ნატალია ჯვარიძე
25.04.2024

პრემიერი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა იმის შესახებ, რომ „საქართველოში ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს."

თქვა, რომ ორიოდე დღის წინ „ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს.

„ე.წ. ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას პროპაგანდით ებრძვიან, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა. ორიოდე დღის წინ ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა შეცვალეს და ამოიღეს რელიგია, რწმენა ამ სამებიდან.

„ე.წ. ლიბერალების კონცეფციით, არა მხოლოდ ქვეყანასა და ერს, ცალკეულ ადამიანსაც კი არ უნდა ჰქონდეს რაიმე მყარი იდენტობა. არ უნდა არსებობდეს რაიმე მორალური ზღვარი ადამიანის პირად ცხოვრებაში. ამ პროპაგანდას აქვს შემაშფოთებელი შედეგები როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. როგორც სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, აშშ-ში და ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, 18-25 წლის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტი საკუთარ თავს ლგბტ პირად აცხადებს. ეს მაჩვენებელი სამჯერ ნაკლებია 26-32 წლის ასაკის ახალგაზრდებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპაგანდამ ლგბტ პირების რაოდენობა სულ რაღაც შვიდ წელიწადში გაასამმაგა", - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე ებრძვიან ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია.

„პროცესები თუ იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე იყო, სახელმწიფო სუვერენიტეტს უკვე მალე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ. საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას. თუმცა, ჩვენს წინაშეც ურთულესი გამოწვევები დგას. ე.წ. ლიბერალები აქტიურად ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია გაავრცელონ და სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლები შეარყიონ.

„ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი კრძალავს ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, გარდა ქალისა და მამაკაცისა, სქესის შესახებ რაიმე სხვა ჩანაწერის შეტანას, ერთსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის და სქესის შეცვლის პოპულარიზაციას.

„გვაქვს დიდი იმედი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას წარმატებით დაუპირისპირდება და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.

„უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგას უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა. უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვებს - სამშობლოსა და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს", - განაცხადა პრემიერმა.

ის დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას

„მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×