ელზა პაპოშვილი
17.02.2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევთან ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათი მტკიცებით, 32 წლის ივანე ლუტიძემ და 33 წლის ნიკა მამასტარაშვილმა ე.წ. საზღვარზე საინჟინრო ნაგებობები განზრახ დააზიანეს და ამას ტელეფონით იღებდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სავარაუდოდ მოგნილი ბრალდებაა დაკავებულთა „დანაშაულის“ დასამძიმებლად.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, 15 თებერვალს საქართველოს ორი მოქალაქე ნასვამ მდგომარეობაში არალეგალურად გადავიდა ე.წ.  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და დააზიანა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყენებული საინჟინრო ნაგებობები.

„მოძალადეებმა თავიანთი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონის კამერაზე დააფიქსირეს, სავარაუდოდ, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების კურატორებისთვის, მოხსენებისთვის სჭირდებოდათ.  მათი მიზანია სიტუაციის დესტაბილიზაცია სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - წერია ცხინვალის „კაგეგებს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ორი ახალგაზრდა სოფლების ოქონის და კნოლევის საზღვართან დააკავეს, თუმცა ე.წ. ცხინვალის რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათვის დაუჯერებელია.

„არ ვიცით რა მოხდა ზუსტად. ორვე მხარეს - ოკუპირებულზეც და ჩვენსკენაც - ხდება კონტორლი. თუ ეს ბიჭები იქ მიზანმიმართულად მივიდნენ, როგორ მივიდნენ ისე, რომ პოლიციამ ვერ შეამჩნია?! დეტალები არ ვიცით. საგუშაგოები ორივე მხრიდანაა და ესენი იქ რა მიზნით იმყოფებოდნენ, უცნობია.

„ორივე ძალიან კარგი ბიჭია და ასეთ რამეს რომ ჩაიდენდნენ, რთული დასაჯერებელია. შესაძლოა ამის გაკეთება მათი დაკავების გამართლების მიზნით აიძულეს. ისინი ყველაფრის მკადრებლები არიან და რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ძალით არ გააკეთებინეს?!

„ჩვენც ყველაფერი მაშინ გავიგეთ, როცა უკვე  დააკავეს. ნასვამ მდგომარეობაში იყვნენო - ასე ამბობენ ოკუპანტები. ალბათ ამ ბიჭებმა უთხრეს, რომ ეს საქრათველოს ტერიტორიაა და არაფერს ვარღვევთო. რასაც ეგენი ამბობენ - ე.წ. საზღვარი დაარბიესო და რაღაცა... ვინ მისცათ მაგათ საზღვარი? რა საზღვრები აქვთ აქ ადგილობრივებს, როცა ჩენს ტერიტორიაზე გადავდივართ, ჩვენი მიწები და ბაღებია იქით მოყოლილი. იქ  მუშაობის დროს გვიჭერენ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კნოლევთან, რომელიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე. წ ბორდერიზაციის ფარგლებში ჩასვეს ძელები და მავთულხლართები გაავლეს. ადგილობრივები ინფორმაციით, სოფლის საძოვრების და სახნავ-სათესი ფართობების დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამიტომ ისინი საკუთარი მიწების დამუშავებას ვეღარ ახერხებენ.    

„სოფელ კნოლევის ამ ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სოფლის მოსახლეობა ვეღარ გადაადგილდება და შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო მიზნით ან საძოვრების დანიშნულებით გამოყენებას ვეღარ ვახერხებთ. ბევრი ადგილობრივის მიწა იქითა მხარეს არის მოქცეული. ამიტომ არაა გამორცხული ეს ბიჭები საკუთარი მამულების სანახავად მივიდნენ. 

„ძალიან ცუდ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება და მუდმივად იმის შიში გავქვს, არ დაგვაკავონ და რამე ზედმეტი ნაბიჯი ვითომ ე.წ. საზღვრისკენ არ გადავდგათ“, - ყვება „რეზონანსთან“ კიდევ ერთი ადგილობრივი.    

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

უწყება ამბობს, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - წერია უწყების განცხადებაში.

სუს აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×