თამთა ჩაჩანიძე
15.02.2024

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა და მმართველი პარტიის გეგმებზე ისაუბრა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ოცნების" ახალი თავმჯდომარე მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში ათ რეგიონში ჩასვლას გეგმავს. როგორც ამბობს, იქნება ათი გასვლითი ღონისძიება, რის ფარგლებშიც შეხვედრებს გამართავს „ოცნების" რეგიონული ოფისის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან, პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ოცნების" გაცხადებული მიზანი 2024 წლის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაა, რისთვისაც „აქტივისა და რესურსების მობილიზებაა საჭირო". მისი თქმით, „ქართული ოცნების" ოფისს აქტიური კომუნიკაცია აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტთან. მან ახალ პრემიერ ირაკლი კობახიძეს და ახალ მთავრობას წარმატება უსურვა, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში არც ერთი ოპოზიციური პარტია დამოუკიდებელი არ არის. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს.

„ჩვენდა საუბედუროდ, მეგობრებო, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის დამოუკიდებელი. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მე აღარ მინდა ეს თემა გავაგრძელო. ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, ეს ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრობა" არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და არის ერთიანი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები გვაქვს. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. ვინ არის? გვარამია არის დამოუკიდებელი? და სხვა ცალკე მოთამაშე? თუ ხაზარაძე - ბანდიტი და სააკაშვილის მაროდიორი? თუ ნიკა მელია? თუ ხაბეიშვილი? ვინ? რომელი ოპოზიციონერი არის დღეს საქართველოში დამოუკიდებელი? რომელი ემსახურება და რომელი ატარეს საკუთარ პოლიტიკას? - არცერთი, მეგობრებო! ეს ძალიან მარტივია, ამას პატარა ბავშვი წაიკითხავ,ს მათ ამ ქმედებას და ტაქტიკას. ეს არის გაშლილი, ხელოვნურად ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომ საბოლოო ჯამში მათი ილუზიებიდან გამომდინარე, აქაც რა თქმა უნდა, ამტკიცებენ საკუთარ სიბრიყვეს, რომ რაღაც წარმატების შემთხვევაში კვლავ გაერთიანდნენ. ეს ჩვენთვის ხომ ნანახია. ხალხმა კარგად იცის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სხვა რეალური ოპოზიცია, ყველა არის ჩართული „ამ საერთო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში და მათ თამაშში".

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი პრემიერობის დროს „არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიუღია და ყველა გადაწყვეტილება იყო კანონის შესაბამისობაში", იქვე დასძენს, რომ „საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ასევე მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით იყო მოწინავე პოზიციებზე". რაც შეეხება პრემიერის განკარგულებების გამოქვეყნებას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა დახვდა მთავრობაში და მის შეცვლაზე „დიდი დრო არ დაუხარჯავს".

„10-წლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში ათეულში მოხვდა დემოკრატიზაციის თვალსაზრისით და რატომ არ უნდა გვქონდეს ამაზე საუბარი ჩვენს ხალხთან? გგონიათ, რომ ერთია ჩვენ რას ვამბობთ და ხალხმა ეს არ იცის, გვიჯერებს რასაც ვამბობთ? ხალხმა ეს ყველაფერი ნახა, დაიჯერა და ამიტომ მიჰყვება უმრავლესობა. დიახ, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას". რა აქვს მეორე ალტერნატივა ამომრჩეველს? - ალტერნატივაა წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა" და სამწუხაროდ, ყველა პარტია, მათ შორის დაშლილი, დაქსაქსული პარტიები მიწებებულები არიან ამ პარტიაზე. ყველა მათ თამაშს თამაშობს, სხვა თამაში არ არსებობს.

„არსებობს ერთი ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა. მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, ორი წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი იყო „მეორე ფრონტის" გახსნა, უკრაინიზაცია, ქვეყნის განადგურება. ამას არ დავუშვებთ. ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს არ მივცემთ საშუალებას, ქვეყანა მეორედ დაანგრიონ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის კონფერენციაზე ვიზიტს გამოეხმაურა, მისი თქმით „ზურაბიშვილმა ღალატი ჩაიდინა" და კანდიდატის სტატუსი მისაღებად არაფერი გაუკეთებია.

„მინდა შევახსენო ქალბატონ სალომეს. მისი რეიტინგი 1% იყო და „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა იგი მოიყვანა პრეზიდენტად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც გუნდის, ისე სახელმწიფო ინტერესებს. სხვა შეფასება არ მექნება სალომე ზურაბიშვილზე. მისი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. ყველაფერი შეფარულია. მისი წინასწარი კამპანია, რა თქმა უნდა, ყალბი და ფარისევლური იყო. არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო ის დიდი მონაპოვარი - სტატუსი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხალხთან ერთად. მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო. თავად აირჩია ეს გზა. თავად აირჩია დამდგარიყო რადიკალური, ექსტრემისტული პოზიციის გვერდით და რა თქმა უნდა, მისი ხვედრიც შესაბამისი იქნება. ისიც ოპოზიციასთან ერთად იზეიმებს დიდ წაგებას",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 რეკომენდაციის შესახებ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა, რომ „ყველაფერი ძალიან კარგად არის, მთავარია, რომ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი".

„ეს რადიკალური და ექსტემისტული ოპოზიცია არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში ჩართული არ იყო. მაშინ, კითხვას გისვამთ თქვენ და რატომ არ უსვამთ თქვენ ამ რადიკალურ, ექსტრემისტულ ორგანიზაციას, რატომ არ მონაწილეობდნენ ისინი 12 რეკომენდაციის შესრულებაში? ჩვენი მიზანი ხომ იყო მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თავის დროზე, რატომ არ მიიღეს მათ მონაწილეობა? სანაცვლოდ, საპირისპიროდ ისინი განუწყვეტლივ, რატომ იღებდნენ მონაწილეობას საბოტაჟში, შეთქმულებაში, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ? აი, ეს არის მთავარი კითხვა. მათ არ უნდოდათ, რომ სახელმწიფოს მიღო კანდიდატის სტატუსი იმ მარტივი, ილუზიური გათვლით, რომ რაღაცას მოახდენდნენ. ეს არის რეალობა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი გამოეხმაურა ხელისუფლების მიმართ „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებსაც და მას „არარაობა" და „თაღლითობაში მხილებული" ადამიანი უწოდა.

„არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფები, სატელიტები, როგორც გინდათ ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს და გასწირა ჩვენი ხალხი ამ ომითვის. გარდა ამისა, გახსოვთ, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე.

„აქვე, მინდა, ჟურნალისტებს მოგმართოთ თხოვნით, რომ, როცა თქვენ საუბრობთ ისეთ პიროვნებაზე, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, იგი უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად. შეგახსენებთ, რომ ბატონი ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და იგი სასამართლომ აღიარა თაღლითად, კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, საკუთარი ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საერთოდ საუბარი? შემიძლია, ხაზარაძე მოვიხსენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი, რადგან როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, იგი ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს და ა.შ. თუ ვინმე ჩართული იყო ამ ნაძარცვის გადანაწილებაში, მათი ქონებების მითვისებაში, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში სააკაშვილთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×