მეპურეები პოლიტიკოსებს უპირისპირდებიან და არც საერთაშორისო მონაცემებს ენდობიან
ირმა ჩიტაია
04.04.2024

მთავრობა ირწმუნება, რომ საქართველოში პური ძვირი არ ღირს. საკითხმა პოლიტიკურ დებატებში გადაინაცვლა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროდუქცია მომხმარებელს ძვირად მიეწოდება. სექტორის წარმომადგენელები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. თვლიან, რომ აღნიშნული საკითხი რეალობას არ შეესაბამება და პურის ფასი იმაზე დაბალი ვერ იქნება, რა მაჩვენებელიც ამ ეტაპზე გვაქვს. არსებული მონაცემებით კი ბაზარზე 500 გრ ყველაზე მოხმარებადი თეთრი პურის ფასი 1-ლარიდან 1.10-ლარამდე მერყეობს.

დარგის სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ პური მეტად არ გაძვირდება. მისი საბაზრო ღირებულება კი არსებული მდგომარეობით მინიმალურია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ჩვენთან ხორბლის წარმოება მინიმალურია და ადგილობრივი ბაზარის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ჩვენი რესურსებით ბაზრის მხოლოდ 10-15 პროცენტს თუ მოვამარაგებთ.

საკითხი კი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ პური რეგიონის მასშტაბით საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს.

„გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით მთელ რეგიონში. პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, სომხეთზე და აზერბაიჯანზე ძვირი ღირს“, - განაცხადა ვაშაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს ხელისუფლება. ლევან დავითაშვილი ვაშაძის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და დასძენს, რომ პური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია.

,,ვფიქრობ, ესეც პოპულისტური განცხადებაა. პურის ფასით არ განისაზღვრება კეთილდღეობა, არც წარმატება და არც წარუმატებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის ყველა პროდუქტი, მათ ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ფასებიც იყოს ზომიერი”, - განაცხადა დავითაშვილმა

საინტერესოა პურის ფასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებიც, სადაც საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის პურის სიძვირით მე-3 ადგილზეა. ხოლო, მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის კი 75-ე ადგილზე.

სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, "ნამბეოს" 2024 წლის აპრილის რეიტინგში საქართველოში 500-გრამიანი თეთრი პურის ფასები 0,65-დოლარია. ამით ის მსოფლიოს 94 ქვეყანას შორის 75-ე ადგილზეა.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,44 დოლარი ღირს, რუსეთში (87-ე ადგილი) - 0,51 დოლარია. საქართველოზე ძვირი პური ღირს თურქეთში (73-ე ადგილი) - 0,68 დოლარი, სომხეთში კი (70-ე ადგილი), 500-გრამიანი პურის ფასი 0,72 დოლარია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,რეზონანსი" პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარეს მალხაზ დოლიძეს გაესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ დღესდღეობით საქართველოში პურის ფასი საკმაოდ დაბალია და მის ქვევითაც წარმოუდგენელია რომ იყოს. იგი აქვე დასძენს, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანასთან მიმართებით ფასი საკმაოდ რეალურია.

,,კვლევას თუ დავეყრდნობით, ჩვენთან 500 გრ თეთრი პური 0.65 დოლარია (1.75 ლარი). დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ მონაცემები არ შეესაბამება არსებულ რეალობას. ეს არასწორი ინფორმაციაა. თუ კვლევა მიზნად საშუალო მაჩვენებელის გამოყვანას ემსახურებოდა, მაშინ ცუდი მაჩვენებელი არ არის. ფაქტია, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე სტაბილური ფასი აქვს.

1 კგ ხორბალი 0.50 ლარი ღირს, საცხობიდან გასაცემი პურის ფასი 0.90 ლარია. თუ დაწვრილებით დავითვლით და სწორ კალკულაციას მოვახდენთ ცალსახად დავინახავთ, რომ პურის ფასი დღევანდელ ღირებულებასთან მიმართებით რეალურია. გარდა ფქვილისა საჭიროა ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, მუშახელი, საფუარი, მარილი, დისტრიბუცია და ა.შ. მოკლედ, დღეს საქართველოში პურის ფასი არ შეიძლება იმაზე დაბალი იყოს, რაც გვაქვს. მოგება ძალიან დაბალია. მერწმუნეთ, ფასი იმაზე რეალური, რაც დღესაა, შეუძლებელია რომ იყოს", - განაცხადა დოლიძემ.

წლებია ქართული ბაზარი პურის ფასთან დაკავშირებით სტაბილურობას ინარჩუნებს. არ შეინიშნება რყევა, რაც ცალსახად სწორი მიდგომების შედეგია. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ზუსტი ინფორმაცია სპეციალისტებისაგან მიიღონ და სფეროში არსებულ უფრო სერიოზულ პრობლემებს ადგილზე გაეცნონ.

 ,,კატეგორიულად არ ვიზიარებთ კვლევის შედეგებს. ვისაც გული შესტკივა ფასებზე, ვურჩევდი მივიდნენ სპეციალისტებთან, გაეცნონ საკითხს და შეისწავლონ. სანამ მეზობელი ქვეყნების ფასებს შევადარებთ ადგილობრივ წარმოებას, საკითხსი ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ. სამწუხაროდ, ციფრებით ხდება მანიპულირება.

წლებია პურის ფასთან მიმართებაში ბაზარი სტაბილურია. როდესაც საბაზრო ღირებულებას მეზობელ ქვეყნებს ვადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი ენერგეტიკის წყაროა. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ რუსეთი ხორბლის ქვეყანაა, ესპორტსაც აწარმოებს. აზეიბარჯანმა პურზე დამატებული ღირებულების გადასახადი მოხსნა, რუსეთში - 9%-ია, ჩვენთან - 18-%. მოკლედ, ბევრი ნიუანსებია და ასე ხელაღებით ამაზე საუბარი არასწორია.

საინტერესოა კომპანია "ნამბეოს" ვინ მიაწოდა ეს ციფრები და ვინ არის მათი წარმომადგენელი საქართველოში? კვლევის ასეთ ჭრილში ჩვენება უპასუხისმგებლობა მგონია. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია იმ ციფრების რეალობა, რაც მათ მიერ არის წარმოდგენილი.

დღეს მთავარი პრობლემა პურის საბაზრო ღირებულება კი არა, მუშახელის ნაკლებობაა. ხალხი აღარაა პური რომ გამოაცხოს. ევროპაში გაიხიზნა ჩვენი მცხობელები, რადგან იქ ანაზღაურება გაცილებით მეტია. ესენი კი  ფასზე საუბრობენ", - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ. 

იგივე დამოკიდებულება აქვს აღნიშნულ საკითხთან ,,თემქის სახლის" დირექტორს დალი კუპატაძეს. ის ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველოში პური ძვირი არაა და ოპოზიციის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია.

,,პური ძვირია არაა. ის ყველაზე იაფი პროდუქტია. მისი ღირებულება ფქვილის ფასთან შესაბამისობაში იყო ყოველთვის და ასეა დღესაც. თვითღირებულებაში თანამშრომლის ხელფასებიც შედის. თუ თანამშრომელს ხელფასი არ მიეცი, როგორ გამოგიცხობს. ხელფასი მოვუმატოთ და ფასი დავაკლოთ.

ამ სფეროში მონოპოლია არ  არის. ცხობას თავისი ხარჯები აქვს. ბიზნესსაც ხომ უნდა დარჩეს თავისუფალი სივრცე. ყველა სეზონში ერთნაირი რეალიზაცია არაა. ჩვენთან 500 გრ თეთრი პური  0.90 ლარია. სუპერმარკეტებში მრავალი სახეობის პურია და ღირებულებაც შესაბამისად იცვლება. ფაქტია, რომ ყველა ერთსა და იმავე ფქვილს ვიყენებთ. უბრალოდ, ცხობის ტექნოლოგიებს ცვლიან. ესეც ბაზრის მიდგომაა. მომხმარებელს შეუძლია არჩევანი თავად გააკეთოს.

დანამდვილებით  შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში პური ძვირი არაა. ფასები 0.90 ლარიდან 8 ლარამდეც კი მერყეობს. ბაზარზე არჩევანი დიდია. თანაფარდობა არის მოთხოვნა-მიწოდებას შორის. თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, იქ პური გაცილებით მეტი ღირს. უმჯობესია, ბიზნესმა თავისი საქმე მშვიდად აკეთოს. პოლიტიკოსებმა ზედმეტი და უხეში ჩარევისგან თავი შეიკავონ", - განუცხადა "რეზონანსს" დალი კუპატაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×