ელზა პაპოშვილი
13.02.2024

26 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა საკმაოდ დიდ რაოდენობას და რამდენიმე გრძელვადიან მისიას უნდა ველოდოთ. ამის შესახებ სამშაბათს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან დახურული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს წლევანდელი არჩევნები დასავლეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

სამშაბათს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ცალ-ცალკე შეხვდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა ცნობით, საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.

რატომ არის დასავლეთის მხრიდან ამხელა დაინტერესება 2024 წლის არჩევნების მიმართ? როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა და სწორედ ეს არჩევნები იქნება პირველი მნიშვნელოვანი ტესტი, იმსახურებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას. 

ასევე დასავლელ პარტნიორებს შიში აქვთ, რომ თუკი საზოგადოებასა და ოპოზიციაში გაჩნდება ეჭვები არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან დაკავშირებით, შესაძლოა  ქვეყანაში პროცესები უმართავი გახდეს. ამიტომ ყველა მხრივ თავის დაზღვევას ცდილობენ. 

შეხვედრა ელჩებთან 

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის „ივანიშილის პარტიასთან პირისპირ დატოვებას“ არ აპირებენ.

„ძალიან საქმიანი შეხვედრა გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრის შემდეგ განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, დატოვონ ქართველი ხალხი მარტო ივანიშვილის პარტიასთან“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი ამბობს, რომ, 2020 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვლენ. 

„აშშ, ისევე როგორც ევროკავშირი, ამ არჩევნებზე იქნება განსაკუთრებით აქტიური და იქნება ბევრი დამკვირვებელი არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუზღუდოს „ქართული ოცნება“ მის წინასაარჩევნო ხრიკებში და ამ მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს შტატებისა და ევროკავშირის იმედი, რომ ის, რაც 2020 წელს იყო, როდესაც კოვიდის გამო მხოლოდ მცირე რაოდენობით დაესწრნენ ამ არჩევნებს და ამით ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ“, ამჯერად დამკვირვებლები იქნებიან საკმარისი რაოდენობით და იქნებიან გრძელვადიანი დამკვირვებლებიც“, - ამბობს ბადი ჯაფარიძე.

რამ გამოიწვია დასავლეთის ასეთი დაინტერესება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველა ხელისუფლების დროს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში არჩევნები აქილევსის ქუსლი იყო. დღეს კი დასავლეთი განსაკუთრებითაა დაინტერესებული იმით, რომ არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდეს და მისსამართლიანობასთან დაკავშირებით არც ოპოზიციას და არც საზოგადოებას არ ჰქონდეს კითხვები.

„რეალურად, როდესაც ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვს, როგორც წესი, ასეთ დროს სიმძიმის ეპიცენტრი ძალოვან სტუქტურებზე გადადის. ასე იყო შევრადნაძის და სააკაშვილის დროს და ასე ხდება ამ ხელისუფლების დროსაც. ასეთ სიტუაციაში ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა მყიფეა და როდის რა აფეთქდება, კაცმა არ იცის. თითქოს ერთი შეხედვით ხელისუფლება უსაფრთხოდ არის და მას ხალხის მარდაჭერა აქვს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. 

„ხელისუფლება ახლა უფრო მეტად იმიტომ არის მშვიდად, რომ მას არ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხელისუფლების ალტერნატივაა, ჩვენი მოსახლეობის 2/3-ს არ უნდა. ამიტომ, თუკი პოლიტიკურ ველზე გამოჩნდება ძლიერი ოპოზიციური ძალა, მაშინ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან, რომ არჩევნები სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდეს და არჩევნების შემდეგ კითხვები არ გაჩნდეს. კითხვები არ უნდა იყოს არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, დასავლეთში გაცნობიერებული აქვთ, რომ არჩევნების გაყალბება არ ხდება უშუალოდ არჩევნების დღეს. ამიტომაც გადაწყვიტეს გრძელვადიანი დაკვირვება მოხდეს. შესაბამისად, ჩამოდიან ცოტა ადრე და ბევრად გაზრდილი მასშტაბით. 

„პირველ რიგში ამ სადამკვირვებლო მისებმა არჩევნები უნდა შეაფასონ. ეს ხდება არა მხოლდო არჩვენების დღეს, არამედ მთელი პროცესის დროს. თუკი დაინახავენ, რომ არჩევნების წინ უკვე ირღვევა საარჩევნო პროცესისთვის განკუთვნილი სტანდარტები, მაშინ ამაზე რეაქცია ექნებათ. 

„დასავლეთში დაინტერესებული არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურბა. თუმცა, ეს სტაბილურბა არ უნდა იყოს რაღაცეებზე თვალის დახუჭვის ფასად, არამედ რეალობას უნდა გაუსწოროს ყველამ თვალი. რადიკალურად შეცვლილ სიტუაციას თუ მივიღებთ არჩვენების შემდეგ და იქნება უსამართლობის დიდი განცდა, ამას ქვეყანაში კარგი არაფერი მოჰყვება. ამიტომ ამომრჩეველიც და პოლიტიკური ძალებიც დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ არჩევნები სწორად ჩატარდა. თუ ეს განცდა არ იქნება, არჩევნებამდე ხელისუფლება ვერ მიატანს. ქვეყანაში ვითარება რთულია და სიტუაციის აფეთქების რისკები დიდია“, - ამბობს ძაბირაძე. 

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ინტერესია საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. პირველ რიგში საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მატარებელია, ამიტომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

„საქართველომ რომ ევროკავშირში გაწვერიანების კუთხით ნაბიჯი წინ გადადგას, ამისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. დასავლეთში კარგად ესმით, რომ რაც უფორ მეტი დამკვირვებელი ჩამოდის არჩევნების დროს და მეტი სახელმწიფოა ჩართულია ამ პროცესში, ეს უფრო დიდ გარანტიას იძლევა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. 

„რაც შეეხება მოსახლეობას, რა თქმა უნდა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობისგან ამხელა ინტერესი იქნება გამოვლენილი, ეს აუცილებლად იმოქმედებს ასევე მოსახლეობაში ინტერესის ზრდაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამ ეტაპისთვის არ მგონია მოსახლეობის ინტერესი არჩევნების მიმართ მაღალი იყოს, მაგრამ იმედია, რომ ეს დამოკიდებულება სწორედ დასავლელი პარტნიორების ასეთი აქტიურობის შემდეგ შეიცვლება“, - ამბობს გოგოლაშვილი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×