ელზა პაპოშვილი
15.02.2024

რევანშისტული და ძალადობრივი - ასე აფასებს მმართველი გუნდი „ლელოს“ კამპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. მამუკა ხაზარაძის პარტია არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში გაშვებას აანონსებს. ასევე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ივანიშვილი კრემლის ფონზეა გამოსახული. 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ლელოს“ ეს წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ჰგავს წლების წინ ენმ-ის საარჩვენო კამპანიას, როცა მათი ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ედუარდ შევარდნაძეს არჩევნებამდე დღეებს უთვლიდა. მიიჩნევს, რომ პარტიის ეს რადიკალური რიტორიკა ბევრისთვის გამაღიზიანებელია და ენმ-ის მმართელობასთან  ასოცირდება.   

ამასთან აღნიშნავს, რომ „ლელო“ მკაფიო ანტირუსული რიტორიკით, რითაც ენმ-საც აჭარბებს-ხოლმე, სწორედ „ნაციონალების“ ნიშის დაკავებას ცდილობს დასავლეთის თვალში.

„ქართულ ოცონებასთან“ ერთად, პოლიტიკური პიარის ამ ფორმას ოპოზიციის ნაწილიც არ იზიარებს და „ლელოს“ მიერ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას რეპრესიების დაანონსებად და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.

„ლელოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ თუ ვინმეს რამე აქვს დაშავებული, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. 

„მას შემდეგ, რაც (ივანიშვილი) დამარცხდება არჩევნებში, მაღალი ალბათობით წავა დედა რუსეთში. ეს არავითარ კავშირში არ არის „ლელოს“ მიერ იმის დადგენასთან, თუ ვინ სად უნდა იყოს. თუ ვინმეს რამე აქვს კანონის წინაშე დაშავებული, ეს პროკურატურის ან სასამართლოს დასადგენია,“ - აცხადებს გეგელია.  

„ლელოსთან“ ბოლო დროს მწვავედ დაპირისპირებული პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქართული პოლიტიკური დაპირებები შეუსაბამოა რეალობასთან და ირონიულ სიცილს იწვევს. 

„ნებისმიერი შეუსაბამობა იწვევს ირონიულ სიცილს, ამაზეა შექმნილი არამხოლოდ ძველი ბერძნული კომედიები, არამედ თანამედროვე კომედიური ფილმებიც, როდესაც მსახიობები ჩადიან რაღაც შეუსაბამობას, რაც იწვევს ადამიანების სიცილს.

„ქართული პოლიტიკური დაპირებები მე ზუსტად ამას მახსენებს, მაგრამ ეს დაპირება, რომ ივანიშვილი რაღაც დროს იქნება მოსკოვში, ყველაზე მეტად შეესაბამება ძველ ბერძნულ კომედიებს, რომლებზეც ადამიანები სიცილით იხოცებოდნენ, უბრალოდ დღეს ცოტა სხვანაირად ვუყურებთ ამას და სიცილმაც ცოტა ფორმები შეიცვალა,“ - აცხადებს ხვიჩია. 

„შემთხვევით, სოცქსელში ამ ფოტოს გადავაწყდი… ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი მავნებლური კამპანია გეგონება, სინამდვილეში ხაზარაძემ პროკურორით მოსკოვში გადასახლების მუქარა არ იკმარა (ისიც კი არ იცის, რომ პროკურორის და პროკურატურის ფუნქცია არავის გადასახლება არ არის, იმდენად არის საბჭოთა დროში ჩარჩენილი) და ნაცების ლეღვის ფოთოლი „ლელოს“ საარჩევნო ნომრით, ცხრიანით, ბიძინა ივანიშვილს შუბლიც გაუხვრიტა… როგორც ჩანს, „ნაცებიდან“ მიმაგრებულმა როზნერმა გადაუტანა ზრახვები ბანერზე,“ - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ლელოს“ „ასეთ გამოხტომებს“ წინასაარჩევნო დატვირთვა აქვს. 

„ქართული საზოგადოების  უმრავლესობაში, ვფიქრობ, ამ სლოგანმა, რომ ივანიშვილს გავაძევებთ რუსეთში და ა.შ. არ გამოიწვია ის ეფექტი, რასაც „ლელო“  ელოდებოდა. ასეთი რეპრესიული ქმედების და შინაარსის განცხადებები, ქართულ საზოგადოებაში კარგად არ მოქმედებს. ეს ყოველთვის იმ რეპრესიულ პერიოდთან იწყებს ასოციაციას, რომელიც ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის დროს უკვე გამოიარა.   

„სწორედ ამიტომაც მოხდა საზოგადოების  ერთი ნაწილის მიერ „ლელოს“ ხისტი შინაარსის განცახდებების ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული. თუნდაც ივანიშვილისთვის დღეების დათვლა, თითქოს არჩევნებამდე ამდენი დღე დარჩა, ვიდრე ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს. მე მახსოვს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებები, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს არჩევნებამდე დღეებს უთვლიდა. თითქოს ერთი ერთში ჯდება ენმ-ის და „ლელოს“  განცხადებები“, - ამბობს ანჯაფარიძე. 

მისივე თქმით, რაღაცნაირად ცუდ ასოციაციებს იწვევს საზოგადეობაში ეს ყველაფერი. მითუმეტეს, ანჯაფარიძის აზრით, როცა სამიზნე ბიძინა ივანიშვილია  და ის საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიმართ სიმპატიები აქვს. 

„ ვფიქრობ, „ლელო“ ამით მუშაობს არა ქართველ ამომრჩევლეზე, არამედ დასავლურ აუდიტორიაზე, ისევე როგორც მათი ბოლოდროინდელი განცხადებები, თუნდაც „9 ნაბიჯი ევროპისკენ“, „საქართველოს დაცვის აქტი“, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის წინააღმდე გარკვეულ ქმედებას გულისხმობს - აქ რუსებისთვის ბიზნესის აკრძალვას და სხვა  შემზღუდავ პროცესებს, მათ შორის პირდაპირ ავიარეისების აკრძალვას. ეს არის ყველაფერი ის, რაც დასავლურ აუდიტორიაში ყურს ძალიან კარგად ხვდება. ისინიც იგივეს მოითხოვენ საქართველოსგან. „ლელომ“ ჩათვალა, რომ თუ წარმოჩინდება ისეთ პოლიტიკურ  პარტიად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს იგივეს,  რასაც დასავლელი პარტნიორები, ისინი „ლელოზე“, ერთგვარ ფსონს დადებენ. როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს,  დასავლეთში ნაციონალურ მოძრაობაზე გული აუცრუვდათ. ის უკვე აღარ შეიძლება იყოს განხილული როგორც  მათი მთავარი პროდასავლური საყრდენი. ამიტომ ახალ ახალ საყრდენს ეძებენ და შესაძლოა „ლელომ“ თავიც კი მოიწონოს. იქნებ ამ პარტიამ ანტირუსული გამოხტომებით, რადიკალური განცხადებებით, ეს ნიშა შევასოს“, - ამბობს ანჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ჯდება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის სტრატეგიაში და ტატქიკაში. მათი მიზანია, როგორმე დასავლეთის მხარდაჭერის ობიექტები გახდნენ. ხედავენ, რომ საქართველოში მათი ელექტორალური რესურსი მწირია და ამიტომ ცდილობენ დასავლეთის მხარდაჭერის ხარჯზე მიაღწიონ მიზანს ხელსუფლებაში მოვიდნენ. 

„დასავლეთიდან წინასაარჩევნოდ დელეგაციები ჩამოდიან, ცესკო მათ ანგარიშს აბარებს და არწმუნებს, რომ არჩევნები კარგად და სამართლიანად ჩატარდება. ჩანს, რომ მათ უნდათ არჩევნები ისე დასრულდეს, როგორც სურს. „ლელო“  კი ცდილობს რაღაცნაირად ამ წყალში თევზის დაჭერა მოახერხოს“, - ამბობს ანჯაფარიძე.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×