თამთა ჩაჩანიძე
18.03.2024

ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

გამოსვლას წინ უძღვოდა კობახიძე-სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა.

პრემიერმა ნატოს გენმდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი ლიდერობით მრავალი გამოწვევა იქნა გადალახული. თავის მხრივ სტოლტენბერგმა კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

მანამდე, ირაკლი კობახიძისა და იენს სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატოში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფომაციით, ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო - ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის პირველი მოადგილე ლორენც მეიერ-მინემანი; ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა; ნატოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაიტი; ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორის მოადგილე ინგა უეგნერი; ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი; საქართველოს დესკ-ოფიცერი, პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი სტეფენ ელგერსმა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს.

რა თქვა საქართველოს პრემიერმა

საქართველოს პრემიერმა სტოლტენბერგს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია.

„საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა. წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

„დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, არის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი, ძალიან ძლიერი გამოხატულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქვა ნატოს გენმდივანმა

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა.

„გუშინ ბაქოში ვიყავი, დღეს თბილისში ჩამოვედი. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, რამდენად ვაფასებთ საქართველოს ნატო-ში და ასევე, მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ, ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია პარტნიორებს შორის.

„საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატო-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო განაგრძობს რუსეთისადმი მოწოდებას, უკან წაიღოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის აქტივობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად უკანონოა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები „არც სამართლიანი და არც თავისუფალი" იყო.

„არც სამართლიანი და არც თავისუფალი არჩევნები რუსეთში არ იყო, ესეც შემიძლია ვთქვა. რუსეთი აწარმოებს იმპერიალისტურ მისწრაფებებს და უკრაინა არის იმ სიტუაციაში, როდესაც ამ სირთულეების წინაშე იმყოფება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა. ნატო-ს მოკავშირეები 99% დახმარებას უწევენ უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით და პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი იმყოფება თავშესაფრის მაძიებლად და ფინანსურ, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, რომ ეს მოვლენები შეწყვიტოს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის აქტუალური საკითხია. როგორც ის განმარტავს, მათი მხარდაჭერით ზიანდება შავ ზღვაში რუსეთის დიდი ფლოტი.

„შავი ზღვის უსაფრთხოებაც აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატო-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება პრინციპში შეფერხებული არის და ჩვენი მხარდაჭერით ზიანდება რუსეთის დიდი ფლოტი შავ ზღვაზე. უკრაინის წარმატებამ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და გლობალური სურსათის მიწოდების ჯაჭვში მოხდეს აღდგენა.

„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს საუბარი გვქონდა იმაზე თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება, ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული, საჭიროებებზე მორგებული პროგრამები გვექნება იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატოს გენმდივანმა განაცხადა, ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

„რამდენიმე დღის წინ, თურქული სამხედრო ბრიგადა ეწვია ბათუმს და შეხვდა ქართველ პარტნიორებს. ეს არის ერთ-ერთი იმის მაგალითი, თუ როგორ ვთანამშრომლობთ რეგიონში, ერთმანეთს ვუზიარებთ შესაძლებლობებს და ვუძლიერებთ პოტენციალს. ამით დასტურდება, რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის საქართველო. ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი და დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო.

„კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს, ევროპული საბჭოს მიერ გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში. ჩვენ ხელ და ხელ ვივლით წინ ნატო-ს მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში უნდა განხორციელდეს, გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და პირადი ერთგულებისთვის ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×