შუა აზიის ქვეყნები ამაზე უკვე თანახმანი არიან, უკვე შეიძლება მოლაპარაკებების დაწყებაც
ქეთო გოგოხია
07.11.2022

შუააზიური სახელმწიფოების მხრიდან  საქართველოს გავლით გაზსადენის მშენებლობის ინტერესი მკვეთრად იზრდება. არ არის გამორიცხული, მალე ახალი პროექტის განხორციელება რეალურად დაიწყოს, ხოლო არსებული მილსადენების დატვირთვა მკვეთრად გაიზარდოს. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები (როგორც გაზსადენი, ასევე ნავთობსადენი) შეიძლება საკმარისი არ იყოს და ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპის დროს. შესაბამისად, დადგება კიდევ ერთი მილსადენის აშენების საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მეტ მოცულობას ითხოვს.

საუბარია უკვე შუაზიური სახელმწიფოების და აზერბაიჯანის ინტერესებზე გაზის ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ევროპელებსა და აზერბაიჯანელებს შორის არის მოლაპარაკება, რომ კიდევ მეტი გაზი მიიღონ კასპიის საბადოებიდან, მაგრამ ,,ტანაპის“ პროექტს აქვს ლიმიტი, ევროპას კი მეტის მიღება სურს დეფიციტის გადასაფარად, მით უმეტეს, თუ ამ პროექტში ჩაერთვება შუა აზიური გაზი თურქმენეთის სახით. ამიტომ სულ მალე შეიძლება ახალი მილსადენის მშენებლობის საჭიროება რეალურად დადგეს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით,  თურქმენეთი კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობას დღის წესრიგში ტოვებს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერ შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერი ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, სამომავლოდ, თუკი  მოთხოვნა გაიზრდება, თეორიულად დასაშვებია ახალი მილსადენის მშენებლობა. ამ ეტაპზე კი საქართველოს გამტარუნარიანობა გაიზრდება და გაჩნდება შესაძლებლობა, რომ არსებული მილსადენები სრულად დაიტვირთოს. საუბარია ასევე საქართველოს რკინიგზით გადაზიდვების სერიოზულ ზრდაზე, რაც ქვეყნისთვის დიდი ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.

საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის ზრდაზე ისაუბრა „ბიზნეს-რეზონანსთან" ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ, რომლის განცხადებითაც, ახალი მილსადენის მშენებლობის შანსი მართლაც რომ საკმაოდ დიდია, თუკი მოთხოვნა გაიზრდება.

,,შანსი არის, სხვანაირად ვერ განხორციელდება ეს პროექტი. თურქმენული გაზი აუცილებლად შემოვა საქართველოს დერეფანში, მეტი გზა არ არსებობს. ამდენად, ეს არ არის სიახლე, ,,ნაბუკოს“ პროექტი იყო თავის დროზე და ის ახალ სიცოცხლეს იძენს. შუააზიური ქვეყნები ფიქრობენ, რომ საქართველოს გავლით გავიდეს ეს გაზი ევროპაში, შესაბამისად, გატარების 5% ქვეყანას დარჩება. თუკი ევროპის ფასში გადავიყვანთ, 1000 კუბ/მ გაზი არის დაახლოებით  1100 დოლარი, ხოლო ჩვენ გვრჩება 1 მილიარდი გაზი ყოველწლიურად. ასე რომ, მნიშვნელობა აქვს, სამომავლოდ რა მოცულობის გაზი დაგვრჩება. 

ამ დროისთვის 18 მილიარდამდეა გატარებული და 20 მილიარდამდე გაიზრდება წლის ბოლომდე. ახალი მილსადენის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, მინიმუმ 30 მილიარდ კუბ/მ-მდე  მოიმატებს, რაც დიდი სარგებელია საქართველოსთვის. არც თურქმენეთს და არც ყაზახეთს არ აწყობთ რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების მოძრაობა, მაგრამ ეს მარტო გუნება-განწყბილებაზე არ არის, ტექნიკური საკითხებია", - განაცხადა არაბიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან".

ენერგეტიკოსის თქმით, ამ ეტაპზე ყაზახეთისთვის ნავთობის გატარებასთან დაკავშირებითაც გარკვეული პრობლემებია და შეიძლება იფიქრონ კიდევ დამატებითი მილსადენის მშენებლობაზე, რაც შუა აზიაური სახელმწიფოსთვის დღესდღეობით განსაკუთრებით მტკივნეულია.

,,ახლა უფრო ჭირს ნავთობის ყაზახეთიდან ბაქომდე ტრანსპორტირება, მაგრამ ბაქოდან ევროპაში გადატანა პრობლემა არ არის. საქართველოს შეუძლია 3,5 მილიონი ტონის გატარება. ამ ეტაპზე,  ვინაიდან მოთხოვნა იზრდება, მხარეები უნდა შეჯერდნენ და იფიქრონ, რომ კიდევ ერთი მილსადენი აშენდეს“, - დასძინა გია არაბიძემ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის” პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე, რომლის განცხადებითაც, ამ სიტუაციაში ახალი მილსადენის მშენებლობის რეალური საჭიროებაა და ეს შანსი ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული.

,,საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პასიურ პოზიციაში იყო. დიდი დროს დავკარგეთ, ახლა უნდა გამოიჩინოს აქტიურობა, ამ შემთხვევაში ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მეტიც, არ შეიძლება არ ვიაქტიუროდ, მსოფლიოში  ყველაზე იაფი გაზი იქაა, თურქმენეთში, რუსეთში ყველაზე ძვირი გაზია. ის, რაც შევარდნაძის დროს გაკეთდა - დერეფანი გაიჭრა, მაშინ საქართველოს სურდა ასე. მაშინ ჩვენი ქვეყნის  მხარდაჭერა განაპირობა იმან, რომ ქვეყანამ გეზი აიღო ევროპისკენ, რაც იყო კარგი.

რუსეთი უკვე აღარ არის ძლიერი და არ გვეშინია. შესაბამისად, ახლა საქართველოს მეტი აქტიურობა მართებს იმისთვის, რომ ახლა მაინც ადეკვატურად გამოიყენოს მანამდე არაერთხელ გამოუყენებელი შანსი. თურქმენული გაზის ევროპაში რეალიზებისთვის „თეთრმა ნაკადმა“, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სხვა პროექტებთან კავშირში უნდა იმუშაოს. შედეგად, თურქმენული გაზის შესაბამისი რაოდენობა სწორედ ამ ახალ პროექტებზე განაწილდება. ეს მისცემს საქართველოს საშუალებას, რომ მართლა ახალი წვლილი შეიტანოს და ევროპის სერიოზული პარტნიორი გახდეს“, – განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" გიორგი ვაშაყმაძემ.

თურქმენეთის პოტენციური რესურსები 71,2 მილიარდ ტონა ნავთობის ეკვივალენტს შეადგენს, საიდანაც 53 მილიარდი ტონა ხმელეთზე, 18,2 მილიარდი ტონა კი ზღვაშია. დღეისთვის 190-ზე მეტი ნავთობისა და გაზის საბადო არის აღმოჩენილი.

ყველაზე დიდი, გალკინიშის საბადოს მარაგი, მიმდებარე სტრუქტურებით, 27,4 ტრილიონი კუბური მეტრი გაზით არის შეფასებული.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან შეუმცირდა გადაზიდვა და სურს საქართველო-აზერბაიჯანის გავლით გაიტანოს. ცხადია, ეს ყველაფერი არის დიდი შესაძლებლობა და სარგებელი, რომ შუა აზიურმა ენერორესურსებმა საქართველოზე გაიაროს. აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ახლო მომავალში არ დასრულდება, დიდი ალბათობით იგი მომავალ წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, საქართველოს დერეფნის როლი წარმოუდგენლად იზრდება. ქვეყნის სარგებელი და შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რისი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×