ოთარ შამუგია: მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, ღვინის ექსპორტი გაზრდილია და წლევანდელი რთველიც წარმატებულად მიმდინარეობს
ქეთო გოგოხია
21.09.2022

 

რთველი 2022 პიკურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. მთავრობის მხრიდან  ყველა წინაპირობაა, რომ წლევანდელი შემოდგომა წარმატებული აღმოჩნდეს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. გატარებული ღონისძიებები იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართულმა ღვინომ კიდევ უფრო განიმტკიცოს ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

ყურძნის კრეფა ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. დღეისათვის, რთველის პროცესში  კახეთის თითქმის მთელი რეგიონია ჩართული. რთველის მიმდინარეობით კმაყოფილნი არიან როგორც ფერმერები, ისე მეწარმეები.

ცნობილია, რომ სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირება წელს დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ათასობით მეწარმე და 200-მდე საწარმო უკვე პროცესშია ჩართული, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველში  ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია თელავში, საკოორდინაციო შტაბში 2022 წლის რთველის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო.

„მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 120 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. მათ შორის, 65 0000-ზე მეტი რქაწითელი, 50 000 ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშის ყურძენი. ვფიქრობთ, რომ კახეთში 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25 000 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მაშაობს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და სხვა შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, კარგად ართმევს პროცესს თავს. ყურძენს მევენახეები შეუფერხებლად აბარებენ. ვფიქრობთ, ბოლომდე ასე გაგრძელდება და წელს გვექნება ძალიან წარმატებული რთველი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და ფასს განაპირობებს.

„ჩვენ წლების განმავლობაში, არაერთ პროექტს ვახორციელებთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ ღვინის ხარისხი. ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ღვინის ექსპორტში. წელსაც, მიუხედავად რეგიონში არსებული მდგომარეობისა, შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პოლონეთი, სადაც 40-45%-იანი მატება გვაქვს და იგი ექსპორტში მეორე ადგილს იკავებს.

მოგეხსენებათ, არაერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება. ასევე შემუშავდა ახალი პროექტი, რომელშიც 40-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, სადაც უშუალოდ კომპანიებს ვეხმარებით მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაში. სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად, შარშან, მთლიანობაში, ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ასევე სპირტის ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ, დაახლოებით, 400 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში ეს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც რთველის შტაბი კოორდინაციას უწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა  ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარეობს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციობს.

როგორც ცნობილია, სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღეს, რომ შემცირდა ექსპორტი ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე – უკრაინაში, იქ განვითარებული მოვლენების გამო. შესაბამისად, მთავრობა წელსაც ეხმარება  მევენახეებს და ასევე საწარმოებს, რათა შენარჩუნდეს დარგის განვითარების დინამიკა.

 კახეთში ვიზიტსას მინისტრი შეხვდა მეწარმეებსა და ფერმერებს. ამ მიზნით მან რეგიონის სოფლებში - ბუშეტსა და ოჟიოში ადგილობრივი მცხოვრებლების ვენახები დაათვალიერა და მათთან ერთად მიიღო მონაწილეობა რთველში.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა,  მოსავლის ნაწილი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.

სოფელ ოჟიოში, ბექა ნახუცრიშვილს ფერმერს საკუთრებაში 26 ჰა ფართობის ვენახი აქვს და სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს. როგორც ბექა ნახუცრიშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, მომავალში უცხოეთში ექსპორტს გეგმავს.

როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონში არაერთი წარმატებული ღვინის საწარმოა, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ და ქართული ღვინის იმიჯზე ზრუნავენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მათ შორისაა, ,,ბექაურის ვენახები", რომლის საქმიანობასაც ოთარ შამუგია პირადად გაეცნო. საწარმოს და ფერმერებს იგი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად ეწვია.

,,ბექაურის ვენახები" ახმეტის    მუნიციპალიტეტის  სოფელ ზემოხოდაშენში მდებარეობს. შპს „ბექაურის ვენახები“  100 ჰექტარზე მეტ ვენახს  ფლობს ახმეტის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. კომპანიამ 3 მლნ ლარის ღირებულების  შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიაში, ჯამში, 50 ადამიანია დასაქმებული. „ბექაურის ვენახები“, წელს 60,000-მდე ბოთლი ღვინის რეალიზაციას  ჩინეთის ბაზარზე გეგმავს.

გარდა ამისა, ოთარ შამუგია  კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, კომპანიის „მხოლოდ კარგი ღვინოები“ იტალიური წარმოების ღვინის ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სპეციალური შეკვეთით დამზადებული მანქანის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო. როგორც მობილური საწარმოს მფლობელმა, ვასილ მანაგაძემ აღნიშნა, სპეციალიზებული მანქანის მომსახურების საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის მარნებს წვდომა აქვთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე, რომელიც მევენახეებს უმცირებს პროდუქციის თვითღირებულებას და ზრდის მათი პროდუქციის საბოლოო ფასს.

აღსანიშნავია, რომ მობილური სერვისით აღჭურვილი მანქანა უკვე ოთხი თვეა ოპერირებს და 30-მდე მარანს  უკვე გაუწია მომსახურება. კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც სპეციალური გადამზადება იტალიაში ჩაუტარდათ.

კომპანიამ სტარტაპებისათვის შეღავათიანი აგროლიზინგით ისარგებლა, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახდენს.

აღსანიშნავია, რომ  ქვეყნის მასშტაბით, ღვინის წარმოების განვითარებისათვის, გაცემულია 316 მლნ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს თანადაფინანსება 58 მლნ  ლარს აღემატება. 

სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 65 ღვინის მარანი და საწარმო, რომელთა ჯამური ინვესტიცია 19 მლნ  ლარს, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება 7 მლნ  ლარს აღემატება.

რაც შეეხება ფასებს, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოში აცხადებენ, ხარისხიან ყურძენზე დიდი მოთხოვნაა. რქაწითელის შემთხვევაში, 1 კგ-ს ფასი 95 თეთრიდან 1,10 ლარამდე მერყეობს,  ხოლო საფერავის შემთხვევაში - 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე.

 ამდენად, რთველი 2022-ის წარმატებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველა ხელსაყრელი პირობაა. ფერმერებიც და საწარმოებიც თავს არ ზოგავენ, რომ გარანტირებული შედეგი მიიღონ და ქართული ღვინო გლობალურ ბაზრებზე ღირსეულად წარადგინონ. საპატიო ნიშა მან წლების წინ მოიპოვა, ახლა მთავარი ნდობის გამართლებაა, რომ ქართული ღვინის უპირატესობაში უცხოელი პარტნიორები  დავარწმუნოთ. ამ მხრივ 2021 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგი წლიდან წლამდე უმჯობესდებოდეს.

არსებული მონაცემებით, ქვეყანამ 2021 წელს ექსპორტზე 62 ქვეყანაში გაიტანა 107 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის მონაცემებზე 16%-ით მეტია. ეს მაჩვენებლები ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში რეკორდულია.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ შარშანაც გამოყო სუბსიდია„რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×