რუსეთმა ბენზინის ექსპორტი კიდევ ერთხელ შეზღუდა, თუმცა ამჯერად ფასი ნახტომისებურად აღარ გაიზრდება
გვანცა წულაია
27.02.2024

მოულოდნელად საქართველოში ბენზინის გაძვირების საფრთხე კიდევ ერთხელ გაჩნდა. მიზეზი ისევ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომელის მიხედვითაც 6 თვით ნავთობპროდუქტის ექსპორტი აიკრძალება. ახალი დადგენილება ძალაში სულ რაღაც 2 დღეში შევა, შესაბამისად, ვერავითარი წინასწარი რეაგირება იმპორტის მიმართულებით ვერ მოხერხდება. ახლა მხოლოდ ის არის დასადგენი როდიდან და რამდენი თეთრით არის მოსალოდნელი საქართველოში ბენზინის გაძვირება.

გაზაფხულსა და ზაფხულში საწვავზე მოთხოვნის ზრდის დარეგულირების მიზნით, რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალავს. შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, მონღოლეთსა და უზბეკეთს. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა დროებითი შეზღუდვის მიზეზებიც განმარტა და განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტისათვის“.

საქართველო ასეთ სიტუაციაში პირველად არ არის. რუსეთმა მსგავსი გადაწყვეტილება შარშანაც აამოქმედა და მაშინ, ქვეყანა სხვა ბაზრებზე გადაერთო, რამაც ბენზინის ღირებულებაზე იმოქმედა და ნავთობპროდუქტი დაახლოებით 30-35 თეთრით გააძვირა, თუმცა აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ პარალელურად იმ დროს საწვავი მსოფლიო ბაზარზეც ძვირდებოდა.

დაახლოებით იგივეა მოსალოდნელი ახალი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, თუმცა ახლა განსხვავება ისაა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი სტაბილურია. შესაბამისად, საწვავი ალბათ უფრო ნაკლები დოზით გაძვირდება.

მოსალოდნელ ცვლილებეზე ისაუბრა იმპორტიორი კომპანია "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ და ხაზი გაუსვა, რომ სხვა ქვეყნის ბაზრზე გადართვა ამჯერად უფრო მარტივი იქნება, გამოცდილებიდან გამომდინარე.

"ჩვენ ასეთი ვითარებაში უკვე აღმოვჩნდით. 5 თვის წინ იგივე სიტუაცია იყო და ახლაც იგივე მოხდება. ასე რომ, მე მგონი, გადაწყობას უფრო იოლად მოვახეხებთ. უნდა გადავერთოთ სხვა ქვეყნების ბაზრებზე, როგორიც არის: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი. ამ ქვეყნებიდან უნდა დავიწყოთ მომარაგება, შესყიდვა და საქართველოში შემოვიტანოთ ბენზინი, რომელიც, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ძვირი იქნება.

შარშან, როდესაც იგივე სიტუაცია იყო და შემდეგ როდესაც შეზღუდვა მოიხსნა, რუსეთიდან ბენზინის იმპორტი ისევ გააქტიურდა. როგორც კი შეზღუდვა გაუქმდა, ისევ რუსეთზე დავბრუნდით, რადგან იქ უფრო იაფი საქონელია. ევროპულ და რუსულ ბეზინის ფასებს შორის ცვლილება სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარია. 1 ლიტრში 15-20-თეთრიანი განსხვავებებია ძირითადად.

რთულია იმაზე საუბარი, სხვა ბაზრებზე გადართვა რამდენ თეთრიან სხვაობას მოგვცემს, რადგან ამაზე ბაზრის შეცვლის გარდა სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. მაგალითად, როგორ შეიცვლება ფასი საერთაშორისო ბაზარზე, როგორი იქნება ლარის კურსი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში როგორ იმოქმედებს ჯერ ამაზე საუბარი ძნელია, რადგან წინასწარ არ ვიცით რა იქნება. ასე რომ, ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია.

რუსეთში რაც არის შეკვეთილი და უკვე დატვირთული, ის შემოვა საქართველოში. ამ ორ დღეში, რაიმეს დამატებით შესყიდვა ვერ მოხერხდება. ავტოგასამართ სადგურებზე ფასის ცვლილება დაახლოებით 10 დღეში დაიწყება”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ და დასძინა, რომ მიმდინარე ეტაპზე საბითუმო ბაზარზე ბენზინი დაახლოებით 2.35 ლარი ღირს.

2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა სწორედ რუსეთიდან - 736.1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60.9%-ს შეადგენს.

2024 წლის იანვარში კი საქართველომ 80.3 მლნ აშშ დოლარის 98 944 ნავთობი და ნავთობპროდუქტბი შეიძინა. მთავარი იმპორტიორი აქაც რუსეთია, საიდანაც 37.1 მლნ აშშ დოლარის 51 253 ტონა საწვავი შემოვიდა.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება დიდია, ამიტომ იქ მიღებული გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე ნამდვილად მოახდენს გავლენას.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე არანაირ დეფიციტს არ შექმნის.

"რაიმე ისეთი მოლოდინი არ არსებობს. ქვეყნის შიდა ბაზარზე არანაირი დეფიციტი არ შეიქმნება და არც ფასთა სხვაობა იქნება დიდი. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ დროულად მოხდება სხვა ქვეყანებზე, მომწოდებელ წყაროებზე გადართვა. ჩვენ ეს გამოცდილება შარშან მივიღეთ. მოგეხსენებათ, რომ სექტემბერში გაიცა ანალოგიური დადგენილება და რუსეთიდან ვეღარ შემოგვქონდა ბენზინი, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანასაც.

დღევანდელი სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან რუსეთი შეზღუდავს მხოლოდ და მხოლოდ ბენზინს, დიზელზე არ ვრცელდება ეს განკარგულება. დიზელზე "შიმშილს” მაინც და მაინც არ განვიცდიდით, რადგან მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანიდან, ევრო-5 დიზელი შემოდის. ბენზინი კი, რუსეთის გარდა, საქართველოს მოეწოდება ბელორუსიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან.

თუ საჭირო გახდება, აღმოვაჩენთ სხვა მომწოდებლებსაც, მაგრამ ის უკვე სხვა საკითხია, რომ ტექნიკური გადაზიდვები გართულდება, რადგან ზღვით და გემით შემოტანილი სხვადასხვა პროცედურები ჩერთვება საქმეში - ტერმინალიზაცია, სარკინიგზო გადაზიდვა და სხვა. რუსეთიდან საწვავის მიღება კი ტექნიკურად მისაღებია რადგან ნავთობპროდუქტი შემოდის სახმელეთო გზით და მიაქვს ნებისმიერ კომპანიას თავის ტერმინალში. ასე რომ, სხვა ბაზრებზე გადართვისას ტექნიკური პროცედურები შეიცვლება და სხვა განსაკუთრებით არაფერი”, - განუცხადა "რეზონანსს” ვახტანგ იობაშვილმა და დასძინა, რომ "პატარ-პატარა მარაგი ყველა კომპანიას აქვს და ბაზარზე არანაირი გართულება არ იქნება”.

რუსული და ევროპული საწვავს ფასები ერთამენთისგან განსხვავედება, ამიტომ კომპანიები უპირატესობას იაფ ნავთობპროდუქტს ანიჭებენ. თანაც, რუსეთიდან ტრანსპორტირება ბევრად მარტივია, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ შემოდის საქართველოში ჭარბად რუსული საწვავი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×