"არ შეიძლება ზღვის დონიდან სიმაღლით იზომებოდეს რესტორნის მენიუს ღირებულება, ეს გამაოგნებელი მიდგომაა“
ქეთო გოგოხია
22.01.2024

მთის კურორტებისთვის ამინდი მაქსიმალურად ხელსაყრელია და ფაქტობრივად,  ყველა პირობაა წარმატებული სეზონისთვის, თუმცა იქ არსებული ფასები დიდ პრობლემად იქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით გუდაური გამოირჩევა. კურორტის მომსახურების ტარიფებმა ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და დღესაც გრძელდება მხარეებს შორის დავა - რამდენად გამართლებულია მაღალი ფასები გუდაურში. ეს უკვე გარკვეულ პროტესტს იწვევს და არათუ ადგილობრივი ტურისტები, უკვე უცხოელებიც კი უარს ამბობენ გუდაურში დასვენებაზე.

დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა ზღვარს სცდება. პრობლემას, რომ კურორტზე დამსვენებლების სიმცირეა, ადასტურებს საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელია გეგა სალუქვაძე, რომლის განცხადებითაც, კურორტზე დამსვენებლებმა ძალიან იკლო და გუდაურის რეიტინგი დავარდა.

,,ახალი წლის აქტიური პერიოდის, არაჩვეულებრივი თოვლის და სეზონის ბრწყინვალედ გახსნის მიუხედავად, ძალიან ცოტა ტურისტია. მოკვლევას ვატარებთ და ვიცით...  3 გერმანელი რომ იტყვის, რომ აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება, ეს უკვე სტატისტიკაა. ეს საცობები, ბურანები... ჩამხრჩვალია აქაურობა ამ სუნში, პირდაპირ კორპუსების გარშემოა ეს ბურანები მოწყობილი და აღარ უნდათ ამ კორპუსებში გაჩერება.

კურორტზე დამსვენებლებმა საგრძნობლად იკლო, ძალიან დავარდა გუდაურის რეიტინგი. ახალი წლის პერიოდში გუდაური ასეთი ცარიელი არასდროს ყოფილა.  იქნებ თებერვალში შეიცვალოს მდგომარეობა, სამწუხაროდ, წინასწარი ჯავშნები არაა“, - განუცხადა სალუქვაძემ  „კომერსანტს“.

გუდაურთან დაკავშირებით აჟიოტაჟი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როცა კვების ობიექტების მენიუ სოციალურ ქსელში განთავსდა. აღმოჩნდა, რომ გუდაურში ხაჭაპურის ღირებულება 40-45 ლარია და სხვა პროდუქტების ღირებულებაც ასევე ძვირია: ხინკალი - 3 ლარამდე,  4-ნაჭრიანი მწვადი - 30 ლარი, ცეზარის სალათა - 47 ლარი, ბურგერები - 35-60 ლარი, "დანკინის" ყავა - 18 ლარი, დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი, ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი,  პიცა პეპერონი - 43 ლარი,  ნაყინი - 18 ლარი, პლუს 18% მომსახურების საფასური“, - ასეთია მენიუ, რომელიც ერთ-ერთმა დამსვენებელმა ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ასეთ ფონზე ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, შეფმზარეულები და კვების სპეციალისტების ნაწილი ცდილობს გუდაურის მაღალი ფასი გაამართლოს. სულ ცოტა ხნის „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი საწინააღმდეგოს მტკიცებას შეეცადა და სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გუდაურში არც ფასებია ხელოვნურად გაზრდილი და არც დამსვენებლების სიმცირეა, რაც, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია იმ ფაქტების ფონზე, რაც მენიუსთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც მურაჩაშვილი წერს, კურორტზე რუსი ტურისტებიც არ ჭარბობენ. ამასთან, 27 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 6 იანვრამდე ყველა სასტუმრო ნომერი გაყიდული იყო იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე შარშან.

,,დეკემბრის მონაცემებით, კურორტზე არაბთა საემიროების მოქალაქეები ჭარბობენ. ამას მოსდევს დასავლეთ ევროპა - გერმანია, დანია, კვიპროსი, საფრანგეთი, ჰოლანდია. შემდეგ მოდის, აღმოსავლეთ ევროპა - ლიტვა, ლატვია და პოლონეთი. შემდეგ მოდის ქართველი დამსვენებლები, რომლებსაც რუსი და ბელორუსი ტურისტები მოსდევენ და ბოლოს ტურისტები ყაზახეთიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და ბაჰრეინიდან.

რაც შეეხება ხაჭაპურის ღირებულებას. ხაჭაპურს გააჩნია, თორემ თბილისშიცაა ხაჭაპური 55 ლარად. გუდაურში საერთოდ დადიხართ? ზამთრის სასრიალო საკუთარი ეკიპირება რომ იყიდოთ, უკეთეს შემთხვევაში 2000 ლარი მაინც გჭირდებათ, ხოლო რომ იქირაოთ 80-100 ლარი ჯდება. თბილისში, ბარში, კოქტეილში 35 ლარს რომ იხდით, იქ როგორ შემოგბედეს გლინტვეინში 15 ლარი. თუ არ სრიალებთ და გასეირნება გინდათ, ბაკურიანი უფრო ლამაზიცაა და იაფიც, ხოლო გუდაური მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის დავტოვოთ.

ფული სახელმწიფო ბიუჯეტში შეგვაქვს, რაც თქვენს შემოსავლებზეც ირიბად და ნელ-ნელა აისახება. ადამიანებს სხვა ქვეყანაში ფულის დახარჯვისკენ მოვუწოდოთ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში, მარტივად რომ ვთქვა, არც სწორია, არც პატრიოტული. ევროპაში, ნებისმიერ ზამთრის კურორტის ფასს რომ გადახედოთ, სანამ ქირქილს დაიწყებთ, ნახავთ, რომ ფასი მინიმუმ ორმაგია. ხარისხზე ნუ შემეკამათებით, ერთი და იგივე სტანდარტის სასტუმროებს თუ შევადარებთ, ჩვენთან გაცილებით თბილი, მოწესრიგებული, სუფთა და მაღალხარისხიანია", - წერს მურაჩაშვილი.

ის, რომ ხაჭაპური შეიძლება თბილისურ რესტორნებშიც 50 ლარად შემოგთავაზონ, ცნობილია ტურიზმის სფეროს სპეციალისტ ნიკა კვარაცხელიასთვის, რომელიც ტურისტულ ტარიფებს კვების ობიექტებში ვერანაირად ამართლებს და პირდაპირ ამბობს, რომ ლოგიკურია, პროტესტის ნიშნად დატოვო რესტორანი, რომელიც თბილისში ასეთ არარეალურ მენიუს სთავაზობს მომხმარებელს. მომსახურების სერვისი ასეთი ფასის მიმართ ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია.

,,გუდაური არ არის მაღალმხარჯველი ტურისტებისთვის სასურველი ადგილი. საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის ზამთრის კურორტები, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირია, მაგრამ ასჯერ უფრო კომფორტულია, ვიდრე გუდაური. თუმცა საქართველოში იგი ყველაზე ძვირია და ამას ამართლებენ იმით, რომ სხვა საზოგადოება იკრიბება, ე.წ. ,,სვეცკი ქართველები“, რომლებიც ირჩევენ გუდაურს და არა, ვთქვათ, ბაკურიანს. ამ დროს მსოფლიო ჩემპიონატები და მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების მასპინძელი ბაკურიანია.

რაც არ უნდა მოინდომონ, ჯერჯერობით გუდაური ვერ იქნება ინდუსტრიის ნაწილი. პატარა ქვეყანა ვართ. ყოველდღე თითო თვითმფრინავით რომ დაჯდეს ტურისტული ჯგუფით, გადაიტვირთება ქვეყანა, ვერ გაუძლებს.

რაც შეეხება ფასებს, რამაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია. 50-52 ლარი თბილისშიც ღირს ხაჭაპური. წერია კიდეც რესტორნის მენიუში. უნდა ადგე და მაშინვე წახვიდე, როცა ასეთ არაადეკვატურ რამეს წაიკითხავ. ახლა იმის მტკიცება, რომ გუდაურში ასეთი ფასი არ არის, ცოტა უხერხულია. აშკარაა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ისე არ ატეხილა აჟიოტაჟი“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნიკა  კვარაცხელიამ.

გუდაურში არსებული ტარიფები მიუღებელია რიგითი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადასტურებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია. თბილისელი ნინია ქავთარაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მეგობართან ერთად ისვენებდა წელს გუდაურში, რაც დაგეგმილზე ბევრად ძვირი დაუჯდა, ამიტომ დასვენების დღის ხანგრძლივობა შეამცირა.

,,საოჯახო ტიპის სასტუმროში ავიღეთ ბინა, გადასახადში არ შედიოდა კვების ხარჯი, თუმცა ისედაც ძვირის გადახდა გვიწევდა. ვიფიქრეთ, რომ დროის ხან გარეთ შვძლებდით კვებას, ხანაც ჩვენი სასტუმროს მენიუთი ვისარგებლებდით, მაგრამ ამის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, შეგვეზღუდა. გუდაურის რესტორნებში ნამდვილად გვიწევდა არარეალურად მაღალი ფასის გადახდა, ეს ხდებოდა ნაახალწლევს, 5-12 იანვრის პერიოდში. გაცილებით მეტი დღით გვინდოდა დარჩენა, მაგრამ ხარჯს ვერ გავუმკლავდით.

საოჯახო სასტუმროში ცოტათი ნაკლები ტარიფი იყო კვებაზე, მაგრამ დიდი შეღავათი არც ეს ყოფილა. რაზეა საუბარი დანარჩენზე, როცა წყლის ფასი 5 ლარს აღწევს კვების ობიექტებში, ასევე  სალათები, ხინკალი, ყავა და სხვა, ყველგან უძვირესი ღირდა. ვფიქრობ, არასწორად მოვიქეცი, რომ მაშინ არ გავაპროტესტე. რაც იქ დავხარჯე, იმ თანხად ევროპის კურორტებზე ძალიან კომფორტულად ისვენებს ხალხი და გაცილებით ხარისხიან მომსახურებას იღებს. არ შეიძლება ზღვის დონიდან სიმაღლით იზომებოდეს რესტორნის მენიუს ღირებულება, ეს გამაოგნებელი მიდგომაა“, - აღნიშნა უკმაყოფილო დამსვენებელმა.

შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლის ზამთრის სეზონი გუდაურში  20 დეკემბერს გაიხსნა და მას შემდეგ მომხმარებლები მომსახურების ნახტომისებულ გაძვირებაზე ჩივიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×