გვანცა წულაია
28.12.2023

სულ რაღაც 3 დღეში 2013 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების საქართველში შემოყვანა აიკრძალება. ამასთან დაკავშირებით უკვე გაჩნდება პრობლემა, ავტომობილი, რომელიც 2023 წელსაა გამოწერილი, მაგრამ მისი ჩამოსვლა წელსვე ვერ ესწრება, რა ხდება არ შემთხვევაში? ცლილების ამოქმედების შემდეგ მოსალოდნელია თუ არა 10 წელზე მეტი ასაკის მანქანების გაძვირება?

როგორც ირკვევა, 2013 წელს გამოშვებული ავტომობილების იმპორტი ნაწილობრივ გახანგრძლივდა. აქ მოიაზრება ის, რომ პრობლემა არ იქნება, იმ სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება, რომლებიც 2023 წელსაა გამოწერილი, მაგრამ 2024 წელს ჩამოვა ქვეყანაში. თუმცა, აქაც არსებობს ერთი კრიტერიუმი, რომლის დაკმაყოფილებაც უნდა მოხდეს. განბაჟების პრობლემა არ შეექმნება ისეთ ავტომობილს, რომლის კონტეინერში ჩატვირთვაც ამ წლის პირველ დეკემბრამდე მოხდა.

`გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტოიმპორტიორებისა და ავტოიმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ყველა ავტომფლობელი, რომელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ფირნიშით 2013 წლის ქვემოთ არის გამოშვებული და ამა წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1-ელ იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან. შესაბამისი დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება”, - დაწერა სოციალურ ქსელში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ, რომლის თქმითაც, ობიექტური მიზეზების გამო ქვეყანაში ავტომობილების ჩამოყვანა შეფერხდა, ამიტომ ე.წ. გარდამავალი პერიოდის შექმნის თხოვნით მთავრობას მიმართეს.

„ისეთი მყიდველი საკმაოდ ბევრია, რომელთა ავტომობილებიც გზაში გაიჭედა. წითელ ზღვაში იყო რაღაც პრობლემები, თავდასხმა იყო გემებზე, ამიტომ მათ საზღვაო მარშრუტები შეცვალეს. ასევე, ცუდი ამინდი იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში შავ ზღვაში. ამ ყველაფერმა - არა სუბიექტურმა, არამედ ობიექტურმა მიზეზებმა, მოგვცა ის, რომ ავტომობილების ჩამოყვანა შეფერხდა. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავრობას თხოვნით, რომ შექმნას ე.წ. „გარდამავალი პერიოდი" იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე გზაში ჰყავს ავტომობილი და 2024 წლამდე ჩამოყვანას ვერ ახერხებს", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ და დასძინა, რომ ახალი კანონი საქართველოში ავტომობილის შეძენას გააძვირებს.

„პოტენციურ მყიდველებს მოუწევთ, 10 წლამდე ასაკის ავტომობილები შეიძინონ, რომლებიც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე 2013 წლამდე გამოშვებული მანქანები. ვფიქრობ, ეს შეზღუდვა მომავალი წლიდან ქვეყანაში ავტომობილის შეძენას გააძვირებს და ამასთან, მოსალოდნელია ფასების ზრდა მეორად ავტონაწილებზეც", - განაცხადა ნონიაძემ.

საინტერესოა, რატომ დასახელდა გარდამავალ თარიღად მაინც და მაინც პირველი დეკემბერი და რატომ არ დაწესდა შეღავათი წლის ბოლომდე გამოწერილ ავტომობილებზე.

როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ლაშა დარბაისელისგან ირკვევა, მიმდინარე ეტაპზე მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ამ დათმობაზე წავიდა.

`პირველი დეკემბერი დასახელებული იმიტომ არის, რომ მხოლოდ ამ შეთანხმებაზე წამოვიდა მთავრობა, მეტზე - არა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდოდა და გვინდა ის, რომ წლის ბოლომდე შეძენილი ავტომობილები დაექვემდებაროს განბაჟებას, მაგრამ ამ ეტაზე, მხოლოდ აღნიშნულ შეთანხმებამდე მივედით. ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო დათმობაზე კიდევ წამოვა, გაითვალისწინებს ჩვენი ავტომიპორტიორების პრობლემებს და შევა მათ მდგომარეობაში, რადგან თანხა არ დააკლდეს კერძო სექტორს და ზოგადად ქვეყანას. მოგეხსენებათ, ბიზნესის ეს მიმართულება რეეექსპორტში პირველ ადგილზეა, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა `რეზონანსთან” დარბაისელმა.

ისიც ვარაუდობს, რომ კანონი ქვეყანაში ასაკოვანი ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს.

`კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, 2013 წელს ქვევით გამოშვებული ავტომობილები გაძვირდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქვეყანაში ვეღარ შემოვა ასეთი სატრანსპორტო საშუალებები. თანაც, არა მხოლოდ ავტომობილის ფასი მოიმატებს, არამედ მისი ავტონაწილების ღირებულებაც გაიზრდება, რაც იმავდროულად მომსახურებას გააძვირებს. ამას ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, როცა პრემიერმა აღნიშნული კანონის მიღება დააანონსა.

მოსახლეობისთვის ძნელია ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება. ხალხი ძველ ავტომობილს ვერ გაყიდის, თანხასაც ვერ დაამატებს და პრობლემაც ესაა. ავტოპარკი უფრო მეტად დაძველდება, არათუ განახლდება და ეს უარყოფითად აისახება ეკოლოგიაზეც”, - დასძინა `რეზონანსთან” ლაშა დარბაისელმა.

ავტიმპორტიორები იმასაც ამბობენ, რომ კანონი ავტომობილების გაძვირებასთან ერთად, სხვადასხვა სახის პრობლემას შექმნის. 

როგორც ავტოიმპორტიორმა, `რობანი მოტორსისი” დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, ახალ ეტაპზე გადაწყობა სანამ დაიწყება, პრობლემა შეიქმნება ბაზარზე.

"კანონში არ არის გაწერილი შემდგომში რა უნდა მოხდეს. ეს უცოდინრობის ბრალია. აღნიშნული ბიზნესი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი შემავსებელია და გაურკვეველია ასე უგულისყურო მოპყრობა”, - განუცხადა `რეზონანსს” ელგუჯა ჯამაგიძემ და დასძინა, რომ `ქვეყანას ჰაბის ფუნქციის დაკარგვის უნდა ეშინოდეს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×