როცა მთავრობაში ვიყავი, (პრეზიდენტი) გიორგი მარგველაშვილი ცალკე დადიოდა და (პრემიერ-მინისტრი) ირაკლი ღარიბაშვილი - ცალკე. ეს სამწუხარო ფაქტია, რომელიც „ოცნებამ" ვერ მოაგვარა. „ქართული ოცნება" ვერ ჩამოყალიბდა, საკუთარი თავისთვის მუშაობენ, თუ სახელმწიფოზე. ჯერ მარგველაშვილი და ახლა ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ „ოცნება" მხოლოდ თავის პარტიულ ინტერესებს იცავს და სახელმწიფო არ ადარდებს.

„ზურაბიშვილი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა. ასე იყო მარგველაშვილიც. პრეზიდენტების დელეგაციები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიდიან, „ოცნების" დელეგაცია კი - თავის ინტერესებდან გამომდინარე, რათა საზოგადოებაში შექმნან შთაბეჭდილება, რომ ვიზიტებზე დადიან და ამასთან ჩანს, რომ პრეზიდენტთან პრობლემა აქვთ.

„ძალიან სასაცილოდ ჩანს საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება. ჩანს რამდენად პრიმიტიული და ზედაპირულია საქართველოს ხელისუფლება და წარმოდგენა არ აქვს ევროპული სისტემა რა არის. ხედავენ, რომ პოლარიზაციაა, თუმცა ეს არ იქნება გადამწყვეტი. თუ საქართველო ევროპაზე უარს არ იტყვის, ევროპა საქართველოზე უარს არ იტყვის. ევროპას უფრო კარგად ესმის საქართველოს ფაქტორი, ვიდრე „ქართულ ოცნებას", - განაცხადა კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×