თამთა ჩაჩანიძე
14.02.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვისგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო - ამის შესახებ აფხაზური პრესა წერს, თუმცა, ე.წ. ხელისუფლება ამას მალავს. საქმე ეხება იმას, რომ გასული წლის 27 დეკემბერს ე.წ. დეპუტატებმა ამავე შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც ობიექტების, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობების, აკვატორიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემას კრძალავს და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვის გაღიზიანების მიზეზიც ესაა.

ამავე შეზღუდვის მიხევდით, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ზუსტად ეს შეზღუდვები გახდა ე.წ. დეპუტატების დათანხმების მიზეზი.

რაც შეეხება რუსეთის საპასუხო რეაქციას, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ მოსკოვმა სოხუმი „ეკონომიკურად მოგუდოს". მისი თქმით, ის, რომ აფხაზურ პრესაში ინფომაციამ „გაჟონა", ეს რუსეთის „დამსახურებაცაა", ამით კი ჩანს, რომ რუსეთის სურვილია დოკუმენტი „პარლამენტში" ხელახლა დაბრუნდეს და მიიღონ პირველი ვერსიით, ან ისეთი, როგორიც „მოსკოვს აწყობს".

რა ინფორმაციამ „გაჟონა"

„ეხო კავკაზა" აფხაზ ჟურნალისტ იზიდა ჭანიას ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა მიიღო, უწყება კი ამას მალავს.

„არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საპროტესტო ნოტა მიიღო. კანონში ცვლილებები (რატიფიკაციის შესახებ), რომელიც სახელმწიფო აგარაკების მესამე პირებზე გადაცემას კრძალავს, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. ეს ინფორმაცია არც ვებგვერდზე და არც ტელეგრამზე არ არის ხელმისაწვდომი", - წერს იზიდა ჭანია სოციალურ ქსელში.

ის, რომ დე ფაქტო რეჟიმმა საპროტესტო ნოტა მიიღო მოსკოვისგან ადასტურებს ე.წ. ოპოზიციაც - პარტია "აფსნი", "აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი", სამოქალაქო ორგანიზაცია "არუაა", "აფხაზეთის ეროვნული მოძრაობა" და "ჩვენი დედაქალაქი".

„ჩვენ ხელთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გვაქვს, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ, რომ თავისი პოზიცია გადაწყვიტოს, დაადასტუროს შეთანხმების დებულებების ან მის რატიფიკაციამდე მიღებული საკანონმდებლო აქტების ერთგულება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვეულ კულუარულ მუშაობას შეეშვას და მითითებული ნოტა გამოაქვეყნოს.

„ასევე, საზოგადოების მხრიდან სრული ნდობის არარსებობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან შეთანხმება, დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაეკისრება", - ნათქვამია ე.წ. ოპოზიციის განცხადებაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა" რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების რატიფიკაცია.

ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც ობიექტების, მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობების, აკვატორიის ნაწილის მესამე პირზე გადაცემას კრძალავს ასევე, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.

„რუსეთი პირველ რიგში ეცდება დე ფაქტო აფხაზეთი ეკონომიკურად „მოგუდოს"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაილაშქრებს.

„რატომ მალავს ნოტას დე ფაქტო ხელისუფლება გასაგებია, ასეთ რაღაცეებს „ქართული ოცნებაც" მალავს ხოლმე - მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ ლაპარაკობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზეო და გამოიყვანა ისე, რომ თურმე ქართული ჟურნალისტები სულელები არიან, რომ ასეთ რაღაცეებს კითხულობენ. დაახლოებით ასეთი რაღაც ხდება აფხაზურ საზოგადოებაშიც.

„არსებობდა ე.წ. ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის ბიჭვინთის აგარაკებისა და მიწის გადაცემაზე, რომელზეც პირველ რიგში წინააღმდეგ აფხაზური საზოგადოება წავიდა. ტემპერატურა რომ დაეწიათ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს ხელშეკრულება დააკორექტირა, რათა ე.წ. პარლამენტში ხმების უმრავლესობა მოეპოვებინა. ბევრმა „პარლამენტარმა", რომელმაც ბიჭვინთის აგარაკებზე დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თქვა - ხელშეკრულება შეიცვალა, ჩვენთვის მისაღები გახდა და ხმა ამიტომ მივეცითო.

„რუსეთმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა, მოსკოვი აფხაზურ მხარეს არ ინდობს - ეუბნება, რომ რაზეც ხელი მოვაწერეთ, კეთილი ინებეთ და ის შეასრულეთ, ჩვენთვის მიუღებელია თქვენი შესწორებებიო. ძალიან საინტერესო რამ ხდება - აფხაზური საზოგადოება ამ ხელშეკრულების წინააღმდეგი იყო, დე ფაქტო პარლამენტმა ამის რატიფიცირება მაინც მოახდინა, მაგრამ რუსეთის დუმა ამის რატიფიცირებას აღარ ახდენს - მათ სურთ, რომ ან ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც იყო, ან რუსეთს არაფერი არ უნდა? აქ კითხვის ნიშანია.

„აშკარად რუსეთისთვის ნებისმიერი წინააღმდეგობა მიუღებელია - ეს გამოიკვეთა, რომ ან იქნება ისე, როგორც მე მინდა, ან ვერ გაიხარებ, თქვენი ეს თავნებობა აუცილებლად ძვირად დაგიჯდებათო",- განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

კითხვაზე რა შეიძლება იყოს რუსეთის პასუხი, ზაქარეიშვილმა გვითხრა, რომ რუსეთი პირველ რიგში ეცდება ოკუპირებული აფხაზეთი ეკონომიკურად „მოგუდოს".

„პასუხი ბევრი რამე იქნება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსების შეჩერება-შეწყვეტა, ეს მათთვის ყველაზე ეფექტურია, რომ ეკონომიკურად მოგუდოს, რაც რუსეთს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ არაერთხელ გაუკეთებია. მთავარი მომენტი ისაა, რომ აფხაზებმა ხელშეკრულებიდან რუსეთის ნება ამოიღეს - ეს აგარაკები მესამე მხარისთვის გადაეცათ, თუ დღეს ამ მიწებს რუსეთი იღებს, ხვალ შეიძლება ეს ვიღაც პუტინს გადასცეს, აფხაზურმა ჩარევამ და კორექტირებამ ეს გამორიცხა, ამაზე გამწარდნენ რუსები და დღეს ასეთი კრიზისი ამიტომაც შეიქმნა და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

ის, რომ აფხაზურ პრესაში ინფომაციამ გაჟონა, ეს რუსეთის „დამსახურებაცაა", რადგან რა აზრი აქვს რაღაცის გაგზავნას, თუ ამის შესახებ არავის არაფერი არ ეცოდინება. რუსეთს სურს რომ ეს დოკუმენტი „პარლამენტში" ხელახლა დაბრუნდეს და მიიღონ პირველი ვერსიით, ან ისეთი, როგორიც რუსეთს აწყობს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×