"ახალი კლინიკა სხვაგან აეშენებინათ და მანამდე ემუშავა ამჟამინდელ საავადმყოფოს..."
გვანცა წულაია
23.01.2024

რესპუბლიკური საავადმყოფო მალე დაინგრევა და მის ადგილზე ახალი კლინიკა აშენდება. ასეთია მთავრობის გეგმა, რომელიც 3-4 წელში განხორციელდება, ითქვა, რომ საავადმყოფო, დღეს, სტადარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ დემონტაჟია საჭირო. კლინიკაში დასაქმებულებს კი მთავრობა სხვადასხვა სახის შეღავათს გაუწევს.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს. საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა ჯიდიპი სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა.

თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.

- ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი;

- თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით ოთხი თვის ხელფასს მიიღებს;

- სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში, იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და ოთხი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს;

- სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება სამი წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

როგორც ჯანდაცვის მინიტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, დასკვნების მიხედვით, დღეისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია.

`5 სხვადასხვა, დამოუკიდებელი დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეისათვის არანაირი სტანდარტის დაკმაყოფილება არ შეუძლია. გვაქვს ბოლო დასკვნა სამხარაულის ეროვნული ბიუროსგან, სადაც ჩვენ ვთხოვდით დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა შესაძლებელი არსებული შენობის რეაბილიტაცია, მასზე დანახარჯების გაწევა და საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა. ამ დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ არსებული კლინიკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, კლინიკაში ჩასატარებელი ყველა საჭირო და აუცილებელი სამუშაო არც მიზანშეწონილი და არც ხარჯთეფექტური არ იქნებოდა.

შედეგად, ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს შენობის გარკვეული ნაწილის დატოვება, ეს წინა შენობაა 2-სართულიანი, ხოლო ძირითადი სამკურნალო კორპუსი რაც არის, იქ ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენება, რომელიც იქნება 500 საწოლზე გათვლილი და ექნება ყველა ის მიმართულება თუ პროფილი, რაც აუცილებელია მრავალპროფილური კლინიკისთვის”, - განაცხადა აზარაშვილმა.

ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ საავადმყოფოს მილიონობით ლარის ზარალი აქვს. კლინიკა 2022 წელს 3,438 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.

რაც შეეხება შემოსავალს, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელს (2023 წლის ანგარიშგება მოგვიანებით გამოქვეყნდება) კლინიკამ 25,494 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წინა წელს კი შემოსავალმა 54,440 მლნ შეადგინა. საერთო ჯამში, შემცირებულია მთლიანი შემოსავლებიც 101,949 მლნ ლარიდან 44,687 მლნ ლარამდე.

ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელს კლინიკის აქტივები იყო 76,145 მლნ ლარი და კაპიტალი - 34,846 მლნ ლარი. “რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ 2022 წელს 41,299 მლნ ლარის ვალდებულებები ჰქონდა.

პარლამენტი მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ განაცხადა, საავადმყოფოში იქნება სახელმწიფო პროგრამებთან შეხამებული სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა ინფრასტრუქტურული ნაწილი უმაღლეს დონით გამოირჩევა.

"ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწორად გათვლილი გადაწყვეტილება. ვინმემ რომ მართლა ჩაიხედოს კვლევათა შედეგებში, რომელიც წარმოადგინა სპეციალურმა ორგანოებმა, მათ შორის სამხარაულმა და 4-5-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ნახავს, რომ სტანდარტები დარღვეულია და დღეს უსაფრთხოება არ არის სათანადო დონეზე.

განზრახვას, რომელი ხელისუფლებას გააჩნია, ძალიან დიდი ხანია ვზომავთ, ვწონით და სხვათა გამოცდილებასაც ვიზიარებთ. ამიტომ აღმასრულებელი ხელისუფლების შტო, ჯანდაცვის სამინიტროს სახის საუკეთესო გადაწყეტილებებს იღებს. ახალ საავადმყოფოში იქნება სახელმწიფო პროგრამებთან შეხამებული სტრატეგიული მიმართულებები, რომელთა ინფრასტრუქტურული ნაწილი იქნება უმაღლეს დონეზე. გარდა ამისა, ყველა გზა მოიძებნა იმისათვის, რათა ადამიანური პრობლემები იყოს გათვალისწინებული, რაზეც დიდი ხანი იმუშავა სამინისტრომ.

ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ძალიან კარგ პროდუქტს. მე ამ საავადმყოფოს გახსნის მომსწრე ვარ და ამ კლინიკის დამსახურების წლები ისტორიას ძალიან კარგად ახოვს, მაგრამ შემდეგ ყურადღების მიღმა დარჩა ყველაფერი.

ახლა შესანიშნავი პროექტია, სადაც საწოლთა რაოდენობა ოპტიმიზებულია, უმაღლესი ტექნოლოგიური მომსახურებაც იქნება, უსაფრთხოებაც და ა.შ”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო კახაძემ და როგორც პარლამენტარმა დასძინა, "მთავარი ისაა, რომ დასაქმებულებთან დამოკიდებულება არ არის ბრძანებითი. ეს არის ინდივიდუალურად ადამიანებზე მორგებული შეთავაზეზები, თანაც სხვადასხვანაირი. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ვინმე არ დარჩეს ყურადღების გარეშე”.

ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას კლინიკის დემონტაჟში ეთანხმებიან, დასაქმებულებისთვის შეთავაზებული პაკეტების კუთხით კი - არა. როგორც ვატო სურგულაძემ განაცხადა, პროექტი სრულიად გაუთვლელია.

"კლინიკის დაშლაში ეჭვი არ მეპარება, რადგან შეუძლებელია, საავადმყოფომ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ იყო დაგეგმარებული, უპასუხოს თანამედროვე სტრანდარტებს. მისი გადაკეთება, პარქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი - თანამშრობლები კლინიკის დაშლას მედიის მეშვეობით რატომ უნდა იგებდნენ?!

თანამშრომლებს, მაგალითად სთავაზობენ, რომ ერთწლიან კომპენსანციას მისცემენ, როცა კლინიკის აშენებას აპირებენ 3-4 წლის განმავლობაში. დანარჩენი დრო ამ ხალხმა რა გააკეთოს? მე რომ მკითხოთ, კლინიკა სრულიად სხვაგან უნდა აშენდეს და სანამ სამშენებლო სამუშაოები არ დასრულდება, იმუშაოს რესპუბლიკურმა საავადმყოფომ.

გარდა ამისა, შეთავაზებებში ნათქვამია, რომ თანამშრომლებს სხვა კლინიკაში დაასაქმებენ. სად დაასაქმებენ მეც ძალიან მაინტერესებს, საქართველოს კლინიკების 90% კერძოა და კერძო საავადმყოფოს სჭირდება, რომ დამატებით ვიღაც მიიღოს და ხელფასი უხადოს? ამიტომ მგონია, რომ პროექტი სრულიად გაუთვლელია.

ამბობენ, რომ 500-საწოლიანი საავადმყოფოს აღჭურვა 80 მილიონი ლარი დაჯდება. ამ თანხად ამხელა საავადმყოფოს ვერ აღჭურვავ, არ ეყოფა. გამოვა ძალიან დაბალი დონის, უხარისხო, ჩინური. ეს ადგილი განწირულია იმისათვის, რომ გადაეცეს დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც კიდევ ერთ სიმახინჯეს ააშენებენ და კომერციული დანიშნულება ექნება. როგორც მოატყუეს ლისის ტბაზე არსებული ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლები, რომ კლინიკას ააშენედნენ და შემდეგ ყველას დააბრუნებდნენ, ისე მოხდება აქაც.

ამიტომაა, რომ საქართველოში სამედიცინო კადრები არ ჩერდებიან. გასული ზაფხულის განმავლობაში, მარნეულის რაიონიდან 75 ექთანი წაიდა უცხოეთში. მათ ურჩევნიათ უცხოეთში მოხუცებს მოუარონ, ვიდრე აქ ექთნად იმუშავონ”, - განუცხადა ვატო სურგულაძემ "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×