თამთა ჩაჩანიძე
17.02.2024

პირველი ილისიდან ექვსი თვით, როტაციის პრინციპით, უნგრეთი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ხდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ევროკავშირის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს, თუ როგორ შეასრულა საქართველომ 9 რეკომენდაცია და გაუხსნიან თუ არა გზას მოლაპარაკებების დაწყებაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კი ამბობს, რომ ქვეყნის თავმჯდომარეობის პერიოდში უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, ზრდება თუ არა საქართველოს შანსები და როგორ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს პერიოდი?

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ევროსაბჭოში უნგრეთის პრეზიდენტობაზე პირდაპირ დამოკიდებული არაა, რადგან ეს გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული, უნგრეთს კი შეუძლია „საკუთარი ერთი ხმა შეაშველოს". ამასთან, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია უნგრეთის პრეზიდენტობა იმისათვის გამოიყენოს, რომ „მან ერთგვარი გამწევის როლი ითამაშოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია", თუმცა გადაჭარბებული მოლოდინები რა უნდა გვქონდეს.

ექსპერტები „რეზონანსთან" აღნიშნავენ, რომ როტაციის პრინციპით არჩეული ქვეყანა პროცესებს არ წარმართავს და „თავმჯდომარე ქვეყანას უბრალოდ მეტი ორგანიზაციული საქმის გაკეთება უწევს".

უნგრეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სიიარტოს თქმით, ევროკავშირის გასაძლიერებლად ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ევროკავშირის გაფართოება.

„მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, მოვემზადოთ იმ ექვსი თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გავეწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. მისივე თქმით, უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ ეს სტატუსი დამსახურებულად მიიღო.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. სიიარტოს განცხადებით, ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება.

„ცხადია, ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს ევროპაში საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა", - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

იანვრის დასაწყისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „ევროკავშირს უამრავი ბერკეტი და საკმარისი დრო აქვს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ორბანის დანიშვნა თავიდან აიცილოს".

რას ნიშნავს საქართველოსთვის უნგრეთი, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარალებების დაწყება კონსენსუსის საფიძველზე ხდება და უნგრეთის პრეზიდენტობა ამასთან პირდაპირ დაკავშირებული არაა. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ეს გამოიყენოს, რამდენადაც იქნება ამის შესაძლებლობა.

„საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ასე პირდაპირ დამოკიდებული არაა უნგრეთის პრეზიდენტობის ფაქტორზე, რადგან ეს გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. უნგრეთს შეუძლია საკუთარი ერთი ხმა შეაშველოს, იქ გადაწყვეტილებების მიმღები უფრო მსხვილი და გავლენიანი ქვეყნები არიან. მართალია, ჩვენდამი კეთილგანწყობილი ქვეყანაა, მაგრამ ამ საკითხზე მის პრეზიდენტობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

„საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია უნგრეთის პრეზიდენტობა გამოიყენოს, რომ მან ერთგვარი გამწევის როლი ითამაშოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუმცა გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენდამი მეგობრულად განწყობილი უნგრეთის პრეზიდენტობას რაღაც განსაკუთრებული როლი ექნება მოლაპარაკებების გახსნაში. მემგონი ეს მთლად რეალისტური მოლოდინი არაა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პირველი ივლისიდან უნგრეთს უწევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდეს და ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს, თუ როგორ შეასრულა საქართველომ 9 რეკომენდაცია და უნდა გაირკვეს გაუხსნიან თუ არა გზას მოლაპარაკებების დაწყებაზე. თუმცა როტაციის პრინციპით არჩეული ქვეყანა პროცესებს არ წარმართავს და დიდი როლი არ აქვს და გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსით ხდება.

„მიშელი ევროკავშირის ევროპული საბჭოს თავმჯდომარედ რჩება. ამის გარდა, ყოველ ექვს თვეში როტაციით იცვლება თავმჯდომარე ქვეყანა. პირველი ივლისიდან უნგრეთი თავმჯდომარე ქვეყანა გახდება - ეს იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ანგარიში უნდა გამოვიდეს და ევროკავშირმა უნდა იმსჯელოს მოლაპარაკებების საკითხზე საქართველოსთან მიმართებაში. ეს ზუსტად უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდს ემთხვევა.

„აქ მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ თავისი თანხმობა თქვას. შესაბამისად, ჩვენს მხარეს რაც მეტი ქვეყანა იქნება, მით უკეთესია. უნგრეთი ჩვენს მხარესაა და ტრადიციულად ჩვენი მოკავშირეა და მთავარია, რომ დანარჩენებიც ჩვენს მხარეს იყვნენ. მთავარია ანგარიში იყოს პოზიტიური 9 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით. მერე ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას საბჭოსთვის და საბჭო იმსჯელებს - მიიღოს ეს რეკომენდაცია, თუ რაღაცა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

„მთავარია ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იყოს და რეკომენდაცია გასცეს მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამის შემდეგ უკვე ქვეყნებმა უნდა იმსჯელონ და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ მიიჩნიოს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება შეიძლება.

„რომ ვთქვათ, რომ როტაციის პრინციპით არჩეული ქვეყანა წარმართავს პროცესებს, ასე არაა. თავმჯდომარე ქვეყანას უბრალოდ მეტი ორგანიზაციული საქმის გაკეთება უწევს, თორემ ისე არ ხდება, რომ ის მართავდეს ევროკავშირს, უბრალოდ ორგანიზაციული საკითხები მასზე გადადის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×