თამთა ჩაჩანიძე
14.02.2024

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები ოპოზიციურ პარტიებში ერთმანეთის მიუღებლობა მით უფრო იზრდება - პარტია „საქართველოსთვის" კატეგორიულად გამორიცხავს ენმ-თან ალიანსს, ამ პოზიციაზეა „ლელოც" და სხვა შედარებით დაბალპროცენტიანი პარტიები. ანალიტიკოსების თქმით, ეს შესაძლოა პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი იყოს, რაც ერთის მხრივ კარგია იმ ამომრჩევლის მოსაზიდად, რომელსაც არც ენმ უნდა და არც „ოცნება".

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებში ძირითადად ენმ-ს მიუღებლობა აქვთ. ნაწილი კი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თუ კოალიციური მთავრობის პერსპექტივა გაჩნდა, ერთად დასხდომა მოუწევთ.

„ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა „უტყდება"

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა „უტყდება" და როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, „ნაცმოძრაობის" ინსტიქტი გაძლიერდება".

„ოპოზიციას აქვს მთავარი სატყუარა კოალიციურ მთავრობაზე. რას ნიშნავს ეს? ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კოალიციური მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას ნიშნავს, ანუ, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, როცა ძირითადი ძალა „ნაციონალური მოძრაობა" იყო და კოალიციაში მყოფი ჟვანია თუ ბურჯანაძე, ისინი ერთი წლის განმავლობაში ჩამოიცილა.

„ამ შემთხვევაშიც კოალიციური მთავრობა ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. მისი დანაყოფები და განაყოფები იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის" გეგმის ხელშემწყობები და ეს კარგად იცოდნენ. კოალიციური მთავრობა პანაცეა არ არის, მსოფლიო გამოცდილება ბევრ მაგალითს გვაძლევს. კლასიკური ქვეყნებია, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი კარგად დალაგებულია, იქ კოალიციური მთავრობები მუშაობენ, მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებია, სადაც კოალიციური მთავრობების გამო ქვეყნებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისია.

„ეს არც პანაცეაა და არც უბედურება, ჩვენს შემთხვევაში ეს „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების ფორმულაა. ოპოზიციაში გადაულახავი პრობლემებია, ჟარგონი რომ გამოვიყენო - ვიღაცას ვიღაცასთან ერთად დგომა „უტყდება". როგორც კი ხელისუფლების ხელში აღების შანსი გაჩნდება, „ნაცმოძრაობის" ინსტიქტი გაძლიერდება, ამიტომ არავინ მოტყუვდეს. „ნაცმოძრაობის" ნარჩენების მცდელობებს ვხედავთ, რაც თავის გადარჩენისკენ არის მიმართული", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციაში გადაჯგუფებები საკმაოდ ზანტი და ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც არ არის სწორი მოცემულობა. არც ის არის სასიამოვნო სანახავი, როგორი გაცხარებული საუბარი მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, - ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, რაც უფრო დროზე დასრულდება ალტერნატიული ცენტრების ფორმირება, მით უკეთესი იქნება, რათა მოსახლეობამ ნახოს ალტერნატიული ძალები და მათ შორის კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა.

„სამწუხაროდ, ლანძღვის გარდა, ხედვებიც უნდა არსებობდეს იმ პრობლემების გარშემო, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მოცემულ სიტუაციაში მთავარი პრობლემაა არა რომელიმე პოლიტიკოსის წარსული, არამედ ხედვების ნაკლებობა. წარსულის მიუხედავად, მომავალზე უნდა იყოს მსჯელობა", - განაცხადა აქუბარდიამ.

რატომ გაიზარდა ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთმანეთის მიუღებლობა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთმანეთის მიუღებლობა ერთის მხრივ ოპოზიციური პარტებისთვის კარგიცაა ამომრჩევლის მოზიდვის თვალსაზრისით.

„მიკვირს, რომ ოპოზიციურ პარტიებს მაგ პოზიციის გამომუშავებას ამდენი ხანი დასჭირდა, თუმცა, ადრეც რაღაც ფრაგმენტები იყო, რომ „ნაცმოძრაობას" განუდგებოდნენ ხოლმე, ეს მომენტი მაგალითად „ლელოს" ჰქონდა და მერე ისევ აღმოჩნდებოდა მასთან. ახლა ალბათ ძირითადი მიზეზი წმინდა საარჩევნო თავისებურებაა, კერძოდ, ის, რომ ხედავენ „ნაციონალური მოძრაობის" არჩევა ამ ხალხს არ უნდა - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას და შესაბამისად, მის გვერდით ვინც დადგება, ისიც ამომრჩევლის გარეშე დარჩება.

„პარტიები ძირითადად „ნაცმოძრაობისგან" დისტანცირდებიან, ეს შეიძლება გვიანაა, მაგრამ მაინც გაუგებარი არაა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, როგორ აისახება ეს დისტანცირება არჩევნებზე, საყვარელიძე ამბობს, რომ ბევრი რამ წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული.

„ბევრი რამ დამოკიდებულია სად იქნება მიხეილ სააკაშვილი, როგორც აქამდე ხდებოდა, თუკი სააკაშვილი იტყვის, რომ მე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ვარ, ის ხმები, რომელსაც ენმ იღებს, მომავალშიც მიიღებს, რეალურად ეს სააკაშვილის ხმებია. თუკი აღმოჩნდა, რომ მან ნაბიჯი რაღაც სხვა მიმართულებით გადადგა, სავარაუდოა, რომ ეს ხმებიც მას გაჰყვება.

„რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ტერმინს „წვრილი პარტიები" იმიტომაც ამბობენ, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი რეიტინგი არ აქვთ,ახლა ჯერჯერობით არ ჩანს იმის მიზეზი თუ რომელიმე პარტიას რეიტინგი რატომ შეიძლება გაეზარდოს,

„ახლა-ს ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნებამდე კიდევ არის დრო და ხანდახან ხდება ხოლმე, რომ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, რომელიღაც პარტია ყურადღებას მიიპყრობს ხოლმე, ბევრი რამ წინასაარჩევნო კამპანიაზეცაა დამოკიდებული",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა ახლა პარტიები თავის ინდივიდუალიზმის წარმოჩენას ცდილობენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ კოალიციური მთავრობის პერსპექტივა გაჩნდა, ერთად დასხდომა მოუწევთ.

„მგონია, რომ მაინც შეიქმნება იმის საჭიროება, რომ პარტიებმა ერთად იმოქმედონ, საბოლოო ჯამში სხვა გზა არაა. ახლა კი შესაძლებელია პარტიებს სურთ, რომ თავად წარმოჩინდნენ, რომ ისაა ნამდვილი ოპოზიციური პარტია და ლიდერი, შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს შორის შიდა კონკურენცია არსებობდეს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ რაღაც კოორდინირებული მოქმედება შედგეს, მაგალითად „ნაცმოძრაობა"-„სტრატეგია აღმაშენებელის", „ლელოს", „გირჩი-მეტი თავისუფლებისა" და „ევროპულ საქართველოს" შორის.

„გახარიას პარტია კი უფრო დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, ისინი ემიჯნებიან, როგორც ენმ-ს, ისე „ოცნებას",- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, ერთმანეთის მიუღებლობა ხომ არაა წინასაარჩევნი სტრატეგიის ნაწილი, რომ რაც შეიძლება მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიზიდონ, ჩიტაძემ გვითხრა: „ყველა აპირებს აჩვენოს, რომ სწორედ ისაა რეალური ოპოზიცია, მაგრამ იქ რეალური დაპირისპირებებიცაა, მაგალითად ნიკა მელია-ლევან ხაბეიშვილს შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ მოხდა ისე, რომ კოალიციური მთავრობის პერსპექტივა გაჩნდა, ერთმანეთთან დასხდომა მოუწევთ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×