ნაზი ბერიძე
16.02.2024

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და თავის დროზე მისი თანადამფუძნებელი ეკა ბესელია პრეზიდენტის შეწყალების კომისიის ხელმძღვანელად შეიძლება ვიხილოთ. ინფორმაციას სააგენტო „კვირა ჯი" ავრცელებს. ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ეკა ბესელიას დანიშვნა, რომ დიდ აჟიოტაღს გამოიწვევს, ამაზე მსჯელობენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ანალიტიკოსები.

გამოცემა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კონსულტაციები უკვე დასრულდა და შემდეგ კვირას ბესელიას წარდგენა იგეგმება.

„არაფერი არ არის მსგავსი. საუბრები და კონსულტაციები რომ გვქონდა, ამაზე ხშირად ვსაუბრობ, თუმცა ამ თემაზე არასდროს გვქონია განხილვა," - განაცხადა „კურიერთან" საუბრისას ეკა ბესელიამ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ბესელიას დანიშვნაზე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ეს ნეგატიურად იქნება აღქმული საზოგადოებაში.

„ვერც დავადასტურებ და ვერ უარვყოფ ამ ინფორმაციას. „კვირა ჯის" საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ალბათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს განმარტება, იქმნება ასეთი კომისია თუ არ იქმნება, ვინ იქნება ამ კომისიის შესაძლო ხელმძღვანელის თანამდებობაზე. მაგრამ როგორც წესი როცა ინფორმაცია გამოჟონავს- ხოლმე, მერე ის ადრე თუ გვიან მთლიანად ან ნაწილობრივ დასტურდება.

„თუ პრეზიდენტი ქმნის ამ კომისიას, არ არის გამორიცხული, რომ ქმნიდეს იმისათვის, რომ რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს დავუშვათ გარკვეული პირების შეწყალებას, მათ შორის შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილიც.

„მეორე, რაც შეეხება ბესელიას დანიშვნას, ბოლო პერიოდში ალბათ ნახავდით, რომ ეს ორი ქალბატონი ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს და პრინციპში აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში არიან. ვხედავთ მას პრეზიდენტის გვერდით სხვადასხვა საჯარო შეხვედრაზე. გამომდინარე აქედან, ბესელია ამას რომ არ ადასტურებს ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის არ დაინიშნება, მაგრამ თუ ის დაინიშნა კომისიის თავმჯდომარედ, მე ვფიქრობ ეს საზოგადოების მიერ ნეგატიურად იქნება აღქმული, რადგან მის მიმართ არსებობდა სერიოზული პრეტენზიები, რაც დღესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააჟღერა, რომელიც იყო თავის დროზე ამ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი და იცის, ასე ვთქვათ, შიდა სამზარეულო. მე ვფიქრობ, რომ თუ დანიშვნა მოხდა, ეს ნაბიჯი საზოგადოებაში დადებით რეაქციებს არ გამოიწვევს," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ეკა ბესელია დღეს გახდა შალვა პაპუაშვილის და პარტია „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის სამიზნე. ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა და ფულს ამ გზით შოულობდა. საპასუხოდ ეკა ბესელია ელისაშვილს უნამუსოდ და შუბლის ძარღვ-გაწყვეტილად მოიხსენიებს.

„სალომე ზურაბიშვილი თუ შეწყალების კომისიას აღადგენს, იქნება არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი იყო ამ კომისიის გაუქმება. თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა და რა თქმა უნდა, ერთხელ რომ რაღაცას გემო გაუგებ, მერე სულ გინდა. თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლი ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი... ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავს ნუ გაიხვევს, ასეთ შარში ნუ გახვევს ქვეყანას და ნუ გახვევს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს," - ამბობს ელისაშვილი ტვ „პირველთან".

„ქართული ოცნებაც" იერიშზე გადავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერისგან მისი ორგანიზაციის ფინანსურ გამჭირვალეობას ითხოვს.

ბესელია კი თავის მხრივ ელისაშვილს პასუხობს: „რაც შეეხება ამ არამზადა ელისაშვილს, რომელიც თავის დროზე ბევრჯერ გაიყიდა. ყველაზე არასანდო ადამიანია, ვინც კი შეიძლება გითხრათ პოლიტიკაში, დღეს ელისაშვილია, რომელიც შემდეგ „ოცნებამ" იყიდა და "ოცნებისგან" მიყიდული და მისგან მართული ადამიანია,. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც დაგეგმილი კამპანია აწარმოა ჩემს წინააღმდეგ. მე მას მოვუგე პროცესი და ცილისწამებისთვის მან გადაიხადა კიდეც კომპენსაცია, თუ ენას არ გააჩერებს და ამ ცილისწამებას გააგრძელებს, ამ ვითარებაშიც კი მოუწევს კიდევ შემდეგ ჯერზე განიცადოს ის მარცხი, რაც განიცადა. ეს არის გაყიდული პოლიტიკოსი, რომლის მყიდველიც, პირდაპირ გეუბნებით ვინ არის, დღეს მმართველი პარტიაა მისი მყიდველი," - ამბობს ეკა ბესელია „ნიუ პოსტთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×