ახალი კანონით ყველა ძველი გადასახადი ნარჩუნდება და ქალაქში ჩაბარების ყოველ ცდაზე 90 ლარი ემატება
გვანცა წულაია
25.11.2021

საქართველოში მართვის მოწმობის აღება გართულდება და თანაც გაძვირდება. მომავალი წლიდან მოქალაქეებს მოწმობის ასაღებად, მინიმუმ 90 ლარით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. რეალურად კი სხვაობამ შეიძლება 200-300 ლარი შეადგინოს. მიზეზი ახალი კანონია, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა. 

ახალი ნორმატიული აქტი ძალაში 2022 წლის 25 აპრილიდან შევა. სწორედ აღნიშნული თარიღიდან, მართვის მოწმობის გამოცდას ქუჩაში მართვის კომპონენტი ემატება, გადასახადი კი 90 ლარი იქნება, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი ჩაბარებისთივს იქნება საკმარისი. 

როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა, არ იცვლება თეორიული გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის იგივე – 40 ლარი იქნება. 

“დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ იქნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ქალაქის პირობებში კი, საფასური როგორც კანონში არის მითითებული, "ბ" და "ბე" კატეგორიისათვის საფასური შეადგენს 90 ლარს ერჯერადად გასვლაზე”, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა. 

გამოდის, რომ მომავალი წლიდან მართვის მოწმობის აღების მსურველს იმაზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე დღეს იხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კუთხით ეს რთული იქნება, სფეროს სპეციალისტები გადაწყვეტილებას მაინც მიესალმებიან. 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს დაგვიანებულადაც კი მიაჩნია კანონის ამოქმედება. მისი აზრით შესამუშავებელია მეორე ეტაპი, რომელიც სკოლების რეგულირებას, საგანმანათლებლო პროგრამის შექმნას და ლიცენზირებას შეეხება. 

“სწორი კი არა, ცოტა დაგვიანებულიცაა. ეს გადაწყვეტილება მიღებული წლების წინაც უნდა ყოფილიყო. ახლა არსებული გამოცდები რეალურად თავის მოტყუებაა, ისწავლო მხოლოდ გამოცდის ჩაბარება და არა ავტმობილის მართვა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკია. ვინც დღეს ქუჩაში მოძრაობს, ყველა თვითნასწავლია და მანქანის ტარება მართვის მოწმობის აღების შემდეგ ისწავლეს. 

ზოგადად, მართვის მოწმობა ადასტურებს კვალიფიკაციას. ადამიანს ეს კვალიფიკაცია რომ დაუდასურდეს, ამისთვის მან მინიმუმ, რეალურ პირობებშუ მანქანის გატარება უნდა შეძლოს, ამიტომ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ეს პირველი ნაწილია, რაც უნდა მოხდეს. მეორე ეტაპზე, ამას უნდა მოჰყვეს სკოლების რეგულირება, საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა, რასაც აბსოლუტურად ყველა სკოლა დაემორჩილება და მათი ლიცენზირება.

ახალი გადაწყვეტილება ავტოსკოლების დონესაც აწევს. თუ სკოლამ ადამიანს შესაბამისი სწავლება ვერ შესთავაზა, ის ავტომატურად ჩაიძირება. განათლების სამინისტრომაც ლიცენზირებების თემა თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან აქამდე ეს უწყება იძახდა, რომ საგზაო უსაფრთხოებაში არაფერ შუაში არ არის. რელურად კი, არის. შეიძლება ახლა ცუდათ ჟღერდეს, რადგან მე თავად წარმოვადგენ საავტომობილო ფედერაციას, მაგრამ, ალბათ, ფედერაცია უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც გადაამზადებს მასწავლებლებს და გასცემს ლიცენზიას”, - განაცხადა “რეზონანსთან” მელაძემ და დასძინა, რომ მართალია გადაწყვეტილება ფინანსურად დისკომფორტს შეუქმნის მოსახლეობას, მაგრამ ღირებულება ადეკვატურზე უფრო ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა. 

“გადასახადის ამბავს ვერავინ გაექცეოდა, რადგან ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული ავტომობილების მომსახურება, რომელმაც გარეთ უნდა იაროს. ავტომობილის მოედანზე სიარულისას, დაზიანების რისკი და ხარჯიც დაბალი იყო, გარეთ გამოსვლის შემთხვევაში კი ყველაფერი იცვლება. 

რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როდესაც რაღაც ძვირდება, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში გაცილებით დიდი თანხებია გადასახდელი იმისთვის, რომ მართვის მოწმობა მივიღოთ, ვიდრე საქართველოში. ეს, საბოლოო ჯამში, მაინც აისახება კვალიფიკაციაზე და იმიტომაც ვართ ერთ-ერთი დაბალი კვალიფიკაციის მქონე მძღოლებით სავსე და ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევაც ამის გამო ხდება", - განაცხადა მელაძემ. 

ახლად დამტკიცებულ კანონპროექტს დარგის კიდევ ერთი სპეციალისტი, ეკა ლალიაშვილი მიესალმება და ისიც თვლის, რომ ცვლილებების შემუშავება კიდევ საჭიროა. 

“დიდი ხანია ამ ცვლილებას ველოდით. ეს უფრო მეტ გარანტიას მოგვცემს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველები მეტად იქნებიან მომზადებულები, მაგრამ საკმარისი არ არის და ცვლილებები გასაგრძელებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ავტოსკოლების ლიცენზირება. თეორიული სწავლება დღეს გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს და ეს უნდა აღმოიფხვრას, რეალურად უნდა მოვამზადოთ ჩვენი მძღოლები.

არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ავტოსკოლაში ისწავლოს ადამიანმა. შესაძლოა, ოჯახის წევრმა შეასწავლოს, ამიტომ ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ახალი კანონის ძალაში შემოსვლის შემდეგ, ავტოსკოლებში მიმართვიანობა გაიზრდება, თუ არა. სკოლების უმეტესობა რომ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული იყოს და იქ შესაბამისი გამოცდილება არსებობდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, გაიზრდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ეკა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ ერთჯერადად 90 ლარის გადახდა ერთი მხრივ ფინანსურად რთულია, მაგრამ მეორე კუთხით, ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანები უფრო მეტად მოემზადებიან. 

“ერთჯერადად გამოცდისთვის 90 ლარის გადახდა, ერთი მხრივ, ფინანსურად, რა თქმა უნდა რთულია, რა მაგრამ მეორე მხრივ, მართვის მოწმობის აღების მსურველები უფრო მომზადებულები მივლენ გამოცდაზე და უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ყველაფერს”, - დასძინა “რეზონანსთან” ეკა ლალიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×