თამთა ჩაჩანიძე
15.02.2024

„ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს, ამ საკითხზე პოლიტიკური დისკუსია პრინციპში უკვე შეწყდა და პარტიები ნელ-ნელა აქტიურ საარჩევნო კამპანიაში ერთვებიან. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დღეის მონაცემებით, ბარიერს უდავოდ მხოლოდ ორი, ან მაქსიმუმ სამი პარტია დაძლევს, დანარჩენების ბედი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გადაჯგუფდებიან და როგორ წინასაარჩევნო პროგრამას და კამპანიას შესთავაზებენ ამომრჩეველს.

ჯერჯერობით უახლოესი კვლევა არცერთ კომპანიას არ გამოუქვეყნებია. 2023 წლის ნოემბერში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევით, კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა. ქართული ოცნება - 25%; ენმ - 13%; გიორგი გახარია - „საქართველოსთვის" - 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%; „გირჩი" - 3%; „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" - 2%; „ლელო" - 2%; ლეიბორისტული პარტია" 2%; „მოქალაქეები" - 2%; ალეკო ელისაშვილის პარტია „ხალხისთვის" - 2%; „ხალხის ძალა" - 1%; „პატრიოტთა ალიანსი" - 1%; „ალტ-ინფო" - 1%; „ევროპული საქართველო" - 1%.

გასული წლის დეკემბერში კომპანია „ედისონ რისერჩის" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 36.6%-მა „ქართული ოცნება" დაასახელა, „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21.5%-მა, გახარიას „საქართველოსთვის" კი 8.8%-მა.

ამ კვლევაში სხვა პარტიების რეიტინგები კი შემდეგნაირად განაწილდა:

„ლელო" - 6.7%; „გირჩი - მეტი თავისუფლება"/"დროა" - 5%; „ლეიბორისტული პარტია" - 4.7%; „ხალხისთვის" (ანა დოლიძე) - 3.7%; „ალტ-ინფო" - 3%; „გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 2.9%; „ხალხის ძალა" - 2.5%; „მოქალაქეები" - 1.7%; „პატრიოტთა ალიანსი" - 1.7%; „ევროპული საქართველო" - 0.7%.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ბარიერს უდაოდ დაძლევენ, დანარჩენების მდგომარეობა კი მერყევია და რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული.

„ასეთ კითხვებზე პასუხი სოციოლოგიამ უნდა გასცეს, როგორც ბოლო პერიოდის კვლევები ამბობენ, „ქართული ოცნება" ბარიერს უდავოდ დაძლევს, ასევე უეჭველია ენმ-ს მიერ ბარიერის გადალახვა, დანარჩენების მდგომარეობა მერყევია - „ლელო" და გახარიას პარტია ბარიერთან ძალიან ახლოს არიან, ზოგიერთ კვლევაში ძლევენ კიდეც მას, მაგრამ როცა მონაცემი ბარიერთან ძალიან ახლოსაა, ბუნებრივია ჯერ კიდევ თვეებია დარჩენილი და შესაძლოა მდგომარეობა შეიცვალოს. თუმცაღა ძნელად დასაშვებია ბოლომდე ასეთი პოზიტიური მოლოდინის შენარჩუნება. ამასთან, გააჩნია როგორი წინასაარჩევნო კამპანია ექნებათ.

„ყოფილი „ნაციონალების" პარტიების რეიტინგი თავად „ნაციონალებზე" რომ იყოს დამოკიდებული, ასეთი გადაადგილება გააჩენდა ვარაუდს, რომ თუ დეკანოიძე და გოცირიძე მელიას შეუერთდებოდნენ, ამას შესაძლოა ქულები შეეძინა მელიას პარტიისთვის, მაგრამ ენმ-ს რეიტინგი ძირითადად სააკაშვილზეა დამოკიდებული და დანარჩენების გადასვლა-გადმოსვლამ მეეჭვება დიდი გავლენა იქონიოს იმ პარტიებზე, ვისკენაც გადავლენ ეს ადამიანები",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, როგორია წვრილი ოპოზიციური პარტიების „გირჩი", „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა", „მოქალაქეები" და ა.შ. პერსპექტივა, საყვარელიძემ განაცხადა:

„გააჩნია როგორი იქნება საარჩევნო კამპანია, ჯერჯერობით მათ ოპტიმიზმის საფუძველი დიდად არ აქვთ",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბარიერს სამი პარტია უპრობლემოდ გადალახავს, დანარჩენების ბედი კი წინასაარჩევნო კამპანიაზეა დამოკიდებული.

„5%-იანი ბარიერს უპრობლემოდ გადალახავს „ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა", გახარიას პარტია „საქართველოსთვის, თუმცა ადგილების პროცენტული გადანაწილება შემდგომში როგორ იქნება, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. რაც შეეხება „ლელოს", 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიაზე.

„თუ „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „ევროპული საქართველო" გაერთიანდებიან, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ბარიერი გადალახონ, შესაძლოა ცოტა გაუჭირდეთ, მაგრამ ამ პარტიებს თუ წარმატების მიღწევა სურთ, გაერთიანება აუცილებლად სჭირდებათ.

„ნიკა მელიას დაანონსებულ პარტიას, ხატია დეკანოიძესთან ერთად შესაძლოა გარკვეული შანსი ჰქონდეთ, ორივე კვალიფიციური პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ჩვენ „ევროპული საქართველოს" მაგალითზე ვნახეთ, როცა ენმ-ს გამოეყვნენ. კვალიფიციური პოლიტიკოსები „ევროპულ საქართველოში" იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ რეიტინგები კვლევებში ჩანს.

„მგონია, რომ მელია ენმ-სგან რაღაც ხმებს ალბათ წამოიღებს, მას თავისი მომხრეები ჰყავს, როცა შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა, მას ძალიან ბევრი ხმა ჰქონდა და ლევან ხაბეიშვილმა არცთუ დიდი უპირატესობით აჯობა.

„რაც შეეხება „მოქალაქეებს" და „გირჩს", არა მგონია მათთან ალიანსში ვინმე შევიდეს, მათ შანსი ნაკლებად აქვთ. „ოცნება" ასევე შეეცდება, რომ „ხალხის ძალა" წინ წამოსწიოს, როგორც თავის დროზე „პატრიოტთა ალიანსს" უწევდა ფარულად მხარდაჭრას. არაა გამორიცხული, რომ პრორუსული პარტიების ელექტორატმა, რომელიც სამწუხაროდ გვყავს, „ხალხის ძალას" მისცეს ხმა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×