საქართველო აფხაზეთისთვის დენს არ იყიდის, მაგრამ ენგურჰესიდან მიწოდებას შეზღუდული რაოდენობით მაინც გააგრძელებს
ქეთო გოგოხია
27.12.2023

ზამთარი დადგა და ოკუპირებული აფხაზეთი ელექტრომომარაგების მწვავე პრობლემის წინაშეა. როგორც ჩანს, რუსეთმა სეპარატისტებს დენის მიწოდებაზე უარი უთხრა, რის ალტერნატივასაც აფხაზური მხარე კვლავ საქართველოში ეძებს. სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ვიზიტი  ზუგდიდში, რომელიც ,,ენგურჰესის" წარმომადგენლებს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მხარეებმა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ,,ენგურჰესის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფხაზეთს მიაწვდიან ელექტროენერგიის მცირე რაოდენობას, რის საშუალებასაც ჰესი მისცემს. ის, რომ ელექტროენერგია შეიძინონ და ამით მომარაგდეს აფხაზეთი, ამ ნაბიჯის გადადგმას, როგორც ჩანს, ქართული მხარე არ აპირებს, თუმცა გალისა და ოჩამჩირის ელექტროენერგიით მომარაგებას შეზღუდული რესურსით გააგრძელებენ.

რეალობა კი ოკუპირებული რეგიონისთვის რთულია, ვინაიდან ენგურჰესში წყლის დეფიციტია და შესაბამისად, ახლა უნდათ, საქართველომ შეუძინოს ელექტროენერგია და კვლავ უფასოდ მოამარაგოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ქრისტინა ოზგანმა "სპუტნიკ აბხაზიასთან" დაადასტურა, რომ ზუგდიდში "ენგურჰესის" წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი ენგურჰესის კაშხალს შეეხებოდა.

,,2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განვიხილეთ, ამ პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი წყალსაცავში წყლის დონის აუცილებლად შენარჩუნების გათვალისწინებით, ასევე სხვა საკითხები, რომლებიც კომპლექსის ექსპლუატაციასთან არის დაკავშირებული", – განაცხადა კრისტინა ოზგანმა.

ოზგანის განცხადებით, მან ქართულ მხარეს აცნობა, რომ ვარდნილჰესების რეკონსტრუქციას აპირებენ. როგორც "სპუტნიკ აბხაზია" წერს, "ენგურჰესის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ აფხაზურ ტელეარხთან თქვა, რომ საქართველო ვარდნილჰესების აღდგენას არ აპირებს, რადგან არამოგებიან ინვესტიციად მიაჩნიათ.

,,რეზონანსთან" საუბრისას ,,ენგურჰესის" ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და საქართველო კვლავ გააგრძელებს აფხაზეთის ენერგომომარაგებას, მაგრამ შეზღუდული რესურსით, რის შესაძლებლობასაც ჰესი მისცემთ. ხუბუას თქმით, ოკუპირებული რეგიონისთვის ელექტროენერგიის შესყიდვა და იმპორტით დანაკარგის შევსება არ იგეგმება.

 ,,ოზგანის ვიზიტთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული არ ხდება,  იგი ხშირად სტუმრობს ზუგდიდს, ამას ასეთი რეაგირება და ხმაური არასდროს მოჰყოლია. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვადასტურებ, რომ არ ვცვლით პოლიტიკას და გავაგრძელებთ ელექტროენერგიის მიწოდებას აფხაზეთისთვის. ამ ეტაპზე წყალსაცავი დაცლილი გვაქვს და მიწოდების მხრივ ნამდვილად არის პრობლემაა. მხოლოდ გალსა და ოჩამჩირეს ვაწვდით, დანარჩენს რუსეთი მიაწოდებს, უბრალოდ, უნდა გადაიხადონ აფხაზებმა, რეალურად ეს გარემოებაა.

ყიდვით ჩვენ ვერ შევუძენთ დენს აფხაზეთს, მაგრამ მოვალეობას შევასრულებთ, რის შესაძლებლობასაც მოგვცემს ჰესი. მომარაგებას გავაგრძელებთ შეზღუდული რესურსით, ამაზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა გია ხუბუამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტს საქართველო ისედაც ყოველწლიურად განიცდის, რის გამოც ცივ თვეებში ყოველთვის იმპორტის საჭიროებაა. გვიანი შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს მთავარი ელექტროსადგური რეალურად მხოლოდ სეპარატისტებისთვის მუშაობს. ,,ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული დენი აფხაზებს, წლებია მთლიანად მიაქვთ და ისიც არ ჰყოფნით, საქართველო კი საჭირო ელექტროენერგიის დიდ წლის იმპორტისა და ასევე ძვირი თბოსადგურების ხარჯზე ივსებს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ენერგეტიკოსები აფხაზეთთან ენერგოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ აფხაზეთის ენერგომოხმარებასთან დაკავშირებით მთავრობას ზედმეტად ლოიალური მიდგომა აქვს, რითაც ისევ ქართული მხარე ზარალდება.

,,აფხაზეთს მიაქვს იმდენი დენი, რამდენიც დასჭირდება. ამ დროს ვიცით, რომ იქ კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით კატასტროფული სიტუაციაა, საქართველოს მთავარი ჰესის მიერ გამომუშავებულიო დენის უდიდესი ნაწილი ამ პროცესს ხმარდება და ეს იქცა ტრადიციად. ამ დროს განვიცდით ელექტროენერგიის დეფიციტს, ასეთ მდგომარეობაში განაწილება აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას, რასაც რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არა აქვს. ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს", - აღნიშნა ჭიჭინაძემ ,,რეზონანსთან".

ენერგეტიკოსის თქმით, აუცილებელია, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდეს.

,,უნდა მოისინჯოს ყველა შესაძლებლობა, რომ მუდმივად საქართველოს ინტერესები არ ზარალდებოდეს. ყველაზე კარგი გამოსავალია, აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყოს, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მადის მოსათოკად.

პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი. ყოველთვის ასე იქნება, სანამ პატრონი არ გვეყოლება. ისჯება ქართველი ხალხი. არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები, რადგან ყოველთვის, ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება", - განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×