ექიმების დაგვიანებული რეაქცია და არაფრის მომცემი დანიშნულებები დაავადებულთა მდგომარეობას ამძიმებს
სანდრო მდივანი
15.11.2021

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 82 პაციენტი, ყოველდღე კი 4-5 ათასი ადამიანი სნეულდება. ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ფონზე, უცნაური არავისთვისაა, თუმცა რა იწვევს გარდაცვალების ასეთ მაღალ მაჩვენებელს, ეს შეკითხვა არა მხოლოდ საზოგადოებაში სპეციალისტებშიც კი გამუდმებით ტრიალებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ უშუალოდ ექიმებისა და მათთვის მიცემული გაიდლაინების ბრალია. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია არის თუ არა დაავადების მართვის პრობლემით განპირობებული გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოქალაქეების გარდაცვალება გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ისინი ჰოსპიტლებში მოხვდნენ. მართალია, საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ნათლად ასახავს ნეგატიურ განწყობას და უნდობლობას, რაც, ზოგადად, პანდემიის მართვის პროცესის მიმართ თითქმის მთელ საზოგადოებაშია. სიკვდილიანობის  მიზეზებს შორის მთავარი სისტემურ პრობლემად მიიჩნევა გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, რის გამოც, ელემენტარულად, პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც ვერ ხერხდება, ხოლო კორონავირუსს ამასობაში ყოველდღიურად ათეულობით პაციენტი ეწირება, მათ შორის ის ინფიცირებულები, ვინც კლინიკაში შესვლის მომენტში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო.

გარდა ამისა, ჩნდება კითხვები პროტოკოლთან დაკავშირებითაც. უკვე ყველგან ლაპარაკობენ იმის თაობაზე, როგორ გადაუხვიეს ექიმის უნებართვოდ პროტოკოლს პაცეინტებმა და როგორ გადარჩნენ ამით; ან მიმაგრებულ ექიმს არ დაუჯერეს და ახლობელი ექიმის რჩევით მიღებულმა ანტიბიოტიკმა, გადასხმამ, თუ პრეპარატმა გადაარჩინა. 

,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“  ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლო მომავალში აუცილებლად გამოითხოვს რამდენიმე გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო ისტორიას, რომელსაც საფუძვლიანად შეისწავლიან. მარინა ბერიძის განცხადებით, პანდემიის მართვისას სერიოზული შეცდომებია დაშვებული და  თუკი ყურადღება არ მიექცევა, დროთა განმავლობაში გადაიზრდება დანაშაულში.

"2012 წლიდან არის ეს ხელისუფლება, რამდენიმე პარლამენტი შეიცვალა და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა მექანიზმით ხდება მისი მიღება, ვინ ახმოვანებს მას და ვინ დგას ამ პროცესების უკან. პირველ რიგში, ის პერსონალი, რომელთაც ვხედავთ, თითქოს პროფესიონალია, მაგრამ როდესაც სისტემა მახინჯია, გაუმართავი, კომერციალიზებული, მათი მართვა ვერასდროს იქნება წარმატებული. 

უნდა ვებრძოლოთ ამ მახინჯ სისტემას და ვაიძულოთ,  ვისაც ევალება, ჩადგეს ქვეყნის და არა საკუთარი ბიზნესის სამსახურში. 21 დღე და 1 თვეც დაწოლილა პაციენტი ჰოსპიტალში, უკეთდება ათასობით ლარი ღირებულების კვლევა, პროცედურა, რომელიც შეიძლება არ სჭირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, კლინიკა იღებს ბიუჯეტიდან დიდ ფულს! ბიუჯეტის თანხა მიდის არასწორ ადგილას და სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ“, - განუცხადა მარინა ბერაძემ ,,ბიზნეს-რეზონანს“.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო ჩიხლაძე კი ხელს პირდაპირ სამინისტროსკენ იშვერს. მისის აზრით, უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრი და პოლიტიკური ხელისუფლებაა პასუხისგებელი ათასობით გარდაცვლილ ადამიანზე.  

,,ცხადია,  ჯანდაცვის მინისტრს  პანდემიაზე არავითარი მოსაზრება და ანალიზი არ აქვს ამასდ ვხედავთ თვეებია. დღეში 80 ადამიანი გვიკვდება, რომელიც არ უნდა გვეღუპებოდეს. საბოლოოდ კი,  ათაოსობით ადამიანის სიცოცხლეზეა ჯანდაცვის მინისტრი და საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან პასუხისმგებელი. ამას პირდაპირ ვამბობ. ამაზე მათ არ აქვთ პასუხი და გეგმა, სურვილიც კი არ გასჩენიათ რამე გააკეთონ“, - განაცხადა ჩიხლაძემ.  

უფრო შორს მიდის მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე. მისი აზრით, შესაძლოა, რიცხვებით მანიპულაცია ხდებოდეს, რათა ქვეყანაში კოვიდ მწვანე პასპორტების შემოღებისათვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნას.

,,ჩვენს ორგანიზაციაში ძალიან სერიოზული ეჭვი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ვაქცინაციის წახალისებისთვის სჭირდებათ როგორც ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდა, ისე ვითარების მაქსიმალური დრამატიზება. სხვადასხვა მიზეზით დაღუპული ადამიანების მიწერა ხდება კოვიდსტატისტიკაში, თითქოს ისინი კორონავირუსით გარდაიცვალნენ.

თუ ვარაუდი სწორია, მაშინ ცნობილი ინფექციონისტების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და თუ მართლები არ ვართ, მაშინ ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამდენი ადამიანი თუკი იღუპება, მათი „დამსახურებაა", ვინც სიტუაციას მართავს

ახლა ამ აზრს ბევრად მეტად ამყარებს კოვიდ პასპორტების შემოღების თემა, რის წინააღმდეგაც მუდმივ და შეურიგებელ პროტესტს ვგეგმავთ", - განაცხადა ზვიად ტომარაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან".

კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი რამდენად რეალურია, ეს მარტივი დასადგენი არ არის, მაგრამ პაციენტების მკურნალობა რომ არასწორად მიმდინარეობს, ამას თითქმის ყოველი მეორე ვირუსგადატანილი ადასტურებს. როგორც წესი, მათი მდგომარეობა ექიმების დაგვიანებული რეაქციისა და არასწორი დანიშნულების გამო მძიმდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×