ნაზი ბერიძე
16.02.2024

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა, პარასკევს, 16 თებერვალს პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება, რომელსაც ესწრებიან უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს „ლელო", რომელიც არც პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მოწვევა არც ამჯერად მიუღიათ - ისფედის, საია-ს და საერთაშორისო გამჭვირვალობას. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, ისინი დემოკრატიულ კალაპოტში დააბრუნონ. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა.

როგორც შეხვედრამდე პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხები მსჯელობის საფუძველი ვენეციის კომისიის დასკვნებია.

„სამი თემაა ჩვენს დღის წესრიგში - პირველი არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით; მეორე - ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით ნორმებზე მსჯელობა; მესამე - საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე საუბარი. დღეს ჩვენ ვითხოვეთ, რომ ამ ფორმატს დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რათა მათთან ერთად განვიხილოთ, რა შეიძლება შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ამ მხრივ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, გაითვალისწინებენ თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა".

„თუ დამატებითი იდეები არსებობს, მზად ვართ, მოვისმინოთ. ვენეციის კომისიის დასკვნა არის რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო. საქართველოში კანონებს საქართველოს პარლამენტი იღებს. რეკომენდაციებს ვიღებთ როგორც რჩევას, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ, შეიძლება - არა. გვაქვს მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ ევროკავშირთან, რომ ან ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ან თუ არ ვითვალისწინებთ, ვხსნით, რატომ არ ვითვალისწინებთ. ვენეციის კომისიის დასკვნა არ არის დირექტივა, დოგმა. ეს ყოველთვის არის მსჯელობის საკითხი. როდესაც არ ვითვალისწინებთ რეკომენდაციას, მაგალითად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ჩვენ განვმარტავთ, რატომ არ ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენი არგუმენტი უფრო წონადია ამ დროს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას და იმას, რომ შეხვედრებში „სამართლიანი არჩევნები" და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" არ მონაწილეობს, პაპუაშვილი ამბობს, რომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, ისინი დემოკრატიულ კალაპოტში დააბრუნონ.

„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული ფორმატი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან", რომლის წევრებიც იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს ამ ფორმატს, რადგან თავისი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს ამა თუ იმ თანამდებობაზე. ამ თანამდებობების გამო დატოვეს პლატფორმა, ამიტომაც გაემიჯნნენ ამ პროცესს. ისევე იქნებოდა ისფედი თუ საია ამ განხილვების მონაწილე, როგორც აქამდე იყვნენ. მაგრამ მათ აირჩიეს ეს გზა - რადიკალიზაციის და გამიჯვნის. ახლა ამ „ენჯეოების" დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობაა. მხოლოდ დონორებს შეუძლიათ, რომ რადიკალიზებული „ენჯეოები", რომლებიც თანამდებობების გამო გაემიჯნნენ პლატფორმას და შემდეგ 9 პუნქტთან დაკავშირებით მსჯელობას, დააბრუნონ დემოკრატიულ კალაპოტში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატები შეხვედრაზე საკუთარი წინადადებებით მივიდნენ.

„ანტიკორუფციული მიმართულებით გვექნება ინიციატივა დამოუკიდებლობის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ფუნქციის აღჭურვასთან დაკავშირებით, მატ შორის პროკურატურის ფუნქციის გათვალისწინებაც ანტიკორუფციული ბიუროს სისტემაში, ასევე სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, ისევე როგორც პერსონალური დაცვის მონაცემებთან მიმართებაში გვექნება კონკრეტული ინიციატივები და ვაიძულოთ უნდა ხელისუფლება, რომ ეს ინიციატივები განიხილონ," - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

„ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ასხამს ოპოზიციის წისქვილზე წყალს, ქვეყნისთვის საჭიროა და მის შესასრულებლად არა მარტო ოპოზიცია, არამედ ევროკავშირიც იქნება მონდომებული და თუ არ შეასრულებენ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაშინ ძვირი უნდა დაუჯდეს ქართულ ოცნებას, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს," - ამბობს რომან გოცირიძე.

დავაინიცირეთ საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, სადაც შედის 4 კანონპროექტი, ერთი ეხება საერთო სასამართლოებს, მეორე პროკურატურას, ასევე ანტიკორუფციულ ბიუროს და სისტემებს, ასევე არის საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილიც ამ დიდ პაკეტში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით ძირეული, სერიოზული რეფორმების განვახორციელოთ," - ამბობს ლაშა ტუღუში.

„ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც აუცილებელია წინ წასაწევად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური ნების მსხვერპლია - ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება აუცილებელია, რომ რეფორმები შესრულებულად ჩაითვალოს," - ამბობს თეონა აქუბარდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×