ოთარ შამუგია: მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ფერმერებს, რომ გაზაფხულიდანვე შეძლონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება თავიანთ მეურნეობებში
ქეთო გოგოხია
02.11.2022

მთავრობა თხილის მეურნეობების ხელშეწყობისთვის ახალ პროგრამას იწყებს. მასშტაბური ღონისძიებები დარგის განვითარების მიზნით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება.  მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებაა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი პროგრამით აუცილებლად გავლენ უკეთეს შედეგზე, წინსვლა გაგრძელდება, რაც საბოლოოდ ფასსა და მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. 3 ჰექტრის ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

მეთხილე ფერმერების მხარდამჭერი ახალი პროგრამის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. აღნიშნულისთვის პირველ ეტაპზე, 20 მლნ ლარია გამოყოფილი.

„ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. ამასთან, წელსაც, მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარეს ებული იყო, ამას ემატება ისიც, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერები და ფიზიკური პირები.

პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის, პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარს გამოვყოფთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სექტორშია ჩართული და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. ისე, როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

უფრო დეტალურად თხილის ახალი პროგრამის შესახებ, არსებულ პოტენციალზე, წინა სეზონის შედეგსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ქვეყანაში ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რა მიმართულებითაც მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

ოთარ შამუგიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2017 წელს, აზიური ფაროსანას გავრცელების შემდეგ, თხილის კულტურას გარკვეული პრობლემები შეექმნა, როგორც მოსავლიანობის, ასევე ხარისხის კუთხით. სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა კი, რომელიც დღემდე გრძელდება, შედეგი გამოიღო.

„ჩვენ, ეტაპობრივად, 2019 წლიდან, გავზარდეთ მოსავლიანობა და გაიზარდა ექსპორტიც. 2021 წელს, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 115 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე და ეს იყო, ძირითადად, კლიმატური პირობები, რომლის გამოც ფერმერებმა ვერ შეძლეს მოვლის ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, მოსავლიანობამ იკლო, ასევე გაუარესდა ხარისხი. საექსპორტო ღირებულების და ზოგადად მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს, რომ მათ, მომავალ წელს, გაზაფხულიდან შეძლონ განახორციელონ ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის აუცილებელი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, აგრობარათზე დარიცხული ქულების სახით. დახმარების გამოყენებას ფერმერები შეძლებენ იმ სხვადასხვა საქონლის შესასყიდად, რომელიც საჭიროა თხილის მოვლისთვის, რითაც ხელს შევუწყობთ თხილის მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაუმჯობესებას ქვეყანაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიას განცხადებით, დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი მოსავლის მიღებას.

,,პროცესი წარიმართება შემდეგნაირად: ჩვენ გავაკეთებთ თხილის კადასტრს ჩვენი შესაბამისი სამსახურების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით; შევაგროვებთ მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც გვექნება ინფორმაცია, რომელი იურიდიული თუ ფიზიკური პირი ფლობს რა ფართობის თხილს. ინფორმაცია გვექნება ჯიშებზეც, რაც ანალიზის გაკეთების და სექტორის მხარდასაჭერი შესაბამისი ღონისძიებების გატარების საშუალებას მოგვცემს“, - განმარტა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

პროექტს დადებითად აფასებენ და მხარს უჭერენ პარლამენტშიც. თხილის სუბსიდირების გადაწყვეტილებას დარგის ხელშეწყობის და განვითარებისთვის მყარ საფუძვლად მიიჩნევს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი ეკა სეფაშვილი. მისი აზრით, გემური და ხარისოხობრივი თვისებები ქართული თხილის მთავარი უპირატესობაა და ექსპორტზე ღირსეული ადგილი სწორედ ამ ნიშით უნდა დაიკავოს.

,,საქართველოში მეთხილეობის დარგში საკმაოდ ბევრი ფერმერი არის დაკავებული. ბოლო დროს სექტორს ძალიან გაუჭირდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ფაროსანა იყო პრობლემა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ამ კულტურას, შემდგომ უამინდობამაც იმოქმედა. გაჩნდა გამოწვევები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ამ მხრივ სუბსიდია სწორი გადაწყვეტილებაა.

რა თქმა უნდა, ეს დახმარება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: სოფლის მეურნეობის განვითარებას ემსახურება და  ამავე დროს, სოციალური დანიშნულებისაა, რომ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები ქართული თხილის მთავარი უპირატესობაა  და საერთაშორისო ბაზრებზე ნიშა ამით უნდა დავიმკვიდროთ. ცხადია, ექსპორტზე სწორება ევროპაზე უნდა გვქონდეს, რომელიც ერთ-ერთი  ყველაზე სტაბილური ბაზარია საქართველოსთვის", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ეკა სეფაშვილმა.

სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, თხილის სუბსიდიისგან საკმაოდ დიდ სარგებელს ელიან. პირველ რიგში, შედეგი აისახება მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე, რაც ფასის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა აცხადებს, რომ მთავრობის ღონისძიებების შედეგად შესაძლებელი იქნება, 2023 წლის მოსავლიანობა, მინიმუმ, 25-30%-ით გავზარდოთ. ასოციაცია მხარში დაუდგება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თითოეულ ფერმერს იმისათვის, რომ ყველა სუბსიდია მიზნობრივად დაიხარჯოს.

,,თხილის ფასი, წინა წელთან შედარებით, გაცილებით დაბალია, სწორედ ამან განაპირობა სუბსიდირების პროგრამა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ინტერესდება და ფერმერებს მხარს უჭერს. სამწუხაროდ, წელს კარგი სეზონი მაინცდამაინც არ გვაქვს გარემო პირობებიდან გამომდინარე. რაოდენობა და ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც წინა წლებში იყო, ფასიც, შესაბამისად დაბალია. საქმის კურსშია მთავრობა, რომელმაც არსებული ვითარება გაითვალისწინა და სუბსიდიის გადაწყვეტილება მიიღო. პროცესში კონსულტაციების დონეზე ჩართული ვართ. 

პირველ ეტაპზე დაიწყება თხილის მთლიანი კადასტრის რეესტრის შედგენა, რაც ადრე არ არსებობდა. ბუნებრივია ასოციაციას მუნიციპალიტეტების მიხედვით გვქონდა მონაცემები თუ სად რომელ  ფერმერს  რამდენი  თხილის  ბაღი  გააჩნდა, ასევე  ასოციაცია წინა მოსამზადებელ სამუშაოებშიც იყო ჩართული, თუმცა პირველ ეტაპზე ჩვენც და სახელმწიფომაც დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ თუ რამდენი თხილის ბაღია მუნიციპალიტეტების მიხედვით. ამაში კადასტრი ძალიან დაგვეხმარება. საბოლოოდ ჩამოყალიბდება ბაზა და გვეცოდინება თხილს ზუსტადად რა ფართობი უჭირავს“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

რაც შეეხება სუბსიდიის ფარგლებში გამოყოფილ თანხას, თოდუას თქმით, 500 ლარი საკმარისია იმ აუცილებელი წამლობისთვის, რასაც თხილის ბაღი მოითხოვს.

,,თავისუფლად შეიძლება თხილის მოსავალი მომავალ წელს 2019-2020 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს. ველოდები, რომ სულ მცირე, 25-30%ით გავზრდით მოსავლიანოაბს. ეს არის დაახლოებით 70 000 ტონა თხილი, ამ მაჩვენებელზე უნდა გავიდეთ, რაც წესით, არ გაგვიჭირდება სუბსიდიის და სწორი წამლობის პირობებში. წინა წლებში, როდესაც ხალხი მთავრობის დახმარებით და წესების დაცვით უვლიდა თხილს, ხარისხიც უკეთესი იყო. შესაბამისად, 8-9  ლარიც ღირდა თხილი, ახლა, როცა ფაროსანა შემცირდა, ფერმერები ცოტათი მოეშვნენ, რაც საბოლოოდ მოსავლიანობაზე აისახა.

ახლა რადიკალურად იცვლება ვითარება.  თხილის სუბსიდირებას დადებითად ვუყურებთ და მხარში დავუდგებით  სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  თითოეულ  ფერმერს, რათა გაკონტროლდეს და თითოეული სუბსიდია მიზნობრივად იქნეს დახარჯული. ჩვენი მიზანია, კარგი მოვლის შემთხვევაში ფერმერებმა მიიღონ, მინიმუმ, 45%-იანი გამოსავლიანობა. ეს იდეალური შედეგია, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ  მოსახლეობამ მოსავლისგან რაც შეიძლება მაღალი სარგებელი მიიღოს, რისი პოტენციალიც დიდია“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ გიორგი თოდუამ.

თხილის სუბსიდიის გადაწყვეტილებას ფერმერებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მცირეშემოსავლიანია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი თოკო ბესელია ამბობს რომ სუბსიდიის თანხას მთლიანად თხილის წამლობას მოახმარს, რაც აქამდე უჭირდა.

,,1 ჰექტრამდე თხილის ფართობი გვაქვს. წესით, 1,5 ტონა მოსავალს უნდა ვიღებდე, თუმცა ფაროსანას გამო რაოდენობა შეგვიმცირდა. წელს თხილი  400 კილოგრამზე მეტი ვერ მოვიწიე, შარშან ცოტა მეტი იყო. უსახსრობის გამო წელს ორჯერ შევწამლე თხილი, ცხადია, ეს საკმარისი არ არის. 500 ლარი სეზონის განმავლობაში სწორი მოვლის საშუალებას მომცემს, ველოდები, რომ ტონამდე მაინც გავზრდი მოსავალს, თუკი ამინდიც ხელს შეგვიწყობს.

ხალხი გახარებულია, უკვე მთელი სოფელი მოიარა ამ ინფორმაციამ, მეტი იმედი მოგვეცა. არის მომენტები, როცა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს აკეთებს, ახლა ამ მდგომარეობაში ვართ, საჭირო და დროული დახმარებაა, რაც ალბათ ყველა ოჯახს დაეტყობა, ვინც სუბსიდიით ისარგებლებს", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" მცირე ფერმერმა.

2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. თხილის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავიდა, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა: იტალია, გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი. თხილის წარმოებამ 45.9 ათასი ტონა შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×